შეიძლება თავიანთ მიამიტ ამომრჩეველზე იყო გათვლილი, მაგრამ საუბარი იყო მხოლოდ კონტაქტების არსებობაზე, რომ ვიღაცამ ვიღაცას დაურეკა და შთამბეჭდავად და ეფექტურად იყო ჩამოთვლილი წუთები და წამები. ზარები ფაქტებია, ტექნიკური ინფორმაცია. რაც არ უნდა ციფრები შთამბეჭდავი იყოს, მე მაინც მგონია, რომ მეტი მტკიცებულება არის საჭირო , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
ზაქარეიშვილის თქმით, ეჭვის საფუძველზე დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანს ციხეში არ უშვებენ.
„გამორიცხული არაფერია, თუმცა ადამიანზეა ლაპარაკი, მის უფლებებზე. წინასწარ დაბრალება არ იქნებოდა სწორი. განცხადება თითქოს, ერთის მხრივ, შთამბეჭდავი იყო, თუმცა განცხადება იყო და მეტი არაფერი. შეიძლება თავიანთ მიამიტ ამომრჩეველზე იყო გათვლილი, მაგრამ საუბარი იყო მხოლოდ კონტაქტების არსებობაზე, რომ ვიღაცამ ვიღაცას დაურეკა და შთამბეჭდავად და ეფექტურად იყო ჩამოთვლილი წუთები და წამები, მაგრამ არცერთი ტექსტი არ მოუყვანიათ, არცერთი მაგალითი, როცა ჩვენ ვიცით, ხშირად, სწორია თუ არასწორი, ტექსტები ქვეყნდება ხოლმე. ამიტომ, ვინც მოუსმინეთ და შთაბეჭდილების ქვეშ დარჩით, ყველას გთხოვთ, რომ მაინც დაელოდოთ, გამოაქვეყნონ მასალები.
ზარები ფაქტებია, ტექნიკური ინფორმაცია. ამაზე შეიძლება ვარაუდი ავაგოთ, კი ბატონო, ვარაუდით შეიძლება ითქვას, რომ ამდენჯერ დარეკილი ზარი ახალაიასთან თუ მის მეუღლესთან საფუძველს იძლევა, რომ ვიეჭვოთ რაღაც - ეჭვიანობის დონეზე შეიძლება, მაგრამ ეჭვის საფუძველზე დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანს ციხეში არ უშვებენ. ზოგადად, ეჭვები ყოველთვის ეჭვმიტანილის სასარგებლოდ მუშაობს. ამიტომ, რაც არ უნდა ციფრები შთამბეჭდავი იყოს, მე მაინც მგონია, რომ მეტი მტკიცებულება არის საჭირო“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
პოლიტოლოგმა „ქართული ოცნების“ მხრიდან კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გაკეთებული განცხადებები და ქმედებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძემ ღარიბაშვილის გუნდში არსებული კორუფცია ეფექტურად გამოიყენა, რათა „ველი მოესუფთავებინა“ და ბიძინა ივანიშვილისთვის დაემტკიცებინა, რომ ის უფრო ეფექტური მენეჯერია.
„ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის შიდა პოლიტიკური ბრძოლა. კომუნისტური პარტია ერთი იყო საბჭოთა კავშირში, მაგრამ შიგნით მუდმივად იყო ერთმანეთის ხოცვა...
კორუფცია არ იყო ახლა ადგილობრივ არჩევნებამდე? რატომ დაიწყო ყველაფერი ახლა? იმიტომ, რომ მინდორი მოსუფთავებულია, ძალაუფლება აღებული აქვს კობახიძეს, აბსოლუტურად ეფექტურად დაუმტკიცა ივანიშვილს, რომ არის ეფექტური მენეჯერი, კარგად მართავს სიტუაციას, ქვეყანას ფლობს მთლიანად, დააკომპლექტა მთელი საკრებულო და ყველაფერი ეკუთვნის ახლა მას, გარდა თბილისისა და ეს „ჭია-ღუები“ ფეხებში ებლანდებიან. შეიძლება პერსონალური ნდობა და ერთგულება ჰქონდათ ივანიშვილის მიმართ, ღარიბაშვილი, დარწმუნებული ვარ, ძალიან ერთგული იყო და არც კი იფიქრებდა, რომ ივანიშვილისთვის ეღალატა (ლილუაშვილს ასე კარგად არ ვიცნობ), მაგრამ მან ვერ მოთოკა თავის გუნდი პირველ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც. აშკარად ჩანდა, რომ კორუფციისკენ იყო საკმაოდ სერიოზული გადახრები ღარიბაშვილის გუნდში, ამიტომ ეს ეფექტურად გამოიყენა კობახიძემ, რათა გაენადგურებინა არა კორუფციის წერტილები, არამედ მოესუფთავებინა ადგილები თავისი ხალხისთვის, სამართავად.
კობახიძეს ყოველთვის ეყოფა ის ფული, რაც სჭირდება მას. შეიძლება ისე არ გაღორდეს, როგორც სხვები, თუმცა მომავალში შეიძლება უარესი მივიღოთ, მაგრამ ამ წუთში მას კორუფციაზე მეტად ძალაუფლების შენარჩუნება სჭირდება, ისეთი გარანტიების მიღება, ისეთი საყრდენების შექმნა საქართველოში, რომ ივანიშვილი გახდეს მისი მძევალი, კარგი გაგებით. ის ივანიშვილის უაღრესად ერთგული იქნება, ივანიშვილი იქნება უაღრესად ბედნიერი, რომ კობახიძის ნაირი ადამიანი შერჩა ხელში, მის ოჯახს არაფერი არ ემუქრება, მაგრამ მის გარეშე ვერაფერს ვეღარ გააკეთებს იმიტომ, რომ ყველგან და ყველაფერში იქნება კობახიძე. ერთადერთი მეტოქე დარჩა კობახიძეს - კახი კალაძე და ვნახავთ, როგორ დალაგდება სიტუაცია 2028 წლისთვის. სხვა მეტოქე მას არ ჰყავს, არანაირი ოპოზიცია, ყველაფერი ეს სისულელეა. მთავარი მეტოქე არის თბილისი და კალაძე. ეს ფასების ამბავიც და აფთიაქებიც, ყველაფერი ამაში ჯდება - კობახიძემ ახლა უნდა დაუდასტუროს ხალხს და ივანიშვილს, რომ ის არის ყველაზე ეფექტური მმართველი საქართველოსი და მას ეს გამოსდის“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.