ვლადიმერ პუტინი - თუ კიევი უარს იტყვის არსებით საუბარში ჩართვაზე, ჩვენი ისტორიული მიწების გათავისუფლებას სამხედრო გზით მივაღწევთ - ევროპაში ხალხს თავებს რუსეთთან გარდაუვალი შეტაკების შიშით უჭედავენ, ეს ტყუილია, სრული აბსურდია

თუ კიევი უარს იტყვის არსებით მოლაპარაკებაზე, რუსეთი ტერიტორიების გათავისუფლებას სამხედრო გზით მიაღწევს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.

„თუ მოწინააღმდეგე მხარე და მათი უცხოელი მფარველები უარს იტყვიან არსებით საუბარში ჩართვაზე, რუსეთი თავისი ისტორიული მიწების განთავისუფლებას სამხედრო გზით მიაღწევს“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, გასული წელი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ე.წ. „სპეციალური ოპერაციის“ მიზნების მიღწევის კუთხით. რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, ქვეყნის არმიამ 300-ზე მეტი დასახლებული პუნქტი „გაათავისუფლა“.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები აუცილებლად იქნება მიღწეული“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული ბირთვული ძალების გაუმჯობესების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს რუსეთის ფედერაციისთვის პრიორიტეტულია.

„რა თქმა უნდა, სტრატეგიული ბირთვული ძალების გაუმჯობესება ჩვენთვის პრიორიტეტულია. როგორც ადრე, ისინი მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ აგრესორის შეკავებასა და მსოფლიოში ძალთა ბალანსის შენარჩუნებაში“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, მოქმედების შეუზღუდავი რადიუსის მქონე სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ და უეკიპაჟო წყალქვეშა ხომალდი „პოსეიდონი“ რუსეთის სტრატეგიულ პარიტეტსა და უსაფრთხოებას ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფენ.

„მოქმედების შეუზღუდავი რადიუსის მქონე სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ და უეკიპაჟო წყალქვეშა ხომალდი „პოსეიდონი“ წარმატებით გამოსცადეს. ეს სისტემები დიდი ხნის განმავლობაში უნიკალური და განუმეორებელი დარჩება. ისინი ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფენ სტრატეგიულ პარიტეტს, უსაფრთხოებას და რუსეთის გლობალურ პოზიციას“, - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი ევროპასთან ომს არ აპირებს.

„ევროპაში ხალხს თავებს რუსეთთან გარდაუვალი შეტაკების შიშით უჭედავენ, თითქოს დიდი ომისთვის უნდა მოემზადონ. არაერთხელ მითქვამს, ეს ტყუილია, სრული აბსურდია“, - განაცხადა პუტინმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება