არჩილ გორდულაძე - მძიმეა, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირი მხილებულია მძიმე დანაშაულში - ყველას, ვინც მაღალ თანამდებობას იკავებს, უნდა ჰქონდეს გათვითცნობიერებული, რომ დანაშაულის შემთხვევაში, შესაბამისი ღონისძიებები, მთელი სიმკაცრით გატარდება

მძიმეა, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირი მხილებული და ბრალდებულია მძიმე დანაშაულში - ყველა, ვინც ახლა მაღალ თანამდებობას იკავებს, უნდა იყოს ფრთხილად, გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ნებისმიერი დანაშაულის შემთხვევაში, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები, მთელი სიმკაცრით გატარდება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ლილუაშვილის დაკავება „ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის თანამდებობებს მნიშვნელობა არ აქვს.”

„ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, სასამართლოს წინაშე წარდგება, შეეძლება პოზიციები დაიცვას და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები ისე გატარდება, როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდა, მისი ერთ-ერთი პირველი განცხადება რასაც ეხებოდა იყო კორუფციული საკითხები და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც მან პარლამენტში ხაზი გაუსვა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ერთია სამართალდამცავი ორგანოების მიერ გატარებული შესაბამისი ღონისძიებები იმ პირების მიმართ, რომელიც ჩადიან ან ჩადენილი აქვთ კორუფციული დანაშაულები. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ასეთი დანაშაულების პრევენცია, რაზეც არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული პირადად ირაკლი კობახიძის მიერ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა გუნდის პოლიტიკური შეცდომა ის, რომ გრიგოლ ლილუაშვილს იცავდა, როდესაც რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მის სავარაუდო ბრალეულობებზე საუბრობდნენ, გორდულაძემ უპასუხა, რომ მათ აქვთ გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო კორუფციის სიმცირით სამეულში უნდა იყოს და კორუფცია ყველა ქვეყნისთვის გამოწვევაა.

„კორუფცია ყველა ქვეყნისთვის გამოწვევაა, აქ მთავარია ის ბრძოლის მეთოდები, რომელიც ერთი მხრივ კორუფციული დანაშაულის პრევენციას უწყობს ხელს და მეორე მხრივ, გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება ხდება. ყველა, ვინც ახლა მაღალ თანამდებობას იკავებს, უნდა იყოს ფრთხილად, გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ნებისმიერი დანაშაულის შემთხვევაში, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები, მთელი სიმკაცრით გატარდება”, - აღნიშნა გორდულაძემ.

გორდულაძის აზრით, გრიგოლ ლილუაშვილის მიერ წაყენებულ ბრალში ყველაზე მძიმე „ქოლ-ცენტრებთან” დაკავშირებული საკითხია.

„პროკურატურის განცხადებით, დიდ ჯგუფს, რომელიც ქოლ-ცენტრებს მართავდა, ხელს აფარებდა და აქედან მიღებული თანხებით ოპოზიციურ ტელევიზიებს, გაერთიანებებს და პიროვნებებს აფინანსებდნენ. მეორე მხრივ, ხდებოდა გარიგება, რომ ზუსტად ეს ტელევიზიები გრიგოლ ლილუაშვილზე ან არაფერს საუბრობდნენ ან ისეთს საუბრობდნენ, რისი დამტკიცებაც შეუძლებელი იყო. ეს დამატებითი საკითხია, რომელსაც პროკურორის თქმით, დამატებით გამოძიებას და საკითხის ჩაღრმავებას საჭიროებს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი გუშინ დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე