შალვა პაპუაშვილი - ჩვენთვის საზომი არ არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მტრულ პოლიტიკას აწარმოებს, ჩვენთვის საზომია უკრაინელი ხალხი, რომელსაც გვინდა მძიმე პერიოდში გვერდში დავუდგეთ

ჩვენთვის საზომი არ არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ღია, მტრულ პოლიტიკას აწარმოებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მხრიდან უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიის სადამფუძნებლო კონვენციაზე ხელმოწერა შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი საზომი არის უკრაინელი ხალხი, რომელსაც მძიმე პერიოდში გვერდში უდგას.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს, ჩვენ ერთგული ვრჩებით უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართ. ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს, ამას ომის დაწყების პირველი დღიდან ვაკეთებთ. ერთადერთი, რაც შეიძლება გასაკვირი ყოფილიყო, იქნებოდა ის, რომ იმ უმადურობის ფონზე, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება და კონკრეტულად, უკრაინის პრეზიდენტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ირჩევს, შეიძლება ვიღაცას გაჰკვირვებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს ასეთ გადაწყვეტილებებს და ინსტრუმენტებს, თუმცა ჩვენთვის საზომი არ არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ღია, მტრულ პოლიტიკას აწარმოებს, ჩვენთვის საზომი არის უკრაინელი ხალხი, რომელსაც გვინდა იმ მძიმე პერიოდში, რომელსაც ისინი გადიან, გვერდში დავუდგეთ. ჩვენ არ ვმოქმედებთ არავინ გაღიზიანების ან არგაღიზიანების შიშით ან არგაღიზიანების სურვილით. ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით და ინტერესების საფუძველზე. ის, რაც ჯდება ჩვენს ინტერესებში, რაც ხელს არ უშლის ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს, იმ ნაბიჯებით მივდივართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი განმარტებით, სინამდვილეში, საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ ხალხს მხარს უწერს, რაც ზოგიერთისთვის აუხსნელია.

„მათთვის, ვინც არიან საქართველოში უცხოს მადიდებლები და უცხო დროშაზე მლოცველები, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები აუხსნელია. ისინი ფიქრობენ, რომ უკრაინის დროშა უნდა აფრიალონ და ეს არის მათი ქცევის მაგალითი. ამიტომ, უკვირთ. სინამდვილეში, ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს და იმ უმადურობისა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი პირადაც იჩენს ქართველი ხალხის მიმართ სხვადასხვა გადაწყვეტილებებში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში