როდესაც ამბობენ, რომ ერთობა არ არის ოპოზიციურ სპექტრში, მე ერთობა ოპოზიციურ სპექტრში არაფერში მჭირდება, მაგათთან ერთად არც სურათების გადაღების სურვილი მაქვს, არც მეგობრობის. მე მჭირდება, რომ მათ ისეთივე რეაგირება მოახდინონ პროტესტის დაკვეთაზე, როგორც ამას ვაკეთებთ ჩვენ, „ფედერალისტები“. დღეის მდგომარეობით ვთანამშრომლობთ 8 პარტიასთან, რომელმაც დავიწყეთ ფაქტობრივად ანბანით. „ნაციონალური მოძრაობა“ მათ შორის არ არის, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ წევრმა თენგო კირთაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მან „ნაციონალურ მოძრაობას“ მიზნისკენ სავალ გზაზე მოსაშორებელი დაბრკოლება უწოდა და აღნიშნა, რომ 13 წლის წინააღმდეგობის განმავლობაში ეს არადემოკრატიული, ავტოკრატიული და ბელადის კულტზე აგებული პარტია ქმნიდა დემოკრატიული პროცესის შენებაში პრობლემას და მას „ქართული ოცნება“ წარმატებით იყენებდა როგორც მტრის ხატს.
„სისტემური დაპირისპირება მოხდა საქართველოში, როდესაც ავტოკრატიულ და ოლიგარქიულ მმართველობას დაუპირისპირდა დემოკრატიული პროცესი და დემოკრატიულმა პროცესმა დაკვეთა გააჩინა. შენ, პოლიტიკურმა კლასმა, იმისთვის, რომ ამ დაკვეთის გარდასახვა მოახერხო, თვითონვე უნდა იყო დემოკრატიული, უნდა ემიჯნებოდე ავტოკრატიას და არ უნდა იყო ოლიგარქიული სტრუქტურების მხარდამჭერი, პარტიის შიგნით არ უნდა გქონდეს აწყობილი ეგეთი ბელადზე ან ოლიგარქზე აწყობილი ინფრასტრუქტურა და კულტი. როგორც კი პოლიტიკური კლასი შეძლებს ამ პროტესტის დაკვეთის დაკმაყოფილებას ანუ შესაბამისი ალტერნატივის ჩამოყალიბებას, მაშინვე მოხდება პროტესტის გაფართოება და მაშინვე შეექმნება რეჟიმს ეგზისტენციალური პრობლემები და ამაზე მიმდინარეობს სწორედ მუშაობა. როდესაც ამბობენ, რომ ერთობა არ არის ოპოზიციურ სპექტრში, მე ერთობა ოპოზიციურ სპექტრში არაფერში მჭირდება, მაგათთან ერთად არც სურათების გადაღების სურვილი მაქვს, არც მეგობრობის. მე მჭირდება, რომ მათ ისეთივე რეაგირება მოახდინონ პროტესტის დაკვეთაზე, როგორც ამას ვაკეთებთ ჩვენ „ფედერალისტები“. მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენ მომავალ დღეზე, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ერთად, რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რა შინაარსზე ვთანხმდებით იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე ამ ქვეყანაში იყო უკეთესი, ვიდრე არის დღეს. ვინც ამ წინაპირობებს დააკმაყოფილებს, ყველასთან ვთანამშრომლობთ. დღეის მდგომარეობით ვთანამშრომლობთ 8 პარტია, რომელმაც დავიწყეთ, ფაქტობრივად, ანბანით. „ნაციონალური მოძრაობა“ არ შედის.
