პარლამენტი ხვალინდელ სხდომაზე ფრაქცია “საქართველოსთვის“ ინიციატივას განიხილავს, რომელიც მანიფესტაციების დაშლის დროს გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს

პარლამენტში ინიცირებულია და 16 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველად გავა ფრაქცია “საქართველოსთვის“ ინიციატივა, რომელიც დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას და აღნიშნული კომისიის მიერ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მანიფესტაციების დაშლის ლეგიტიმურობისა და გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შესწავლას ითვალისწინებს.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ბიურომ უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში უნდა ასახოს. კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას კი, 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ ფრაქციას ინიციატივის წარდგენის და განხილვის შესაძლებლობა ხვალინდელ სხდომაზე ექნება.

როგორც ფრაქცია “საქართველოსთვის“ განმარტავს, საზოგადოებაში არსებობს მაღალი ლეგიტიმური ეჭვი და შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ 2024 წლის ნოემბერ - დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების შესაწყვეტად სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გამოყენებისას დაირღვა როგორც კანონმდებლობის მოთხოვნები, ისე საერთაშორისო სტანდარტი, რის შედეგადაც შესაძლოა ზიანი მიადგა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ფრაქციის თავმჯდომარის შალვა კერესელიძის განცხადებით, აუცილებელია პასუხი გაეცეს კითხვებს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ხომ არ ჰქონდა ადგილი ისეთი სპეციალური საშუალებების გამოყენებას, რომელიც დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან და იკრძალება კანონმდებლობით, ასევე პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რამდენად პროპორციულად და შესაბამისი ინტენსივობით იქნა გამოყენებული ისინი.

“რამდენად, სამწუხარო არ უნდა იყოს, ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს და იძულებით აღიარებებსაც კი, რომ წყლის ჭავლი ნამდვილად შეიცავდა აკრძალულ ქიმიურ ნივთიერებებს. საზოგადოებაში ასეთი რეაქცია სამართლიანად ამყარებს ეჭვებს სისტემური დანაშაულის შესახებ.

საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ჩვენ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს რა ხდება. საქმე გვაქვს ინდივიდუალურ გადაცდომასთან თუ სისტემურ უკანონობასთან? ვისი ბრძანებით მოხდა სავარაუდოდ აკრძალული ნივთიერების გამოყენება? რა კონკრეტული ჯანმრთელობის რისკების წინაშე დადგნენ ჩვენი მოქალაქეები? გამომდინარე აქედან, რომ სასამართლო და საგამოძიებო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობა დაბალია, ხოლო მართლმსაჯულება ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური გავლენის ქვეშ ექცევა, მით უმეტეს, მაშინ როცა დანაშაულის კვალი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან მიდის, სწორედ ამიტომ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობა განპირობებული იქნება არა მხოლოდ დამნაშავეთა გამოვლენის და ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, რაც წესით ხელისუფლების ინტერესშიც უნდა შედიოდეს, არამედ დაზარალებული მოქალაქეების ჯანმრთელობის რისკების დროულად იდენტიფიცირებისთვისაც.

სწორედ ამიტომ, ფრაქცია „საქართველოსთვის“ შემოვდივართ ინიციატივით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა მხრიდან გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

გთხოვთ და მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენს ინიციატივას“, - განაცხადა კერესელიძემ ბიუროს სხდომაზე.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