არსებობს მთავარი ნაკარნახევი გეგმა ე.წ. ოპოზიციის მიმართ, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. დესტაბილიზაციაა პირველი ამოცანა, შემდეგ მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა - აქ მიდის პოლიტიკური კეკლუცობა ბრიუსელის იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც საქართველოს მიმართ ასეთ დესტრუქციულ გეგმას ამზადებს, ოლიმპიური სარბენი ბილიკია, მირბიან და ვინ გადაასწრებს, იმაზეა საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „თავისუფლების მოედნის“ მიერ „გარდამავალი ეტაპის გეგმასთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გია ვოლსკის განმარტებით, კონკრეტულად ლევან ცუცქირიძის გეგმას არ იცნობს, თუმცა ეჭვი ეპარება, რომ მათ ამ ზოგადი ტენდენციის საწინააღმდეგო აზრი ჰქონდეთ.
„არსებობს მთავარი ნაკარნახევი გეგმა ე.წ. ოპოზიციის მიმართ, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, რათა ამას მოჰყვეს გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც აწყობს ევროპის გარკვეულ ქვეყნებს, თუნდაც ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომ როგორმე რუსეთის აგრესია განვითარდეს სხვადასხვა მიმართულებით და არ ჰქონდეს ის ძალა, რომელმაც შეიძლება ნეგატიური პროცესები გამოიწვიოს ევროპის მიმართულებით. ამ ამოცანის შესრულებაში ვინ წამოიწევს წინა პლანზე, აქ მიდის პოლიტიკური კეკლუცობა ბრიუსელის იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც საქართველოს მიმართ ასეთ დესტრუქციულ გეგმას ამზადებს. დესტაბილიზაციაა პირველი ამოცანა, დესტაბილიზაციის შემდეგ მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა და ა.შ. ყველა ეკეკლუცება ახლა იმ ინსტრუქციის გამცემებს და ფულის მომცემებს, დამფინანსებლებს, ვის უფრო ჭკვიანური გეგმა გააჩნია, ვინ უფრო ინტენსიურად და ეფექტურად იმოქმედებს, რათა დესტაბილიზაცია შედგეს ანუ ინსტრუქციის პირველი ეტაპი განხორციელდეს. ახლა „თავისუფლების მოედანი“ რა გეგმაზე ფიქრობს, რა მეთოდებს სთავაზობს დამფინანსებლებს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამოცანა ერთია და ამ ამოცანისკენ მირბიან - წარმოიდგინეთ ოლიმპიური სარბენი ბილიკია, მირბიან და ვინ გადაასწრებს, იმაზეა საუბარი. ლევან ცუცქირიძის გეგმას არ გავცნობივარ, თუმცა არ მგონია ამ ტრენდის საწინააღმდეგო პოზიცია ჰქონდეს ვინმეს. მივესალმები თუ ვინმეს აქვს პოზიცია, რომ ბოლოს და ბოლოს გადავიდეთ საუბარზე, რომ სოფლის მეურნეობა როგორ სჯობს განვავითაროთ, განათლება და ვემზადოთ არჩევნებისთვის, ვინ მოიგებს 2028 წლის არჩევნებს პროგრამით და არა ქუჩაში მაშხალებისა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლით. ჩვენს საზოგადოებას ხომ ეგ აწყობს, რომ სტაბილურობა იყოს, ვიფრინოთ და ჩვენი პასპორტი იყოს ძლიერი. თუმცა არსებობს კონკრეტული პოლიტიკური ძალები, სტრუქტურები, რომლებიც არანაირად მხარს არ დაუჭერენ არჩევნებს. ლეგიტიმურობას არ ცნობენ, რადგან იქიდან კუბილიუსი ამბობს, რომ არ ცნობს ლეგიტიმურად და თურმე ის ქალი, სახელად სალომე ზურაბიშვილი, არის პრეზიდენტი, ეს ცანითო გეუბნება და ამაზე აყოლილები, ამ ლოზუნგს ხვდებიან და მამა დოროთემ გამოაცხადა რევოლუციის ლიდერად სალომე ზურაბიშვილი, აკურთხა, თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი რომ არ ყოფილიყო, ეს არ განვითარდებოდა, ესეც ინსტრუქციის ნაწილია, იმის მაგივრად, რომ მოუწოდოს სიმშვიდისკენ.“- განაცხადა ვოლსკიმ.