კახა კალაძე - მე რომ მერიაში მივედი, კახა გვანცელაძე იქ მუშაობდა, რას ნიშნავს ჩემი კადრი?! მე არ მყავს კადრები - არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ჩემი დანიშნული იყოს, მოუწევს კანონის წინაშე პასუხი აგოს, თუ დანაშაული აქვს ჩადენილი

ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ რაიმე კანონდარღვევა იყო ტენდერის ჩატარების პროცესში, იმის უკან რა იმალება არ მაქვს ინფორმაცია, დაველოდოთ გამოძიებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

კალაძე ამბობს, რომ როდესაც ის დედაქალის მერი გახდა, კახა გვანცელაძე ერთ-ერთ მუნიციპალურ სამსახურში უკვე მუშაობდა.

როგორც კალაძე აღნიშნავს, თუნდაც გვანცელაძე მისი დანიშნული იყოს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის პოსტზე, არ აქვს მნიშვნელობა, მას კანონის წინაშე პასუხის გაცემა მოუწევს, თუკი დანაშაული აქვს ჩადენილი.

„არ ვყოფილვარ [საქმის კურსში]. რომ ვყოფილიყავი ამას ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა. ძალიან ბევრი თანამშრომელი არის ჩემ მიერ დანიშნული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ... მერიას აქვს შესაბამისი სამსახურები, 30 000-მდე თანამშრომელია. არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ჩემი დანიშნული იყოს, მას მოუწევს კანონის წინაშე პასუხი, თუ დანაშაული აქვს ჩადენილი.

მე რომ მერიაში მივედი კახა გვანცელაძე დამხვდა, იქ მუშაობდა. რას ნიშნავს ჩემი კადრი?! მე არ მყავს კადრები. როდესაც ადამიანებს ვნიშნავ სხვადასხვა თანამდებობებზე, გამოვდივარ მათი საქმიანობის შეფასებით, პროფესიონალიზმით და ა.შ. მე როდესაც გავხდი 2017 წელს დედაქალის მერიმ კახა გვანცელაძე მუშაობდა მუნიციპალიტეტის რომელიღაც სამსახურში.

ვინც დანაშაული ჩაიდინა, ის აგებს პასუხს კანონის წინაშე. მე არ ვარ მაკონტროლებელი. მაკონტროლებელი არიან შესაბამისი უწყებები. ძალიან სასაცილოები ხართ. 30 000-მდე თანამშრომელია მუნიციპალიტეტში, შესაბამისად, თუ ვინმე ჩადის დანაშაულს, კეთილი უნდა ინებოს და პასუხი აგოს.

მოდი უდანაშაულობის პრეზუმფციას ნუ დავარღვევთ. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ. წინასწარ ნუ გავაკეთებთ განცხადებას. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვინ არის, ყველა ადამიანის შემთხვევაში უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, მან სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ადამიანურად, გულდასაწყვეტია, როდესაც შენს ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ“.

„იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, რაც მოვისმინეთ. უბრალოდ, რა თქმა უნდა, ადამიანურად, გულდასაწყვეტია, როდესაც შენს ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ. ამ ადამიანთან ერთად წლების განმავლობაში ვიბრძოდით, გუნდის წევრი იყო და ძალიან მძიმეა ფაქტია. დაველოდოთ, როგორ წარიმართება გამოძიება. საზოგადოებაში ბევრი კითხვა დაგროვდა და დარწმუნებული ვარ, ყველას და ყველაფერს გაეცემა შესაბამისი პასუხი,“ - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. 4 ეპიზოდად მიმდინარე საქმიდან სწორედ, ერთ-ერთში ფიგურირებს ბაღების სააგენტოს ყოფილი დირექტორი კახა გვანცელაძე.

პროკურატურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის აღების სანაცვლოდ, თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს მფარველობას უწევდა, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ,,ატკატებს’’ იღებდა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში