პროკურორი ახალაიას საქმეზე - არსებობს სატელეფონო კომუნიკაციების დამადასტურებელი ინფორმაცია, შესაბამისად  ბრალდება მტკიცებულებებით არის დადასტურებული, შინაარსში ვერ შევალთ, რადგან საქმე დახურულ რეჟიმში განიხილება

მტკიცებულებათა შინაარსში ბრალდების მხარე, ამ შემთხვევაში ვერ შევა, რადგან საქმე განიხილება დახურულ რეჟიმში. საქმეში არსებობს, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციების დამადასტურებელი ინფორმაცია,- ასე უპასუხა პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა მედიის კითხვას, თუ რა შინაარსის იყო ის ინტერნეტსესია, რომლითაც სუსი-ის განმარტებით, ბაჩო ახალაიას კომუნიკაცია ჰქონდა აქციის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ პოლიტიკოსებთან.

ამასთან, პროკურორმა განმარტა, თუ რატომ დაიხურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა. თამარ ბეჟუაშვილის თქმით, სხდომის დახურვის შესახებ ბრალდების მხარემ იშუამდგომლა, რადგანაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს არაერთი პირი, მათ შორის, სუს-ის წარმომადგენლები.

„საქმეზე არსებობს რიგი მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. მტკიცებულებათა შინაარსში ბრალდების მხარე, ამ შემთხვევაში ვერ შევა, რადგან საქმე განიხილება დახურულ რეჟიმში. საქმეში არსებობს, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციების დამადასტურებელი ინფორმაცია, შესაბამისად წარდგენილი ბრალდება მტკიცებულებებით არის დადასტურებული. ბრალდების მხარე წარდგენილ მტკიცებულებებს, რა თქმა უნდა, სრულყოფილად იცნობს, შესაბამისად, წარედგინა პირს ბრალდება“, -განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი საქართველოში ბაჩო ახალაია იყო. სუს-ში განმარტეს, რომ მოვლენებს ის ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და კომუნიკაცია ჰქონდა ორგანიზებაში ბრალდებულ უკვე დაკავებულ პოლიტიკოსებთან. სუს-ის თანახმად, 28 სექტემბრის 21:00 საათიდან მათ დაკავებამდე, შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტკომუნიკაცია ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით - ჯამში ფიქსირდება 343 შემდგარი ინტერნეტსესია, მათ შორის მურთაზ ზოდელავასთან 157-ჯერ, პაატა ბურჭულაძესთან 110-ჯერ, პაატა მანჯგალაძესთან 29-ჯერ, ლაშა ბერიძესთან 26-ჯერ, ირაკლი ნადირაძესთან 21-ჯერ. სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს ბოლო კავშირი მურთაზ ზოდელავას ანა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ IP მისამართზე განხორციელებული აქვს "პაატა ბურჭულაძის ძალადობრივი მოწოდებებით გამოსვლამდე" 9 წუთით ადრე, რაც შესაბამისი დასკვნის გამოტანის მყარ საფუძველს იძლევა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
S&P Global – „თიბისი“ ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ტერაბანკი განათლების მხარდაჭერის მიზნით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კოოპერაციული სწავლების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებს
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა