სუს-ი ოდითგანვე იყო კორუფციის მფარველი ორგანიზაცია ამ ქვეყანაში - მას შემდეგ, რაც მდინარაძემ კორუფციული ბიზნესების გადმობარება დაიწყო, ბუნებრივია, მათ შორის დაპირისპირება მოხდებოდა - არც ლილუაშვილს მოუნდებოდა ამხელა კორუფციული ფულის დათმობა და არც ახალ ხელმძღვანელობას, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, შეუძლებელია, რომ ქვეყანაში კორუფცია სუს-ის მწვანე შუქის გარეშე არსებობდეს.
როგორც ლემონჯავა აღნიშნავს, გრიგოლ ლილუაშვილმა „ქართულ ოცნებასთან“ „დალაგება“ იმიტომ ვერ შეძლო, რომ პარტიაში, ამ ეტაპზე ძალაუფლება აქვს ისეთ „კლანს“ ხელში ჩაგდებული, რომლისთვისაც პრინციპულად მიუღებელია გრიგოლ ლილუაშვილი, ან სხვა ის ადამიანები, ვის მიმართაც ე.წ. კორუფციული ბრალდებებით სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.
„თავად სუს-იც არის უკიდურესად კორუმპირებული ორგანიზაცია. კორუფციის ბუდეა თავად სუს-ი. მას შემდეგ, რაც მდინარაძე მოვიდა, დაიწყო ამ სქემების გადმოლაგება სუს-ის ახალი ხელმძღვანელობისთვის. მას შემდეგ, რაც მდინარაძემ კორუფციული ბიზნესების გადმობარება დაიწყო, ბუნებრივია, მათ შორის დაპირისპირება მოხდებოდა. არც ლილუაშვილს მოუნდებოდა ამხელა კორუფციული ფულის დათმობა და არც ახალ ხელმძღვანელობას. ჩემი აზრით, ეს არის მარტივი კოლიზია, რას ვერ იყოფენ ეს ადამიანები. რაზეც ვერ თანხმდებიან არის ორი რამე - გავლენები და კორუფციული ფული,“ - განაცხადა ლემონჯავამ.
პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ სინამდვილეში, „ქართულ ოცნებაში“ სერიოზული დაპირისპირებებია და არავის სჯერა, რომ საქმე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან გვაქვს.
ლემონჯავას თქმით, ნაცვლად იმისა, რომ სუს-ი კორუფციას და რუსულ გავლენებს ებრძოდეს, თავად არის რუსული გავლენების და კორუფციის მთავარი წყარო ამ ქვეყანაში.
„ქართულ ოცნებაში“ არის კრიზისი. ეს კრიზისი არის განპირობებული იმით, რომ მათ ძალიან ბევრი დანაშაული ჩაიდინეს, რისი პასუხისმგებლობის დროც მალე დგება. ისინი გრძნობენ, რომ პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც მათი პასუხისმგებლობის დრო ძალიან ახლოვდება. ეს იწვევს, რა თქმა უნდა, კრიზისს. ჩემი აზრით, ბოლო პერიოდში, ამ კრიზისის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი იყო შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის უმძიმესი საერთაშორისო დანაშაული, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს კრიზისი იწვევს ბუნებრივად, დაპირისპირებას. სინამდვილეში, ესენი, ყველანი არიან „ბიუჯეტის ვირთხები“ ივანიშვილით დაწყებული ყველაზე უფრო დაბალი რგოლის პარტჩინოვნიკით დამთავრებული, ოღონდ ზოგი იპარავს უფრო მეტს, ზოგი უფრო ნაკლებს. არავის სჯერა, რომ კორუფციასთან ბრძოლას აქვს ადგილი. ფაქტია, რომ რეჟიმის შიგნით არის სერიოზული დაპირისპირებები, რაც კარგია. ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმი ასე იშლება - შიგნიდან,“ - განაცხადა ლემონჯავამ.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ლილუაშვილს თავად შეიძლება ჰქონდეს კომპრომატები „ქართული ოცნების“ ცალკეული ლიდერის, მათ შორის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, როგორც მან აღნიშნა, ეეჭვება ეს ასე იყოს.
„ლილუაშვილი ჩვეულებრივი მონაა. მე ჩემი ძაღლი არ მიჯერებს ისე, როგორც ბიძინას უჯერებდა ლილუაშვილი ან ღარიბაშვილი. ამიტომ ძალიან მეეჭვება, რომ ეგეთ რამეებს ჰქონდეს ადგილი. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არაა საინტერესო ეგ პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ რეჟიმის შიგნით მიმდინარეობს ძალიან სერიოზული რყევები,“ - აღნიშნა ლემონჯავამ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, ლემონჯავა გადაცემაში, სასურსათო ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძე ბიზნესს ემუქრება.
მისივე თქმით, საქართველოში სურსათზე ფასები მაღალია და ამის მიზეზი საგადასახადო პოლიტიკაა.
„ადამიანი ამბობს რომ, რადგან ფასები არ მოსწონს, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა გამოძიება უნდა დაიწყონ. ეს არის მუქარა. ის ემუქრება სუპერმარკეტების ქსელებს, სადისტრიბუციო კომპანიებს. თავად ჩამოთვალა სუბიექტები, ვისაც ემუქრება. ზოგადად, ბიზნესს ემუქრება. საქართველოში ფასები, რა თქმა უნდა, არის მაღალი, მაგრამ ამის მიზეზი არის სულელური საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს და ეკონომიკური რეგრესი. არსებობს ბევრი გიჟური გადასახადი ამ ქვეყანაში, რომელიც პროდუქტს აძვირებს. სინამდვილეში პრობლემა ამაშია. ეს საგადასახადო პოლიტიკა არა ადამიანზეა ორიენტირებული, არამედ რაც შეიძლება მეტი ფულის „მოქაჩვაზე“ ბიუჯეტში, რომ მეტი მოიპარონ,“ - განაცხადა ლემონჯავამ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია. ირაკლი კობახიძის თქმით, სხვაობას სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერი სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი შეისწავლონ და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები.კობახიძე ასევე, პარლამენტს სთხოვს, საკითხის შესაფასებლად, საპარლამენტო კომისია შექმნას.
რაც შეეხება სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეს - მას რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება. ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.