20 ივნისის საქმე გახარიას წინააღმდეგ არის ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ დაანონსებული პოლიტიკური და პირადი შურისძიების აღსრულება,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, გიორგი შარაშიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც შარაშიძე აღნიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ ამ საქმის მასალების ნაწილს გრიფით საიდუმლო დაადო და ისმის კითხვა, რა აქვს დასამალი ხელისუფლებას და ვის აფარებს ხელს.
„გახარიამ ღირსეულად მოახერხა და მოძალადეებისგან, მეამბოხეებისგან დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ახალ უბედურებაში არ შეიყვანა ქვეყანა," – ბიძინა ივანიშვილი გახარიაზე, 2019. „სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც“, – ბიძინა ივანიშვილი გახარიაზე, 2024. ცხადია, 20 ივნისის საქმე გახარიას წინააღმდეგ არის ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ დაანონსებული პოლიტიკური და პირადი შურისძიების აღსრულება. გახარიას ედავებიან ადამიანების დაზიანების ორგანიზებას, მაშინ, როდესაც 20 ივნისს ადამიანები დაზიანდნენ რეზინის ტყვიებით, ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია.
შეგახსენებთ, რომ „ოცნებამ“ ამ საქმის მასალების ნაწილს გრიფით საიდუმლო დაადო. მიუხედავად გახარიას ადვოკატის მოთხოვნისა, საქმის მასალები სრულად გასაჯაროებულიყო, პროკურატურა უარს აცხადებს. ნათელია, რომ „ოცნებას“ აქვს დასამალი და ისმის კითხვა, რა აქვს დასამალი „ოცნებას“ და ვის აფარებს ხელს?“,-წერს გიორგი შარაშიძე სოციალურ ქსელში.