2023 წელს ეროვნულმა ბანკმა ოთარ ფარცხალაძის გამო დარტყმის ქვეშ დააყენა მთელი საბანკო სისტემა, მთელი ”ქართული ოცნება” გადაეფარა და ამ ტიპისთვის ყველაფერი გააკეთა, - ამის შესახებ ყოფილმა დიპლომატმა, ზურაბ ფარჯიანმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა ყოფილი გენპროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე საუბრისას.
ფარჯიანის თქმით, მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე გენერალური პროკურორი აღარ იყო, მას არაფორმალური გავლენები ჰქონდა ქვეყანაში, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა.
“როდესაც “ქართული ოცნება” ამბობდა, რომ ფარცხალაძეს ფორმალური თანამდებობა არ უკავიაო, მასე ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც არავითარი ფორმალური თანამდებობა არ უკავია, რატომ იცავს შალვა პაპუაშვილი კერძო პირის სახელსა თუ რეპუტაციას, რომელსაც ფორმალური თანამდებობა არ უკავია?
როდესაც ფარცხალაძე აღარ იყო გენერალური პროკურორი, სიტუაცია რეალურად გაუარესდა, რადგან იმდენად დიდი არაფორმალური გავლენა მოიპოვა ამ ადამიანმა, სწრაფად გამდიდრდა. სადაც ლევან ყიფიანი - ქართული ფეხბურთის ლეგენდის შვილი, “ქართული ოცნების” წევრი და სპორტის მინისტრი “დააკაჩავა”, სხვას რისი იმედი უნდა ჰქონოდა, რომელიც უბრალოდ ფარცხალაძეს მხარს გაჰკრავდა ან გზას გადაუჭრიდა ცუდად და ამას თვალში არ მოუვიდოდა? ეს შედარებით უფრო ადრეა მომხდარი და 2023 წელს ეროვნულმა ბანკმა დარტყმის ქვეშ დააყენა მთელი საბანკო სისტემა.
მანამდე ეროვნულ ბანკს ირაკლი კობახიძემ, პრაქტიკულად, უთხრა, რომ ეს კონსტიტუციის დარღვევა არისო და ამას რას სჩადიხართ, ფარცხალაძეს გვისანქცირებენო, მთელი “ქართული ოცნება” ფარცხალაძეს გადაეფარა, მერე გამოვიდა ეროვნული ბანკი და უი, რა მოგვსვლიაო და საგამონაკლისო შემთხვევა დაუშვა. ამ ტიპისთვის გააკეთეს ყველაფერი, იუსტიციის სახლში გადააფორმებინეს ძალიან დიდი ქონება შვილზე ძალიან მოკლე პერიოდში, ეკლესიის ჩათვლითაც კი. დღეს კი თავადვე დასდეს ბრალი ამ ადამიანს შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში და ეს ერთმანეთში არანაირად არ ჯდება.
არ შეიძლება იძახდე, “დიფ სტეიტს” ვებრძვიო და ჯუანშერ ბურჭულაძე გყავდეს, რომელსაც ერთი კონტრაქტი აქვს ჯერ განხილული თავდაცვის სამინისტროში, მეტი კი არა - ერთი კონტრაქტია, ისიც კორუფციული, მილიონ ნახევარი მოიპარა. ჯარში ყველამ ყველაფერი კარგად იცის. ბიჭებო, ელემენტარული მაინტერესებს, თქვენ როგორ გრძნობთ, როგორი დაცული არის ქვეყანა? ბოლოს როდის შევიძინეთ რამე, მეტ-ნაკლებად თანამედროვე შეიარაღება და რა მდგომარეობაშია ჩვენი ჯარი? ვისთვის ვართ იქეთ ომის გამომცხადებლები?“, - განაცხადა ფარჯიანმა.