შალვა პაპუაშვილი - ვენეციის კომისია გადაიქცა პოლიტიკურ კომენტატორად, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე დებს მოსაზრებებსა და დასკვნებს - ზუსტად ეს დაადასტურა დღეს აშშ-მა

აშშ-ის მიერ 66 ორგანიზაციის დატოვება ადასტურებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო წესრიგი, რომლის ნაწილიც არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, მასში წევრობა და ამ ორგანიზაციების ფარგლებში საკითხების განხილვა, აღარ არსებობს, მორღვეულია - როდესაც ასეთ ორგანიზაციებში ამერიკა არ არის წევრი აჩვენებს იმას, რომ მათ სერიოზულობას უკვე წყალი აქვს შეყენებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის გადაწყვეტილებას 66 ორგანიზაციის დატოვების შესახებ, რომელთა შორის ვენეციის კომისიაცაა.

მისივე თქმით, აშშ-მა დღეს დაადასტურა, რომ „ვენეციის კომისია გადაიქცა პოლიტიკურ კომენტატორად, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე დებს მოსაზრებებსა და დასკვნებს“.

„აშშ-მა 66 ორგანიზაცია დატოვა, როგორც გუშინ განაცხადეს მათ. თავისთავად ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო წესრიგი, რომლის ნაწილიც არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, მასში წევრობა და ამ ორგანიზაციების ფარგლებში საკითხების განხილვა, აღარ არსებობს, მორღვეულია. როდესაც ასეთ ორგანიზაციებში ამერიკა არ არის წევრი და მათ შორის გამოდის ასეთი დასაბუთებით, რომ ეს არის უსარგებლო, ფულის მფლანგველი ორგანიზაციები, თავისთავად აჩვენებს იმას, რომ მათ სერიოზულობას უკვე წყალი აქვს შეყენებული და ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რასაც ვამბობდით, რომ საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს.

რაც შეეხება კონკრეტულად, ვენეციის კომისიას, ჩვენ უკვე რამდენიმე ხანია ვსაუბრობთ იმას, რომ ვენეციის კომისია ქვეყნების წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად იქცა, იმისთვის, რომ ქვეყნებს თავს მოახვიონ სხვადასხვა პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე სხვადასხვა ინსტრუმენტები თუ ინსტიტუტები. საქართველოსთან დაკავშირებით ეს ძალიან კარგად გამოჩნდა არაერთხელ, როცა ჩვენ, ნაცვლად სამართლებრივი დასკვნებისა და მოსაზრებებისა, ვნახეთ პოლიტიკური დასკვნები და მოსაზრებები, რაც აშკარად იკვეთება ვენეციის კომისიის ანგარიშებში და რაც ჩვენ მათ შორის ვენეციის კომისიისთვისაც გვაქვს შეხვედრების დროს ნათქვამი. ჩვენ ევროსაბჭოს წევრი ვართ, ვენეციის კომისია გახლავთ ერთ-ერთი ინსტიტუტი ევროსაბჭოში და ჩვენთვის როგორც წევრი სახელმწიფოსთვის შემაშფოთებელია, რომ ვენეციის კომისიამ შეიცვალა საკუთარი პროფილი და იმ პროფესიული სამართლებრივი დასკვნების შედგენის ნაცვლად, რაც იყო პატივცემული და მნიშვნელოვანი ყველა ქვეყნისთვის, გადაიქცა ჩვეულებრივ პოლიტიკურ კომენტატორად, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე დებს სხვადასხვა მოსაზრებებსა და დასკვნებს. ზუსტად ეს დაადასტურა დღეს აშშ-მა, რომელმაც დატოვა ვენეციის კომისიის წევრობა და დატოვა ამ დასაბუთებით, რომ ეს არის უსარგებლო, ფულის მფლანგველი ორგანიზაცია. ეს, რა თქმა უნდა, აძლიერებს ჩვენს მოსაზრებას, რომ ვენეციის კომისია აცდენილია იმ თავდაპირველ მისიას, რომელიც ჩადებული იყო მასში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, შეიძლება თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ იფიქროს ევროპული საბჭოს დატოვებაზე, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „არა, რა თქმა უნდა“.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები 66 ორგანიზაციას ტოვებს, რომელთა შორისაა ვენეციის კომისია. „პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ ტოვებს 66 ანტიამერიკულ, უსარგებლო ან მფლანგველურ საერთაშორისო ორგანიზაციას", - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში. რუბიოს ინფორმაციით, გრძელდება განხილვა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს