ლაშა ფარულავა - ახალაიას დაკავება ემსახურება სისტემური კორუფციის გადაფარვას - ვითხოვდით ლილუაშვილის დაკავებას, „ქოლ-ცენტრებზე“ რეაგირებას, ვიძახებდით პოლიციას, რატომ არ მოდიოდა პოლიცია? - სად არის, რატომ არ არის დაკავებული გომელაური?

ბაჩო ახალაიას დაკავება ემსახურება „ქართული ოცნების“ სისტემური კორუფციის გადაფარვას , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ფარულავას თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენებზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა“, რადგან რუსთაველის გამზირზე ხალხი სწორედ მისი ქმედებების გასაპროტესტებლად მივიდა.

„4 ოქტომბრის ორგანიზატორი იყო „ქართული ოცნება“, რომელმაც დანიშნა რუსული სპეცოპერაცია. საქართველოს ათი ათასობით მოქალაქე ამ სპეცოპერაციის გასაპროტესტებლად შეიკრიბა რუსთაველის გამზირზე და პროტესტი შედგა. უამრავი ადამიანი აპროტესტებდა „ქართული ოცნების“ ქმედებებს. 4 ოქტომბერს გაივსო თავისუფლების მოედანი და პარლამენტამდე იყო ხალხი. კონკრეტულმა ადამიანებმა თავი გაწირეს, თავისი ნაბიჯი გადადგეს, თუმცა მოლოდინები სხვა იყო. მოლოდინები არსებობდა, რომ ხელისუფლების სპეცდანიშნულების რაზმი ხალხის მხარეს გადმოვიდოდა, ამის საჯარო განცხადებები კეთდებოდა. რა თქმა უნდა, ეს არ აღმოჩნდა სიმართლე.

გამორიცხული იყო, რომ ლილუაშვილი და სხვები გადადგამდნენ ივანიშვილის წინააღმდეგ ნაბიჯს, როგორ შეიძლება, მონა გახდეს თავისუფალი.

ბაჩო ახალაიას დაკავება ემსახურება „ქართული ოცნების“ სისტემური კორუფციის გადაფარვას, იმას, რომ ქრთამის მიღება აღდგა ენერგეტიკაში, იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვებს ულუფა მოჰპარეს, იმასთან დაკავშირებით, რომ „ქოლ-ცენტრები“ არსებობდა და სუს-ი, რომელმაც ჩვენი ფულით ჩვენი უსაფრთხოება უნდა დაიცვას, ის ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს“, - განაცხადა ფარულავამ.

კითხვაზე, თუ კი ლილუაშვილის დაკავების გადაფარვა სურდა „ქართულ ოცნებას“, მაშინ საერთოდ რატომ დააკავა ის და პირიქით ხომ არ სურს ამ თემის ტირაჟირება ახალაიას დაკავებით, ფარულავამ უპასუხა, რომ ლილუაშვილის დაკავებით „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის სკანდალური სიუჟეტი გადაფარა, თუმცა ამ ამბავმა მმართველ გუნდშიც კი დიდი ბზარი გამოიწვია და ახალაიას თემა სწორედ ამიტომ შემოაგდეს.

„BBC-ის სკანდალური სიუჟეტი „ქართული ოცნებისთვის“ თავზარდამცემი იყო და მათ არ ჰქონდათ მესიჯ-ბოქსი, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდნენ, აირივნენ, შემდეგ გასწორდნენ და გვითხრეს, გამოვიძიეთ ეს საქმე და თემა დახურულიაო. რეალურად, არაფერი არ არის დახურული, სად არის მიღება-ჩაბარების აქტები, გვანახე და გვითხრეს? ეს თემა ვერ დახურეს და გახეთქეს ლილუაშვილის ამბავი. ჩვენ რამდენი ხანია, ლილუაშვილის დაკავებას ვითხოვდით, „ქოლ-ცენტრებზე“ რეაგირებას ვითხოვდით, პოლიციას ვიძახებდით, რატომ არ მოდიოდა პოლიცია? თუ ლილუაშვილი დამნაშავეა, სად არის და რატომ არ არის დაკავებული ვახტანგ გომელაური?

რაში დასჭირდათ ბაჩო ახალაია, როცა 4 ოქტომბრიდან გასული არის უკვე სამი თვე? იმიტომ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ეს ყველაფერი უკავშირდება ქიმიური მოწამვლის ამბავს. დასჭირდათ, რომ ლილუაშვილი დაეჭირათ და ეს თემა გადაეფარათ, მაგრამ ლილუაშვილმა იმხელა ბზარი გამოიწვია „ქართული ოცნების“ შიგნით, მე არ ვიცნობ ამ ქალაქში ადამიანს, რომელსაც შოკი არ ჰქონდა, რომ გაიგო, საბავშვო ბაღებში პატარებს ულუფას ჰპარავდა „ქართული ოცნება“. ლილუაშვილი და საბავშვო ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი შეთანხმებულად მოქმედებდნენ და თურმე ეს არ იცოდა კახი კალაძემ, როცა არსებობდა ლევან ხაბეიშვილის საჯარო განცხადება, რომელიც ამ თემაზე საუბროდა და იცით როგორ დაუპირდაპირდნენ ლევან ხაბეიშვილს? ზარქუა და მისი დაჯგუფება ფიზიკურად გაუსწორდა საკრებულოში - ეს იყო „ქართული ოცნების“ პასუხი“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
S&P Global – „თიბისი“ ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ტერაბანკი განათლების მხარდაჭერის მიზნით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კოოპერაციული სწავლების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებს
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა