შალვა პაპუაშვილი - 2025 წელს საქართველომ მტკიცე უარი უთხრა  სხვის სცენარებში მონაწილეობასა და ქვეყნის მომავლით თამაშს, 2026 წელს კი უნდა დავიწყოთ შენების ახალი ეტაპი - მსოფლიომ ნათლად უნდა გაიგოს, თუ ვინ ვართ და რას ვიცავთ

განვლილ წელს ჩვენმა ქვეყანამ გაუძლო გადამწყვეტ წნეხს, რომლითაც სცადეს საქართველოს სუვერენული უფლებების შეზღუდვა, ქართველი ხალხის ნებაზე ზემოქმედება და სხვისი გეგმებისთვის ჩვენი დაქვემდებარება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც მან საზოგადოებას ახალი წლის დადგომა მიულოცა.

პაპუაშვილის თქმით, 2026 წელი ათვლის ახალი წერტილი გახდება, რომელიც სავსე იქნება შენებით.

„ძვირფასო თანამემამულენო, უცხოეთში მცხოვრებო ჩვენო თანამოქალაქეებო, ჩვენო აფხაზო და ოსო დებო და ძმებო, დასრულდა სირთულეებითა და წინააღმდეგობებით აღსავსე 2025 წელი, რომელიც ისტორიული და გამორჩეული აღმოჩნდა. ეს იყო წელი, რომელმაც მკაფიოდ განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფოებრივი არჩევანი და ეროვნული პრიორიტეტები.

განვლილ წელს ჩვენმა ქვეყანამ გაუძლო გადამწყვეტ წნეხს, რომლითაც სცადეს საქართველოს სუვერენული უფლებების შეზღუდვა, ქართველი ხალხის ნებაზე ზემოქმედება და სხვისი გეგმებისთვის ჩვენი დაქვემდებარება.

2025 იყო წელი, როდესაც საქართველომ უთხრა მტკიცე უარი სხვის სცენარებში მონაწილეობასა და ქვეყნის მომავლით თამაშს. ჩვენ, ყველამ ერთად, ეს არჩევანი დავიცავით და ვაჩვენეთ მყარი ერთობა. ჩვენ, ყველამ ერთად, დავაბრუნეთ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში ეროვნული ინტერესის ცნება, როგორც სახელმწიფოს მოქმედების უმთავრესი საფუძველი.

დგება ახალი, 2026 წელი. მას ვეგებებით დიდი იმედით, მკაფიო გეგმებითა და ახალი ენერგიით. ეს იქნება წელი, რომელიც გახდება ათვლის ახალი წერტილი. ამ წელს ჩვენ თანდათანობით, დინჯად, გააზრებულად უნდა დავიწყოთ შენების ახალი ეტაპი. ეს შენება უნდა დაეფუძნოს ჩვენს ისტორიულ მემკვიდრეობას და, ამავე დროს, უზრუნველყოს თანამედროვე ეპოქის შესაბამისი ეროვნული იდენტობის მკაფიო გამოკვეთა. მსოფლიომ ნათლად უნდა გაიგოს, თუ ვინ ვართ, სად ვდგავართ, რა გვამოძრავებს, რას ვიცავთ და რას ვაშენებთ. ყველამ უნდა იცოდეს, რანი ვიყავით გუშინ, რანი ვართ დღეს და რანი ვიქნებით ხვალ.

ამ გზაზე მიგვიძღვის ჩვენი წინაპრების დატოვებული სიბრძნე და ცოდნა, სამშობლოს სიყვარულითა და მასზე ზრუნვით გაჯერებული მემკვიდრეობა. სწორედ ამიტომ, არ გვეშინია არცერთი იმ გადაწყვეტილების მიღების, რომელიც საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს ემსახურება. ამ ინტერესთა სამსახურში ვდგავართ ერთად, ასაკოვანი და ახალგაზრდა, ქალი და კაცი, ერი და ბერი.

2026 წელს საქართველო აღნიშნავს განსაკუთრებულ თარიღს - საქართველოს გაქრისტიანებიდან 1 700 წლისთავს, რაც ჩვენი ისტორიული უწყვეტობის, სულიერი ღერძისა და ცივილიზაციური როლის კიდევ ერთი ხაზგასმაა. სწორედ ამიტომ, ბოდბის მონასტრიდან გილოცავთ ახალი, 2026 წლის დადგომას. წმინდა ნინომ დალოცოს სრულიად საქართველო და დაიფაროს ჩვენი მშობლები და შვილები. ვიყოთ და ვიცხოვროთ ერთობით, რადგანაც ძალა ერთობაშია“, - მიმართა პაპუაშვილმა საზოგადოებას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
ნიუ ჰოსპიტალსი International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი გახდა მოგზაურთა მედიცინის სფეროში
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები