„ქართულ ოცნებას“ ზედმეტი ხმაურის და თავის ტკივილის ეშინია - ზურაბ ჯაფარიძე ციხიდან 12:00 საათზე რომ გამოეშვათ, იქ იქნებოდნენ ჟურნალისტები, ახლობლები, მეგობრები, იქნებოდა ხმაური, საზეიმო განწყობა და კომენტარები - ეს აიცილეს თავიდან, - ასე ხსნის პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საპატიმრო დაწესებულებიდან რამდენიმე საათით ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილებას, ვიდრე ამას ოჯახი ელოდა.
როგორც ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ჯაფარიძეს შეუძლია სასამართლოში იჩივლოს, თუ რატომ გაუშვეს ადრე. ზაქარეიშვილის თქმით, “პატიმრის ადრე გათავისუფლება ასე იოლად არ ხდება“.
„ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებას პარლამენტის კომისიასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ის 2008 წლის პროცესებში არ მონაწილეობდა და შეუძლებელია განსაკუთრებული, ექსკლუზიური ინფორმაცია ჰქონოდა. აშკარად ჩანდა, რომ კომისიის მიერ მისი დაბარება მიმართული იყო იქეთკენ, რომ იქნება და, უარი გვითხრას და შემდეგ მის მიმართ ეგზეკუცია განვახორციელოთ. ზუსტად ასე მოხდა - კარგად იცოდნენ, რომ ზურაბ ჯაფარიძე კომისიის სხდომაზე არ მივიდოდა.
კომისიის სხდომაზე დაძახებული არ იყო ნინო ბურჯანაძე, რომელმაც ყველაფერი იცის. ბურჯანაძე საკუთარი ინიციატივით საჯაროდ ამბობდა, თუ როგორ გეგმავდა სააკაშვილი რაღაცებს. კომისიამ არ დაუძახა ირაკლი ალასანიას - არ დაუძახა ადამიანებს, ვინც მეტი იცის, თუ როგორ მიმდინარეობდა 2008 წლის პერიპეტიები. ზურაბ ჯაფარიძეს 2008 წელთან არაფერი ჰქონდა საერთო, მაშინ არც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და დაიბარეს - სრული აბსურდი!
რაც შეეხება მის გათავისუფლებას, „ქართული ოცნება“ კრიზისში და აგონიაში არ არის. მან კრიზისი გადალახა, მაგრამ ზედმეტი ხმაური არ უნდა. „ქართულ ოცნებას“ ზედმეტი ხმაურისა და თავის ტკივილის ეშინია. ჯაფარიძე ციხიდან 12:00 საათზე რომ გამოეშვათ და იქ ჟურნალისტები, ახლობლები და მეგობრები ყოფილიყვნენ, იქნებოდა ხმაური, საზეიმო განწყობა, კომენტარები - მათ ეს აიცილეს თავიდან.
ჯაფარიძეს შეუძლია სასამართლოში უჩივლოს, თუ რატომ გაუშვეს ადრე. ადამიანმა უნდა მოიხადოს ვადა, რაც მიესაჯა ან უნდა არსებობდეს შესაბამისი გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლება ხდება. პატიმრის ადრე გათავისუფლება ასე იოლად არ ხდება“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე შეფასებით, ზურაბ ჯაფარიძის მოკლეხნიანი პატიმრობა მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, შეიძლება ეფექტური გამოსაყენებელი იყოს.
ამასთან, ზაქარეიშვილის აზრით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ არსებობს საზოგადოების დიდი ნაწილი, ვისაც არ უნდა არც „ნაცი“ და არც „ქოცი“.
„გულახდილად გითხრათ, მე უფრო იმ ახალგაზრდებზე ვდარდობ, ვინც უფრო დიდი ხანია, რაც პატიმრობაში არიან და დღემდე გათავისუფლებული არ არიან. ისინი პოლიტიკოსები არ არიან და ჩემთვის მათი ბედი უფრო მნიშვნელოვანია. ხელისუფლებას მოვუწოდებ, პირველ რიგში, სწორედ ახალგაზრდები გაათავისუფლონ, რომელიც უკანონოდ არიან დაპატიმრებული.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“ წამოსულებმა უნდა შეიგნოს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ისინი მიუღებელი არიან. ქვეყანაში არის სამი პოლიტიკური ცენტრი. ეს არის „ქართული ოცნება“, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და რაღაც მესამე ძალა.
არ გინდა ეს მესამე ძალა „ლელო“ ან გიორგი გახარია იყოს? ყიფიანი გამოჩნდა - გამოჩნდება ვიღაც, ვისაც არ უნდა არც „ქოცი“ და არც „ნაცი“. ამიტომ მიეცით ამ ხალხს უფლება იმისა, რომ საკუთარი ხედვა ჰქონდეთ“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება სხვა თემებს, ზაქარეიშვილმა გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრა, მათ შორის ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და როგორც განმარტა, აღნიშნული „ძალიან მაღალი კლასის პირობებია“.
„ევროკავშირის ყველა სახელმწიფო რომ დათანხმებულიყო გაყინული აქტივების გალღობაზე და უკრაინისთვის გადაცემაზე, ეს იქნებოდა ეფექტური იმიტომ, რომ ეს ფული არ იქნებოდა სასესხებელი. აგრესორის ფული მიდის დაზარალებული სახელმწიფოს ბიუჯეტში, უფრო იოლი იქნებოდა. ბევრი რისკი იყო, არა ევროკავშირისთვის, მაგრამ ევროკავშირის კომპანიებისთვის იმიტომ, რომ მათი რაღაც აქტივები რუსეთშიც იმყოფება. ეს აქტივები რუსეთმა სარკისებურად გაყინა. ევროკავშირი მიადგა რუსეთის სახელმწიფო აქტივებს, ეს არ არის ოლიგარქიების აქტივები, რაც დიდი ხანია პრობლემა არაა. პირველად, ამ ომის განმავლობაში, სახელმწიფო სუვერენულ აქტივებს მიადგა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ევროკავშირი სახელმწიფო არაა, მას სახელმწიფო სუვერენული აქტივები არ აქვს, ამიტომ რუსეთი ვერ გაყინავს ევროკავშირის არარსებულ სუვერენულ აქტივებს. ამიტომ, გაუყინავს კომპანიებს.
ძალიან მაღალი კლასის პირობებია. ვიდრე რუსეთი არ მოახდენს კომპენსაციას და არ დაუბრუნებს თანხებს უკრაინას და არ აღადგენს მის ეკონომიკას, მანამდე უკრაინა თავისუფალია გადაიხადოს ეს უპროცენტო სესხი. ფანტასტიკური პირობებია უკრაინისათვის, თითქოს ომი არ ყოფილა, იმდენად მნიშვნელოვანია. 220 მილიარდს რომ დავუბრუნდეთ, მას ერთბაშად მაინც არ მისცემდნენ. განაწილდებოდა დროში. ასე რომ, ეს 90 მილიარდი არანაკლებ მნიშვნელოვანია უკრაინისათვის. უნდა ისესხოს ევროკავშირმა თავის შიდა რესურსებიდან ეს ფული და შემდგომ გადასცეს. შრომა მეტია საჭირო, უნდა იპოვო, ვინ გასესხებს ფულს. ძალიან კარგი პირობებია იმ კრიზისიდან გამომდინარე, რომელიც შექმნა ზოგიერთმა სახელმწიფომ ევროკავშირში, რათა რუსეთის სუვერენული აქტივები არ ყოფილიყო გალღობილი და გადაცემული უკრაინისათვის“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
უკრაინის დაფინანსების საკითხის კონტექსტში, ზაქარეიშვილი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შემდეგ განცხადებასაც: „საკუთარი ფულის დახარჯვაც არ უნდა ბრიუსელს იმისთვის, რომ აღადგინოს უკრაინა, ახლა ფიქრობენ, რუსეთს რა წაართვან, ფიზიკურ პირებს რა წაართვან“. ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ „პაპუაშვილმა, სჯობს, საერთოდ არ ამოიღოს ხმა, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი, სჯობს, განსაკუთრებულად არ ამოიღოს ხმა“.
„ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც ადამიანი გახდა რუსეთის ადვოკატი. აგრესორ რუსეთს იცავს იმის ნაცვლად, რომ რუსეთის აგრესიაზე ილაპარაკოს. გუშინ სანდუ და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ და ძალიან მკაფიოდ თქვა სანდუმ, რომ ჩვენ ვებრძვით რუსულ აგრესიას, ერთად უნდა დავასრულოთ ის. კობახიძემ პუტინის სივრცეში ვერ წარმოთქვა სიტყვები, რომ რუსეთი არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი სახელმწიფო.
ამ ფონზე, პაპუაშვილი კიდევ უფრო შორს წავიდა. მან დაიწყო რუსეთის დაცვა. მას ადარდებს, რომ ევროკავშირის თავის ფული არ აქვსო და რუსეთი აგრესორი რომაა, ავიწყდება. ვერ ხედავს, რატომ წამოიღო ევროკავშირმა რუსული ფული და თვლის, რომ ევროკავშირი არის აგრესორი, ფულს ართმევს რუსეთს, იმის ნაცვლად, რომ თვითონ იპოვონ. რატომ, როცა აგრესორს სჯის? ეს არის უსამარცხვინოესი განცხადება. პრორუსული პოლიტიკა კი არ არის, არამედ რუსული პოლიტიკაა. არაფერში არ სჭირდებოდა მას. მისი ხომ არავის ესმის, გარდა ქართველი ამომრჩევლისა და საქართველოს მოქალაქეებისა. მკაფიოდ უნდათ შეატყობინონ თავის ამომრჩეველს, რომ პრორუსი ძალა ვართ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.