სალომე ზურაბიშვილი - უცებ აღმოაჩინეს, რომ „არნახული ეკონომიკური აღმავლობის ჟამს“, თურმე ასევე არნახული ფასების ზრდა გაეპარათ და კობახიძე მოგვევლინა მუქარით დიდი და პატარა ბიზნესის მიმართ! - მოკლედ, აირია მონასტერი

უცებ აღმოაჩინეს, რომ ბოლო წლების ამ „არნახული ეკონომიკური აღმავლობის ჟამს“, თურმე გაეპარათ ასევე არნახული ფასების ზრდა - მოგვევლინა კობახიძე ახალი ცრუ დაპირებით (ფასების კონტროლი) და ნამდვილი მუქარით, ახლა უკვე დიდი და პატარა ბიზნესის მიმართ! - მოკლედ, აირია მონასტერი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმაურება.

როგორც ის აცხადებს, ირაკლი კობახიძის მხრიდან „გაბრაზებული „ქოცების“ და გაოგნებულ რიგითი მოქალაქეების ყურადღების გადატანას“ აქვს ადგილი.

„რეჟიმი ვერ აჯერებს ხალხს და ვერც საკუთარ მომხრეებს, რომ ლილუაშვილი მათი კი არა, თურმე ოპოზიციის იყო და ამ უკანასკნელის დამფინანსებელიც კი! ამიტომ გახდა საჭირო გაბრაზებული „ქოცების“ და გაოგნებულ რიგითი მოქალაქეების ყურადღების გადატანა და რა უფრო საყურადღებოა, ამ საახალწლო პერიოდში თუ არა პროდუქტების უსაშველოდ გაზრდილი ფასები! ამიტომ მოგვევლინა კობახიძე ახალი ცრუ დაპირებით (ფასების კონტროლი) და ნამდვილი მუქარით, ახლა უკვე დიდი და პატარა ბიზნესის მიმართ! უცებ აღმოაჩინეს, რომ ბოლო წლების ამ „არნახული ეკონომიკური აღმავლობის ჟამს“, თურმე გაეპარათ ასევე არნახული ფასების ზრდა! ამავე დროს, აღმოაჩინეს, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკური უკუსვლის ბრალი კი არაა, არც იმისი, რომ 13 წელი ქვეყანას საკუთარ ეროვნულ ინტერესებსა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული არც ხედვა და არც პოლიტიკა არ ჰქონია, არც იმისი, რომ ყველა მიმართულებით იმპორტისა თუ ექსპორტის მონოპოლისტური კომპანიები, როგორც სუპერმარკეტების ქსელები, ყველა „ქართული ოცნებისა” თუ მასთან გარიგებული პირების ხელში იყო და არის! პასუხისმგებლობა არაფერზე ეკისრებათ ამათ! არც საკუთარი გუნდის უკიდეგანო კორუფციაზე, არც უუნარობაზე, არც მათთან შეკრული უცხო ინტერესების გამტარებელი და კორუმპირებული უცხო ინვესტორების ხელშეწყობაზე, „ატკატების“ სანაცვლოდ. არა, ეს ყველაფერი თურმე თქვენი და ჩემი ბრალი ყოფილა და იმათი, ვინც ფული “უკან თუ არ მოიტანეს” დროზე, კობახიძე სუს-ს მიუქცევს და ახალი დაჭერების სერია დაიწყება! ამ დროს არ დაგვავიწყდეთ: “ქვეყნის ეკონომიკა დუღს და გადადუღს”. არ მეგულება ქვეყანა (რუსეთის გარდა), სადაც ფასების კონტროლის საკითხი და მარკეტების კონტროლი პირდაპირ სუს-ს ებარებოდეს. არც ის გამიგია, პრემიერი რომ წყვეტდეს პარლამენტის დღის წესრიგს და აცხადებდეს პარლამენტის თავმჯდომარის მაგივრად საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. (ვინ იქნებიან ის პარლამენტარები, ვინც ეკონომიკაზე იმსჯელებენ და არა მხოლოდ საკუთარ შემოსავლებზე, ეს კიდევ გასარკვევია)! მოკლედ აირია მონასტერი. როგორც ბუზი ჭიქაში ხან საით მიეხეთქება და ხან საით, ამათმაც ვეღარ გაარკვიეს, რას გვემუქრებიან, ხან ვის იჭერენ და რა ბრალდებებით, უკვე აღარ იციან. ამ დროს უკმაყოფილება იზრდება ყოველდღიურად“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი დღეს ასევე გამოეხმაურა სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას.

"წილოსანებო, კალაძეებო, გორდულაძეებო, ზარქუებო, მაჭარაშვილებო და ასე შემდეგ, ბევრს ნუ ლანძღავთ ლილუაშვილს. აქლემი ხვალ სად მოვა და დაიჩოქებს ხომ არავინ ვიცით?!“- წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ „აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ“. ამასთან, ის ინიციატივით გამოდის, რომ საკითხის შესაფასებლად საპარლამენტო კომისია შეიქმნას.

რაც შეეხება სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეს - შეგახსენებთ, 23 დეკემბერს, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე