გამოძიებას რეალურად ის კი არ აინტერესებს, ვინ ჩაიდინა სისხლის სამართლებრივი დანაშაული თუ ადმინისტრაციული გადაცდომა, გამოძიების საგანია გიორგი გახარიას, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიისა და ბიძინა ივანიშვილის მთავარი სამიზნის განეიტრალება , - ამის შესახებ „გახარია საქართველოს“ ლიდერის, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
მისივე თქმით, „რაც არ უნდა დაერთოს, ან არ დაერთოს სასამართლოს საქმის მასალებს, ციფრულ სამყაროში ივანიშვილის ნათქვამი სიტყვები ვერ გაქრება, ისევე როგორც ვერ გაქრება კობახიძის ნათქვამი სიტყვები და ვერ გაქრება ფაქტი, რომ ამ ქვეყანაში 20 ივნისი დააორგანიზა ირაკლი კობახიძემ“.
„ეს არის შეკვეთილი პოლიტიკური მართლმსაჯულება. 2024 წლის 21 ოქტომბერს როგორც დააანონსა ბიძინა ივანიშვილმა, შესაბამისად, ყველაფერს გააკეთებდა სასამართლო მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით, რომ ამ საქმეზე არ დაერთო ირაკლი კობახიძის, ბიძინა ივანიშვილის, ვახტანგ გომელაურის, თეა წულუკიანის, მამუკა მდინარაძისა და სხვათა მიერ გაკეთებული განცხადებები, რასაც ისინი ჯერ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ აკეთებდნენ და შემდგომ უკვე რა განცხადებებს აკეთებენ ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ დაურთეს სისხლის სამართლის საქმეს. ასევე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უამრავი სისხლის სამართლებრივი საქმე არის შეკერილი და მიმდინარეობს დევნა, მათ შორის განცხადებების საფუძველზე. უამრავი ადამიანი, პოლიტპატიმრები, ახალგაზრდები, ბავშვები უსხედან ციხეში ამ განცხადებების გაკეთების გამო, რომელიც შეიძლება საქმესთან შემხებლობაში იყოს ან არ იყოს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიღებულია ერთადერთი მოტივაციით, რომ ამ საქმიდან გააქრონ ამ ადამიანების პასუხისმგებლობა, რომლებმაც ამ ქვეყანაში რეალურად დააორგანიზეს 20 ივნისი. ჩამოიყვანეს სერგეი გავრილოვი, დაუთმეს საკუთარი სავარძელი, შემდგომ არ გადადგომით გამოიწვიეს ის მძიმე მოვლენები, რაც 20 ივნისს ვითარდებოდა და შემდგომ, სამწუხაროდ, იყო მძიმე შემთხვევები, მათ შორის სამართლებრივად ძალიან მძიმე შეცდომები, თუმცა ეს ვერ შეერაცხება გიორგი გახარიას.
ეს საქმე არის პოლიტიკური საზოგადოებისთვის, ამ ქვეყნისთვის. ეს არის შეთითხნილი მართლმსაჯულება, ეს არის შეკვეთილი მართლმსაჯულება გიორგი გახარიას მიმართ. თავიდან ბოლომდე ამ საქმეს პოლიტიკური მდგენელი აქვს, სამართლიანობის აღდგენასთან კავშირი ამას არ აქვს. თუ 20 ივნისის დაზარალებულებთან მიმართებით სამართლიანობის აღდგენა უნდათ, კითხეთ პროკურატურას, რატომ არ ჰყავთ დღემდე დადგენილი მაია გომურის წინააღმდეგ ვინ გამოიყენა რეზინის ტყვიები. რეალურად ის კი არ აინტერესებს, ვინ ჩაიდინა სისხლის სამართლებრივი დანაშაული თუ ადმინისტრაციული გადაცდომა, ეს კი არ არის გამოძიების საგანი, გამოძიების საგანია გიორგი გახარიას, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიისა და ბიძინა ივანიშვილის მთავარი სამიზნის განეიტრალება. რაც არ უნდა დაერთოს ან არ დაერთოს ამ სასამართლოს საქმის მასალებს, ციფრულ სამყაროში ივანიშვილის ნათქვამი სიტყვები ვერ გაქრება, ისევე როგორც ვერ გაქრება კობახიძის ნათქვამი სიტყვები და ვერ გაქრება ფაქტი, რომ ამ ქვეყანაში 20 ივნისი დააორგანიზა ირაკლი კობახიძემ“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 20 ივნისის საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.
მანამდე მოსამართლემ მხარეთა შუამდგომლობები მოისმინა მტკიცებულებების დართვის თაობაზე. პროკურატურამ მოითხოვა დაუშვებელ მტკიცებულებად იქნას ცნობილი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ვახტანგ გომელაურისა და თეა წულუკიანის საჯარო განცხადებები, რომლებიც მათ გააკეთეს 20 ივნისის შესახებ გიორგი გახარიას გადადგომამდე. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაცვის მხარის აღნიშნული მტკიცებულებები, საქმეს არ დაერთო.