მნიშვნელოვანია, ნებისმიერ დანაშაულს სასჯელი მოჰყვეს - ვისაც იმის სითამამე ჰყოფნის, რომ დანაშაული ჩაიდინოს, იმის სითამამეც ეყოს, რომ დანაშაულისთვის პასუხი აგოს! მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საქმე დამნაშავეებთან გვაქვს და სწორედ ამის თქმა არ უნდათ! – „მოლოტოვის კოქტეილი“ შუა საუკუნეებში ადამიანების კოცონზე დაწვის სიმბოლიზმია - კი ბატონო, ეს ნამდვილად პროევროპულია, ოღონდ რამდენიმე საუკუნის წინანდელი! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებულთა შესაძლო შეწყალების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
პაპუაშვილმა თქვა ისიც, რომ „ყველა სასჯელი თანაზომიერია და ქართულმა დამოუკიდებელმა მართლმსაჯულებამ თავისი სიტყვა თქვა“.
„შეწყალება ჩემი კომპეტენცია არ გახლავთ. ეს პრეზიდენტის კომპეტენციაა და მისი გადასაწყვეტია ვინ, როდის და რა მოტივით შეიწყალოს.
რაც შეეხება მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა - ნებისმიერ დანაშაულს სასჯელი მოსდევს. ამის გაცნობიერებაა მნიშვნელოვანი. დღეს არის მცდელობა იმისა, რომ დანაშაული მოგვყიდონ როგორც კეთილი საქმე, ძალადობა მოგვყიდონ როგორც სიყვარული, პარლამენტის დაწვა მიგვყიდონ როგორც დემოკრატიის ზეიმი. აი ამას აკეთებენ მრუდე ქართველები უცხოური დაფინანსებით!
მთავარი პრობლემა ის არის, რომ უნდათ გარედან თავს მოგვახვიონ ძალადობა, თავს მოგვახვიონ ზიზღი, თავს მოგვახვიონ ქვეყნის წინააღმდეგ ქმედება და ეს ყველაფერი მოგვყიდონ როგორც პროევროპულობა. თურმე „მოლოტოვის კოქტეილის“ დამზადება - ბენზინის ჩასხმა, შიგნით ნაჭრის ჩადება, წაკიდება, ადამიანისთვის სროლა და ცეცხლის წაკიდება, ეს არის პროევროპულობა. დღეს ბრიუსელი ამას ამბობს! ამბობს, რომ ადამიანისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა არის პროევროპულობა.
ბრიუსელი და მათი პოლიტიკური ლიდერები უსამართლოდ გასამართლებულებზე საუბრობენ. ვინ არის უსამართლოდ?! – „მოლოტოვის კოქტეილია“ უსამართლობა?!
მთავარია საკითხია ის, რომ დანაშაულს დანაშაული ეწოდოს! როდესაც ბრიუსელიდან დანაშაულს სათნო საქციელს უწოდებენ. ბრიუსელი ამბობს, რომ მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი უსამართლოდ არის დაჭერილი, საკუთარი ცოლის პირადი ცხოვრების ჩამწერი ადამიანი უსამართლოდ არის დაკავებული, თაღლითი უსამართლოდ არის დაკავებული. ეს მოგვეყიდება როგორც ევროპულობა და ზუსტად ეს არის ევროპის ღირებულებითი დაღმასვლის დასტური. ბრიუსელს დღეს ევროკავშირი ცივილიზაციურ უფსკრულთან მიჰყავს.
რა უნდა მოხდეს იმაზე უფრო სამარცხვინო, როცა ადამიანის დაწვას პროევროპულობას ეძახიან?! სხვათა შორის ევროპაში ადამიანებს წვავდნენ - წვავდნენ შუა საუკუნეებში. თუ ეს არის პროევროპულობა, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა და ადამიანის დაწვა არის პროევროპულობა, კი ბატონო არის, ოღონდ არის რამდენიმე ასწლეულის წინანდელი ევროპულობა და ზუსტად ამ იდეოლოგიაში არიან ჩარჩენილი!“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.