შალვა პაპუაშვილი - პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება - საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა

ვიცით, ფასები მისი წარმოშობის ადგილზე, რა არის. ვიცით, ტრანსპორტის ხარჯები. ვიცით, საზღვარზე შემოსვლისას, რა ფასით შემოდის და ვიცით, საბოლოო ჯამში, დახლზე, რა ფასად იყიდება. ეს სხვაობა არის არაადეკვატურად დიდი და გავერკვიოთ, სხვაობა საიდან მოდის, ამის უკან არსებობს, თუ არა კარტელური შეთანხმებები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, მოხდეს სასურსათო პროდუქტებზე გაზრდილი ფასების საკითხის შესწავლა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საზოგადოებამ „რადიკალების მხრიდან ნახა მცდელობები, რომ მაღალი ფასების მხარეს დამდგარიყვნენ“, თუმცა პაპუაშვილის შეფასებით, „ყველა ცრუ გამართლება ჩავარდა“.

„მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრმა ეს ინიციატივა წამოაყენა, ვგულისხმობ, ფასებთან დაკავშირებით მსჯელობას და გადაწყვეტის გზის ძიებას, რამაც უკვე მოიტანა შედეგი იმ მხრივ, რომ დისკუსია გაიხსნა. ჩვენ ვნახეთ მცდელობები, თავდაპირველად, რადიკალების მხრიდან, რომ მაღალი ფასების მხარეს დამდგარიყვნენ, ნაცვლად იმისა, რომ ამ ჯერზე მაინც ჩვენი საზოგადოების ინტერესები დაეყენებინათ წინა პლანზე და ვნახეთ, მსჯელობის გარკვეული ეტაპი, როდესაც ყველა თანხმდება, რომ ფასები, რაც ეხება სასურსათო პროდუქტებს, შეუსაბამოდ მაღალია, თუკი მათ შევადარებთ იმ ქვეყნებს, საიდანაც ხდება მისი იმპორტი. მცდელობები, რომ მოეფიქრებინათ რაღაც სხვა ახსნები - დღგ, რეგულაციები და სხვა ასეთი საკითხები ჩავარდა, თავად რადიკალების მხრიდან უარყოფილ იქნა, რომ რა თქმა უნდა, ტყუილია, არანაირი კავშირი ამ მხრივ დღგ-ს და მაღალ ფასებთან არ აქვს, მოქმედი დღგ-ს განაკვეთი წლებია არ შეცვლილა, ამიტომ, არანაირი ახსნა ამას, რა თქმა უნდა, არ ექნებოდა. შესაბამისად, ყველა ეს ცრუ გამართლება, რომელიც სცადეს, ჩავარდა. ახლა, მნიშვნელოვანია ყველამ ვიმსჯელოთ რასთან გვაქვს საქმე - ეს არის რაიმე ბუნებრივი პროცესი, თუ არის გარკვეული კარტელური გარიგებები მოთამაშეებს შორის. კიდევ ერთხელ შემოვიდა თემა თავისუფალი ბაზრის შესახებ და ის,რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს. რა თქმა უნდა, ბაზარი ყველაფერს ვერ არეგულირებს და სწორედ ეს არის საბაზრო ეკონომიკის გარკვეული დეფექტები, რომელსაც სჭირდება ზოგჯერ რეგულაციებით მოწესრიგება, ზოგჯერ აღსრულების პროცესით რეგულაცია და ა.შ. პარლამენტის მხრიდან დაანონსებულია სპეციალური კომისიის შექმნა თებერვალშივე, როდესაც საგაზაფხულო სესია დაიწყება, ეს იქნება ღია, საჯარო პროცესი, სადაც პარლამენტის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, ბაზარზე მოთამაშე სუბიექტებთან ერთად, საზოგადოების თვალწინ შეეცდება გაარკვიოს, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა. ვიცით, ფასები მისი წარმოშობის ადგილზე, რა არის, ვიცით, ტრანსპორტის ხარჯები, ვიცით, საზღვარზე შემოსვლისას, რა ფასით შემოდის და ვიცით, საბოლოო ჯამში, დახლზე, რა ფასად იყიდება. ეს სხვაობა არის არაადეკვატურად დიდი და გავერკვიოთ, სხვაობა საიდან მოდის, რამდენად ობიექტურია ამ სხვაობის არსებობა და თუკი ობიექტური არ არის და არის გარკვეული მცდელობა, რომ იყო ჭარბი მოგება მოსახლეობის ხარჯზე, ესეც გავარკვიოთ, თუ როგორ ხდება, ამის უკან არსებობს თუ არა რაიმე კარტელური შეთანხმებები, რაიმე დარღვევები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია. ირაკლი კობახიძის თქმით, სხვაობას სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი შეისწავლონ და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. კობახიძემ ასევე, პარლამენტს სთხოვა, საკითხის შესაფასებლად, საპარლამენტო კომისია შექმნას. თავის მხრივ, სუს-მა განაცხადა, რომ სურსათის ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს, ისე როგორც საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, პარლამენტში სპეციალური კომისია შექმნას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!