იმისთვის, რომ მიზნამდე მისასვლელ გზაზე სწორი სვლით ვიაროთ, ზოგჯერ საჭიროა ამ გზაზე არსებული ბარიერების მოშორება. „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი არადემოკრატიული, ავტოკრატიული და ბელადის კულტზე აგებული პარტია ყოველთვის ქმნიდა დემოკრატიული პროცესის შენებაში პრობლემას მთელი ამ 13 წლის წინააღმდეგობის განმავლობაში. „ქართული ოცნება“ თავის დღის წესრიგს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ქმნის. ეს სწორია, იმიტომ, რომ მას სჭირდებოდა მტრის ხატი, ისევე როგორც რუსეთს სჭირდება მტრის ხატი, რომ ამბობს ნატო ფართოვდებაო და ამიტომ უნდა დამიპყრობს და თავისი დაპყრობითი პოლიტიკის ამით გამართლება უნდა. ზუსტად ასე იყო „ქართული ოცნების შემთხვევაში“ - საჭირო იყო „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც საზოგადოებაში არ იყო პოპულარული და ყოველი შემდეგი პარტია უნდა ყოფილიყო „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, ამიტომ გახდა გახარია, როცა საჭირო იყო, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და ასე შემდეგ, ყოველი ახალი პარტია იყო „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. თუ ასეთი ძლიერი პარტიაა [„ნაციონალური მოძრაობა“], თუ თავისი დღის წესრიგის შექმნა შეუძლია, თუ მთავარი ეგენი არიან და ყველაფერს თვითონ მარტო აკეთებენ, ჩვენ რაზე გველაპარაკებიან? შევიდნენ რეჟიმთან წინააღმდეგობაში და დაამარცხონ ის, მე ხელს ხომ არ შევუშლი?!“- განაცხადა კირთაძემ.
ამასთან, პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ქუჩაში არსებული პროტესტი გავლენას ახდენს „ქართულ ოცნებაზე“ და ამის გამოძახილია კანონის გამკაცრების ყოველი ტალღა.
„აქციები გავლენას ახდენს „ქართულ ოცნებაზე“ - კანონის გამკაცრებაც არის ყოველთვის რეაქცია იმაზე, რომ წინააღმდეგობის და პროტესტის გადატეხა ყველაფრის მიუხედავად და ყველა მეთოდის გამოყენების მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო. ეს რეაქციაც აღმოჩნდება უშედეგო და პირიქით, გარკვეულწილად მორიგი ავტოგოლი რეჟიმის კარში“, - განაცხადა კირთაძემ.
მან ბრიუსელში საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ აქამდე ღია კარს მაინც ტოვებდნენ, ახლა ნათელია, რომ „ქართლი ოცნების“ პირობებში საქართველოს ევროინტეგრაცია გამორიცხულია.
„კაია კალასს ჰქონდა ძალიან მკაფიო, მოკლე, ლაკონიური პასუხი, რაც არის შინაარსობრივად აბსოლუტურად სწორი - ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროპის კავშირში გაწევრიანების განაცხადი არასდროს შეუტანია, ეს მისი მიზანი არ არის. მათ განსხვავებული სტრატეგიული თუ ეკონომიკური მიზნები აქვთ, თუნდაც იგივე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტში, რომელიც ევროკავშირში სამართლებრივად გაცილებით დაბალია, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩვენ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის ამერიკული სტანდარტი გვქონდა ამ 20 წლის განმავლობაში, რასაც „ქართული ოცნება“ ცვლის. საქართველოს ხელისუფლება თუ ეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკას ევროკავშირის მიმართ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, მაშინ იმავეს თვითონ რატომ აკეთებს? ჩვენთან ეს სტანდარტი ხომ გაუარესდა. აგრძელებენ იმ ხაზს, რომ დასავლეთი, ამ შემთხვევაში ევროპის კავშირი და ზოგადად ევროპა, გამოაჩინონ როგორც არა ჩვენი პარტნიორი, არამედ მტერი და თითქოს მათი პოზიციები არ არის რუსული პროპაგანდისა და რეჟიმის პროპაგანდის გატარება, არამედ, ზოგადად, დასავლური ცივილიზაციის შიგნით არსებული დისკუსიის ერთ-ერთ ფლანგს წარმოადგენენ, რაც, რა თქმა უნდა, აბსურდია. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება. ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს სწირავს ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. შემდეგ ლაპარაკობენ, რომ ჩვენ ყველაზე პატრიოტი ძალა ვართო. ყველაზე საშინელი პოლიტიკური სუბიექტია, რაც საქართველოს ისტორიაში ყოფილა, თუ ვიღაც მოღალატე მეფეს არ ჩავთვლით, რომელიც ღიად ღალატობდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს რაც შეეხება, ნულოვანი მოლოდინი მაქვს, რომ რაღაც პოზიტივისკენ შეიცვლება. აქამდე რაღაც ფანჯარას მაინც ტოვებდნენ, მაგრამ ახლა უკვე ცალსახაა განცხადება, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გამორიცხულია. ამიტომ არის ჩვენის ეროვნული ამოცანა, რომ შევცალოთ ეს არადემოკრატიული და ავტოკრატიული რეჟიმი“, - განაცხადა თენგო კირთაძემ.