BBC-ის გამოყენებით საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმა ჩაიშალა, გუშინ ვნახეთ უბრალოდ არაადეკვატური, რეალობას აცდენილი ტექსტები. გამოდიან და კიდევ საუბრობენ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღზე, რომელიც უკვე სასაცილოდ აქვს ყველას, ოპოზიციასაც, უმრავლესობასაც, იმასაც, ამასაც, თუთიყუშიც კი იცინის უკვე ამ ცრუ ნარატივზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას გაჟღერებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, გუშინ ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები წინასწარ დადგმული სცენარით იყო შემუშავებული, თუმცა რეალობას იყო აცდენილი, რადგან გათვლილი იყო იმ სიტუაციაზე, სადაც საქართველოს ხელისუფლებას გამოძიება ჯერ ჩატარებული არ ჰქონდა.
„BBC-ის ცრუ რეპორტაჟი იყო ნაწილი იმ ჰიბრიდული თავდასხმისა, რომელსაც შემდეგ უნდა მოჰყოლოდა ამგვარი რეაქციები, თუმცა ერთი რამ ვერ გათვალეს, მათ იფიქრეს, რომ BBC-ის რეპორტაჟზე იქნებოდა უბრალოდ სიტყვიერი საუბარი და სინამდვილეში გამოძიება არ ჩატარდებოდა. ეს ტექსტები, რაც გუშინ მოვისმინეთ, არის გამზადებული ტექსტები იმ დროისთვის, როცა არ არის ჩატარებული გამოძიება, არაფერი არ ხდება საქართველოში და ახლა მოუწოდებენ გამოძიებას, ეჭვები არსებობს „კამიტზეო“, თუმცა ეს წინასწარ დაწერილი ტექსტები კვლავ ასცდა რეალობას. არაადეკვატური იყო, ვინაიდან ჩატარდა გამოძიება, ყველაფერი გამჭვირვალედ გაკეთდა, ყველა კითხვას პასუხი გაეცა. მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა თქვა, - თუკი რომელიმე რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას, აქვს რაიმე კითხვა, აგერ არის ხელისუფლება, აგერ არიან სამართალდამცველი ორგანოები, მზად ვართ ნებისმიერ ინფორმაციაში ჩავახედოთ, ვაჩვენოთ და განვუმარტოთ. ამიტომ აცდენილი იყო გუშინდელი განცხადებები და ჩანს, რომ ეს იყო წინასწარ დადგმული სცენარი, რომლის ერთ-ერთი საცეცი იყო BBC, რომელმაც აბსოლუტურად დაინგრია საკუთარი რეპუტაცია და იქცა ჩვეულებრივ პროპაგანდის იარაღად სხვა ქვეყნებზე ჰიბრიდული თავდასხმისა. ვნახეთ ჩვენ აშშ-ზე ჰიბრიდული თავდასხმა BBC-ის გამოყენებით, პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმის გზით და ვნახეთ საქართველოზე თავდასხმა BBC-ის გამოყენებით. ეს თავდასხმა ჩაიშალა, გუშინ ვნახეთ უბრალოდ არაადეკვატური, რეალობას აცდენილი ტექსტები. გამოდიან და კიდევ საუბრობენ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღზე, რომელიც უკვე სასაცილოდ აქვს ყველას, ოპოზიციასაც, უმრავლესობასაც, იმასაც, ამასაც, თუთიყუშიც კი იცინის უკვე ამ ცრუ ნარატივზე.
ერთადერთი მთავარი დადებითი მხარე, რაც საქართველოს მიმართ BBC-ის ამ საძაგელ ტყუილს აქვს, არის ის, რომ შეგვიძლია პირდაპირ ვიხილოთ, თუ ვინ არიან საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის აქტორები და შევხედოთ, ვინ არიან ორგანიზატორები, ვინ არიან ამ ჰიბრიდულ თავდასხმასა და ოპერაციაში შეგნებულად მონაწილე პირები და ვინ არიან სასარგებლო იდიოტები. ამიტომ ეს კარგი პროცესია, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით. თუკი რომელიმე რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას აქვს რაიმე კითხვა, მოგვმართეთ, გაჩვენებთ ფურცელ-ფურცელ, შედეგ-შედეგ. ქართულად ვეუბნებით, ინგლისურიც არ გვიჭირს, ელფურ ენაზე ვერ ვეტყვით!" - განაცხადა პაპუაშვილმა.