ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, ახალაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქმეში მტკიცებულებები არ დევს და დაცვის მხარე ახალაიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.
„დღეს საჩივარი შემაქვს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. რაც შეეხება მოლოდინებს, არ მაქვს რაიმე სახის დადებითი მოლოდინი, მაგრამ ადამიანის უფლებათა სასამართლოში ვგეგმავთ ამ საკითხის გასაჩივრებას და ეს არის ფორმალური ხასიათი, რომ აუცილებლად ყველა შიდა ინსტანცია უნდა გამოვიყენოთ“, - განახადა ადვოკატმა.
ველიჯანაშვილის თქმით, „ბაჩო ახალაია გაოგნებულია, რადგან არ ახსენდება მსგავსი ქეისი, რომ ვინმე მხოლოდ და მხოლოდ ზარის გამო დაეკავებინოთ“.
როგორც ადვოკატმა განმარტა, გამოძიებისთვის უცნობია IP მისამართიდან ზარი განხორციელდა, „მესიჯი“ თუ რაიმე სხვა ფორმით შედგა ის კომუნიკაცია, რომელსაც ახალაიას ედავებიან. მისივე თქმით, ეს არის ჩვეულებრივი აბსურდია, რაც არ შეიძლება რომ მტკიცებულების ფორმით იქნეს განხილული
„მეორე რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და აღმაშფოთებელია - რასაც მოჰყვა, რომ მეუღლესთან ერთად დააკავეს, ამით აშანტაჟებდნენ და ამას ისეთ დიქტატურულ ქვეყნებშიც ვერ იხსენებს, რომელიც ყველამ ვიცით. არავის ახსენდება გარემოება, რომ ცოლი დაეჭიროთ და ჩვენების მიცემით გევაჭრებოდნენ.
არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. რაზეც საუბარია, კომუნიკაციის სახეა, რომ თითქოს ინტერნეტ პროვაიდერის IP მისამართი, რომელიც ანი ნადარეიშვილს ეკუთვნის, იქიდან არის განხორციელებული კომუნიკაცია პაატა ბურჭულაძესთან. ისიც არ იციან ეს კომუნიკაცია ზარია, „ესემესია“ თუ რაიმე სხვა ფორმა, ანუ შინაარსი უცნობია და ამ IP მისამართიდან ვინ და რა მოწყობილობით განახორციელა კომუნიკაცია, ესეც უცნობია. ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი, რაც არ შეიძლება რომ მტკიცებულების ფორმით იქნეს განხილული“, - განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატის მტკიცებით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
„[კომუნიკაციის დროს შემდგარი საუბარი] ამოღებული არ არის, ასეთი რაღაც არ არსებობს ბუნებაში, ვერც ამოიღებენ, რადგან მოგვიანებით არის ამოღებული. ამ ტექნოლოგიებით ამ საუბრის ამოღებაც შეუძლებელია და მეორეა, რომ ამ დროს ღონისძიება არც ხორციელდებოდა. ტელეფონები ამოღებულია და შეუძლიათ ნახონ როდის ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია. ყველა დარწმუნდება, რომ იქ არაფერი დანაშაულებრივი არ არის. ის კომუნიკაცია, რომელსაც ბაჩოც ადასტურებს, შემდგარია გარკვეული პერიოდების განმავლობაში და ჩვეულებრივ მოკითხვას ეხებოდა, რომელიც მათი ნათესაური კავშირიდან გამომდინარეობს. მის წინააღმდეგ არცერთი ადამიანი არ აძლევს ჩვენებას. საქმეში მეტი არაფერი არაა და ამის გამოა ადამიანი დაკავებული. მეტი რამე რომ ჰქონდეთ ბრიფინგზეც გაასაჯაროებდნენ, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს“, - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
ცნობისთვის, სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.