გიორგი მელაშვილი - რას ნიშნავს “მონროს დოქტრინა” და როგორი იქნება ახალი მსოფლიო წესრიგი?!
“ოცნება” “ბი-ბი-სის” წინააღმდეგ - რა ჩაიწერება სარჩელში და როგორი სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს მას
დავით ზურაბიშვილი - “ოპოზიცია რეალობას ვერ აღიქვამს და მიზნის მიღწევის გზებს ვერ განსაზღვრავს”
რატომ გადააქვს “ოცნებას” პარლამენტი და თბილისის მერია არსენალის მთაზე
თორნიკე შარაშენიძე - დანგრეული მსოფლიო წესრიგი ანუ “მე ვარ და ჩემი ნაბადის” გეოპოლიტიკა?!
* * *
გიორგი მელაშვილი - რას ნიშნავს “მონროს დოქტრინა” და როგორი იქნება ახალი მსოფლიო წესრიგი?!
“ტრამპის ქმედებების გასაანალიზებლად ჯერ უნდა გავიაზროთ, რა ხდება მსოფლიოში. პროცესი, რომელშიც აშშ მონაწილეობს, კარგა ხანია მიმდინარეობს და მას უკვე თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ არსებული მსოფლიო წესრიგის შეცვლა. ის მანამდეც არაერთხელ შეიცვალა, მხოლოდ ბოლო ორ პერიოდს გავიხსენებ: მეორე მსოფლიო ომის მერე ჩამოყალიბებული ე.წ. იალტის წესრიგი და “ცივი ომის” შემდგომი პერიოდი, როდესაც აშშ იყო ერთადერთი ჰეგემონი და საერთაშორისო სამართლის მთავარი გარანტორი. რასაც დღეს ვადევნებთ თვალს, ეს არის არსებული წესრიგის ცვლილება და კაცობრიობის გადასვლა ახალ პოლიტიკურ ფაზაში. ჯერ გაურკვეველია, საით მივდივართ, თუმცა წესრიგი იცვლება - ეს უდავოა! თუ დავუშვებთ, რომ გადავდივართ მულტიპოლარულ მსოფლიო წესრიგზე, მაშინ აშშ-ის ქმედებების ახსნა მარტივად შეიძლება. თვითონ დონალდ ტრამპმაც არაერთხელ ახსენა “მონროს დოქტრინა”, რომელიც გულისხმობს აშშ-ის განსაკუთრებულ ინტერესებს დასავლეთ ნახევარსფეროში”, - აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რას ნიშნავს “მონროს დოქტრინა” და როგორი იქნება ახალი მსოფლიო წესრიგი?!
“ბევრი შიშობდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ გახდებოდა იზოლაციონისტური ძალა, მაგრამ დღეს უკვე აშკარად ჩანს, რომ ამგვარი საფრთხე აშშ-ს არ უდგას. ამასთანავე, კიდევ ერთი საკითხი ჩანს სრულიად თვალსაჩინოდ - აშშ-ს სურს ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანწილად თვითონ აიღოს. წლების განმავლობაში ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მთავარი გარანტორი აშშ იყო, ევროპული ქვეყნების დიდი ნაწილი უარს ამბობდა საკუთარი უსაფრთხოების ხარჯების გაზრდაზე. ამ მხრივ აღსანიშნავია მერკელის მმართველობა, გერმანიის პოლიტიკური ელიტები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ევროპულ ქვეყნებს უსაფრთხოებაზე კი არ უნდა ეზრუნათ, რუსეთთან თანამშრომლობა უნდა გაეღრმავებინათ. სამწუხაროდ, ამ ელიტებმა ვერ გაიაზრეს ვერც 2008 წლის გაკვეთილი, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და კარგად დავინახეთ, რომ მანამდე არსებული მსოფლიო წესრიგის შეცვლა იწყებოდა. ევროპა ვერც 2014 წელს ყირიმის ანექსიამ გააღვიძა, ვერც რუსეთ-უკრაინის პირველმა დაპირისპირებამ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2024 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი, ევროპულმა ელიტებმა დაიწყეს საკუთარი პოზიციების გააზრება და როგორც იქნა, ევროკავშირმა დაიწყო ცვლილებებზე ფიქრი და გეოპოლიტიკურ მოთამაშედ ქცევა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მელაშვილი.
“საქმე ის არის, რომ გეოპოლიტიკური მოთამაშის მთავარი მახასიათებელი ძალის პროეცირების, დემონსტრირების უნარია. წლების განმავლობაში მსოფლიო შეეჩვია, რომ ძალის პროეცირებას ახდენენ რევიზიონისტული ძალები, უპირველესად, რუსეთის ფედერაცია, შედარებით ნაკლებად - ჩინეთი და არა დასავლეთი... ტრამპის ადმინისტრაციამ ეს აღქმა სრულიად შეცვალა და მადუროს შემთხვევა ზუსტად გვაჩვენებს ძალის პროეცირების შესაძლებლობებს. თუ მანამდე არსებობდა მოსაზრება, რომ აშშ გადაიღალა, გადაიტვირთა ომებით ავღანეთსა და ერაყში, ახლა უკვე ტრამპმა აშკარად გვაჩვენა, რომ შეიცვალა მდგომარეობა, შესაბამისად, თავისუფალმა სამყარომ გამოაჩინა ძალის დემონსტრირების უნარი. რაც შეეხება გრენლანდიას, ამ საკითხზე ნაადრევია დასკვნების გამოტანა. კი, არსებობს დაძაბულობა ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-ს შორის, თუმცა ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღემდე ტრამპის ქმედებებმა ევროპასთან დაკავშირებით უფრო დადებითი როლი ითამაშა, რადგან ევროპულმა ქვეყნებმა დაიწყეს საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა. მაგალითად, გაიზარდა ნატოს ქვეყნების თავდაცვის ხარჯები და გაუტოლდა მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდება ევროპელ პარტნიორებს შორის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და გრენლანდიაზე უსაფრთხოების ზომების გაზრდა, ეს კრიზისი, ვფიქრობ, მარტივად დაიძლევა. რა სახეს მიიღებს ეს ყველაფერი, ამას გვაჩვენებს დრო, თუმცა გავიმეორებ, რომ ევროპის გამოღვიძება დაწყებულია, რაშიც აშშ-ის დიდი წვლილიც არის... ბუნებრივია, აშშ დაინტერესებულია ირანიდან მომავალი საფრთხეების განეიტრალებით. ჩვენ ვნახეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ირანის პროქსიძალები, რომლებიც მოქმედებდნენ სირიის, ერაყის თუ ლიბანის ტერიტორიაზე. ეს ღერძი თითქმის განადგურდა. ამ ძალების, განსაკუთრებით სირიაში, პირდაპირი მოკავშირე და პარტნიორი იყო რუსეთი. ვიცით, სირიის ყოფილი დიქტატორი ბაშარ ასადი ახლა სადაც არის, ვიცით ასევე, სად არის მადურო, მოკლედ, ძალების სერიოზული გადაწყობა მიმდინარეობს”, - თვლის ანალიტიკოსი.
“მონროს დოქტრინა” დიდი ხანია არსებობს, არსად გამქრალა. საქმე ის არის, რომ ამ დოქტრინას ჰქონდა დიდი გამოწვევები, უპირველესად კი კუბა, რომელიც უკვე ათწლეულებია ყველა რევიზიონისტული და ანტიამერიკული ძალის საყრდენია. ამას დაემატა ვენესუელა, მერე ნიკარაგუა... იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ-ს გადაწყვეტილი აქვს პრიორიტეტების გამოკვეთა, სავარაუდოდ, მათ პირველ ეტაპზე გადაწყვიტეს მოაგვარონ ვითარება უახლოეს სამეზობლოში. პირველი ნაბიჯი უკვე ვნახეთ - ეს იყო ვენესუელა, მეორე შესაძლოა იყოს კუბა და ა.შ. ჩვენ გასულ წელს ვნახეთ აშშ-ის აქტიურობა ისრაელთან ერთად ირანში, აშშ ჩართულია ტაილანდისა და კამბოჯის კონფლიქტში, ის არსად წასულა იაპონია-სამხრეთ კორეის შეთანხმებებიდან. ვფიქრობ, დასავლეთ ნახევარსფეროს შემდეგ მეორე ეტაპი იქნება აშშ-ის გავლენების აღდგენა და გაძლიერება სხვა რეგიონებშიც... ვენესუელის უახლოესი პარტნიორები იყვნენ რუსეთი და ჩინეთი. ამერიკელების ოპერაციის წინადღეს მადურო სწორედ ჩინეთის დელეგაციას მასპინძლობდა. გარდა ამისა, კარაკასში განლაგებულია საჰაერო თავდაცვის რუსული საშუალებები, რამაც მადუროს ვერ უშველა”, - მიიჩნევს გიორგი მელაშვილი.
“შესაბამისად, რუსეთის მორიგი სერიოზული ჩავარდნა თვალსაჩინოა - მან აშშ-ზე მადუროსა და ვენესუელის საშუალებით ზემოქმედების ბერკეტი დაკარგა. ვინმეს თუ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ რუსეთი მოახერხებდა მოკავშირეების დაცვას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ვფიქრობ, ისიც კარგად ხედავს, რომ რუსეთის სამოქმედო არეალი და შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. რა თქმა უნდა, ამას ემატება ნავთობი - ვენესუელის ნავთობის მსოფლიო ბაზარზე დაბრუნება ნიშნავს მასზე ფასების შემცირებას, რაც პირდაპირ დაარტყამს რუსეთის ეკონომიკას... რაც შეეხება რუსების 9 იანვრის თავდასხმას, ის მართლაც მასშტაბური იყო, რუსებმა გამოიყენეს “ორეშნიკიც”, თუმცა, ჩემი შეფასებით, ეს პასუხია არა მხოლოდ ვენესუელის ამბებზე, არამედ უფრო მეტად იმაზე, რომ საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის განთავსების გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ჩემი აზრით, ევროპელების გეოპოლიტიკური გარღვევაა”, - დაასკვნის რესპონდენტი.
“ერთი მხრივ, ეს არის უკრაინისთვის რეალური უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება, მეორე მხრივ, პუტინის მთავარი ფანტაზიის, რომლის გამოც თითქოს ომი დაიწყო - ნატოს ძალების უკრაინაში არდაშვება - გაქარწყლებაა. გეოგრაფიას თუ შევხედავთ, ეს გადაწყვეტილება ასევე, ფაქტობრივად, მოიცავს მოლდოვის დაცვასაც. ვფიქრობ, რაც არ უნდა გააკეთოს რუსეთის ფედერაციამ, ვერ მოახდენს მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენას. რუსეთს აქაც დიდი ჩავარდნა აქვს... ირანში მიმდინარე მოვლენებზე უპირველესად პასუხისმგებელია ირანის ხელისუფლება, რომელმაც ბოლო პერიოდში წარმოუდგენელი არაკომპეტენტურობა და თან უზარმაზარი ამბიციები გამოავლინა. ირანის ეკონომიკა განადგურებულია, წარმოუდგენელი მასშტაბის ინფლაციაა, 2018 წელთან შედარებით ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 30-ჯერ გაუფასურდა. უზარმაზარი პრობლემებია ეკონომიკის მართვაში, ბუნებრივი რესურსების განკარგვაში. ამ ყველაფერს ემატება სტრუქტურული პრობლემები, ელიტური კორუფცია, აღარაფერს ვამბობ იმ პოლიტიკურ რეპრესიაზე, რომელიც უკიდურესად მძიმეა”, - ამტკიცებს ანალიტიკოსი.
“გარდა ამისა, ისრაელისა და აშშ-ის შარშანდელმა დარტყმებმა ძალიან იმოქმედა საზოგადოების განწყობებზე - თავდაცვაზე დახარჯული უზარმაზარი ხარჯების მიუხედავად, ქვეყანა, ფაქტობრივად, დაუცველი აღმოჩნდა. მოკლედ, ამ ყველაფერმა იმოქმედა, იქნება თუ არა აშშ-ის და ისრაელის პირდაპირი სამხედრო ჩარევა, რთული სათქმელია. მათ პირველი დიდი დარტყმა გასულ წელს უკვე მიაყენეს ირანს, რა დროსაც კარგად გამოჩნდა, რომ ისევე როგორც ვენესუელას, არც ირანს უშველა რუსეთის მოკავშირეობამ. ვერაფერს გამოვრიცხავთ, მალე შეიძლება იყოს მეორე დარტყმაც, თუმცა შესაძლოა თვითონ ირანელებმა შეძლონ რეჟიმის შეცვლა”, - დასძენს გიორგი მელაშვილი და შეკითხვაზე ¬- “ამ გლობალური ცვლილებების პროცესში როგორია საქართველოს პერსპექტივა?” - პასუხობს:
“სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ამ ახალ მსოფლიო წესრიგში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძლიერი მოკავშირეები. “ქართულმა ოცნებამ” ბოლო ხანს ევროიზოლაციამდე მიგვიყვანა, გააფუჭა ურთიერთობა როგორც ბრიუსელთან, ისე ვაშინგტონთან. ამგვარი ვითარება ჩვენი სახელმწიფოსთვის შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს. აუცილებელია გამოსწორდეს ურთიერთობა ბრიუსელსა და ვაშინგტონთან. ფაქტია, “ოცნებამ”, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპისტობას იჩემებს, ვერაფრით მოახერხა თეთრ სახლთან ურთიერთობის დამყარება, მაშინ როდესაც ეს მშვენივრად შეძლეს ალიევმა და ფაშინიანმა. ერთადერთ საგარეო პოლიტიკურ წარმატებად რჩება ის კეპი, რომელიც დონალდ ტრამპმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს აჩუქა...”
“ოცნება” “ბი-ბი-სის” წინააღმდეგ - რა ჩაიწერება სარჩელში და როგორი სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს მას
“საქართველოს ხელისუფლება ბრიტანული მაუწყებლის, “ბი-ბი-სის” წინააღმდეგ საჩივრის შეტანას “უახლოეს დღეებში” აპირებს, პროცედურის თანახმად, ჯერ ბრიტანეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას მიმართავს და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სასამართლოებს. მმართველ პარტიაში ამბობენ, დოკუმენტის შესატანად ვადა ჯერ კიდევ აქვთ და პროცესი ხელოვნურად არ ჭიანურდება. როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, ამ ვადას “ოცნება" ბოლომდე გამოიყენებს, რადგან საქმე ძალიან სერიოზულ ქეისს ეხება სერიოზული კორპორაციის წინააღმდეგ და სარჩელი “წონიანი არგუმენტებით უნდა იყოს გამაგრებული”. “ბი-ბი-სის” სტატია და ერთსაათიანი საგამოძიებო ფილმი 1-ლ დეკემბერს გამოქვეყნდა, მასში გამოთქმულია ვარაუდი, რომ 2024 ნოემბერ-დეკემბერში ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ქიმიური ნივთიერება ე.წ. კამიტი გამოიყენა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ოცნება” “ბი-ბი-სის” წინააღმდეგ - რა ჩაიწერება სარჩელში და როგორი სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს მას.
“იმავე დღეს სუს-მა ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. შედეგები 6 დეკემბერს გამოაცხადა, რომ “2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისთვის გამოყენებულ იქნა ნივთიერება ქლორობენზინიდილ მალონონიტრილი”. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, “იყო მანიპულაციური სიუჟეტი და, შესაბამისად, ამ მანიპულაციის აღიარებას ვითხოვთ. კონკრეტულად რა მოთხოვნები იქნება, ამ ყველაფერს ნახავთ. ამ ეტაპზე არ ვაპირებ, წინასწარ ვისაუბროთ... არის შესაბამისი პროცედურები. პირველი - ეს გახლავთ “ბი-ბი-სის” შიდა მარეგულირებელი ისტრუმენტი, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს. თუ საკუთარი თავის დადანაშაულებაზე უარს იტყვიან, ვნახოთ, ამ შემთხვევაში მაინც როგორ სტანდარტს დაიცავენ. შემდეგ არის შემდეგი ინსტრუმენტები: მარეგულირებელი კომისია და სასამართლო, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. ჩვენ მივყვებით ყველა ამ პროცედურას იმ რიგითობით, რომლითაც საჭიროა”, - განაცხადა პაპუაშვილმა. ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ სარჩელმა კანონით გათვალისწინებული ყველა ინსტანცია უნდა გაიაროს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“სარჩელმა უნდა გაიაროს კანონით დადგენილი ყველა ინსტანცია, რომ ლეგიტიმურად იყოს მიჩნეული. ხელისუფლება ცდილობს დაიცვას ყველა წესი, რაც საერთაშორისო სარჩელებს შეეხება, რომ მერე ეს კიდევ დამატებით სადავო თემა არ გახდეს. ისეთი სერიოზული კორპორაციის წინააღმდეგ, როგორც “ბი-ბი-სია” და რომლის უკანაც ბრიტანეთის მთავრობა დგას, სარჩელს საკმაოდ სერიოზული მომზადება სჭირდება, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს, რათა ყველა ფაქტი იყოს შეგროვებული, გაანალიზებული და ა.შ., რადგან საქმე ძალიან სერიოზულ ქეისს ეხება, ფაქტიურად სახელმწიფოსა და ხელისუფლების პრესტიჟზეა ლაპარაკი. მართალია ვარაუდის დონეზე, მაგრამ რეალურად საერთაშორისო წრეებში ეს აღიქმება, როგორც ხელისუფლების მიერ ჩადენილია საკმაოდ სერიოზული დანაშაული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“ხელისუფლება ამბობს, რომ მე ეს დანაშაული არ ჩამიდენია, გამოქვეყნდა მასალებიც, ვიღაცამ დაიჯერა, ვიღაცამ - არა. შესაბამისად, სარჩელი ძალიან წონიანი არგუმენტებით უნდა იყოს გამაგრებული . არ წამიკითხავს და ეს, როგორც ჩანს, კონფიდენციალური დოკუმენტია. სავარაუდოდ, როდესაც მისი განხილვა დაიწყება, მეტ დეტალს გავიგებთ. ვადას რა თქმა უნდა ბოლომდე გამოიყენებენ, რადგან არც ერთი პუნქტი არ დარჩეს ხელისუფლებას ისეთი, რომელიც იქნება სადაო და რომელიც ხელისუფლების პოზიციას ბოლომდე არ გაამყარებს. ამას კი დრო და კვალიფიციური იურისტების მუშაობა სჭირდება და იმაზე საუბარი, რომ ეს პროცესი ჭიანურდება, არადამაჯერებლად მიმაჩნია”, - თვლის ანჯაფარიძე და შეკითხვაზე - “რა შეიძლება იყოს სავარაუდო სამართლებრივი შედეგი, მარეგულირებელ პირველ ინსტანციაში, რამდენად შეიძლება, რომ თუნდაც პირველ ინსტანციაში “ოცნებამ” წააგოს დავა?” - პასუხობს:
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორაა სარჩელი შედგენილი, რა ფაქტოლოგიაა იქ მოყვანილი და ა.შ. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ამ საკითხს ძალიან პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს. ეს თავიდანვე ვთქვი, როდესაც “ბი-ბი-სის” მასალა და ფილმი ვნახე. ფიგურანტები, ვინც მასში მონაწილოებდნენ, დაინტერესებული მხარეები იყვნენ და ფილმი ძირითადად მათ ჩვენებებზე აიგო. კი, ბატონო, დაიცვეს სტანდარტი და ხელისუფლებასაც გამოუგზავნეს კითხვები, მიიღეს პასუხები, მაგრამ ის პასუხები, რაც მათ კითხვებს ხელისუფლებამ გასცა, ფილმში პრაქტიკულად არ მოხვედრილა, ძალიან მინიმალისტურად გაშუქდა, უფრო მეორე მხარის პოზიციები დომინირებდა. ჩემი ვარაუდით, ეს გათვლილი იყო იმაზე, რომ გარკვეული აღქმები ჩამოყალიბებულიყო როგორც საერთაშორისო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში, ისე ოპიზიციისთვის მიეცათ დამატებითი მასალა იმისთვის, რომ აქციები გაეგრძელებინა. ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, თუ როგორი იქნება გადაწყვეტილება. მაგრამ თუ გადაწყვეტილება გამოცხადდა, როგორიც არ უნდა იყოს, ის იქნება პოლიტიკური”.
დავით ზურაბიშვილი - “ოპოზიცია რეალობას ვერ აღიქვამს და მიზნის მიღწევის გზებს ვერ განსაზღვრავს”
“ქართული ოცნების” გათვლით, უკრაინაში ომს რუსეთი მოიგებდა ან, მინიმუმ, ისეთი შედეგი დადგებოდა, რომელშიც რუსეთის ინტერესები იქნებოდა გათვალისწინებული. პარალელურად, ევროპა გადაიღლებოდა, უკრაინის მხარდაჭერას შეასუსტებდა, ამერიკაში ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ პოლიტიკური კონიუნქტურა შეიცვლებოდა და გარე ფაქტორები იმდაგვარად დალაგდებოდა, რომ საქართველოსთვის “ევროპული ფანჯარა” აღარ იქნებოდა ისეთივე ფართო, როგორიც ადრე. ამ მოლოდინმა ხელისუფლებას გაუმყარა განცდა, რომ დასავლურ სამყაროსთან დისტანციის გაზრდით და საქართველოს რუსულ-ჩინურ გეოპოლიტიკურ სივრცეში გადაყვანით ქვეყანაში აბსოლუტურ ძალაუფლებას შეინარჩუნებდა. თუმცა ეს პოლიტიკა არათუ წარმატებული აღმოჩნდა, არამედ ჩიხში შევიდა”, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიცია რეალობას ვერ აღიქვამს და მიზნის მიღწევის გზებს ვერ განსაზღვრავს”.
“შესაბამისად, პროპაგანდა, თითქოს “რადიკალები დაამარცხეს”, ჩემთვის გაუგებარია. რაში გამოიხატება “დამარცხება”? ვის ჰქონდა ილუზია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ასე უცებ დაემხობოდა. მიუხედავად იმისა, რომ “ოცნებამ” 2024 წლის არჩევნები “მოიგო” (გაყალბებისა და ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალური მობილიზების ხარჯზე), საზოგადოებრივი განწყობების თვალსაზრისით ამ პოლიტიკური ძალის მდგომარეობა გაცილებით უარესია, ვიდრე არჩევნების შემდგომ დღეებში იყო. მეტიც, საგარეო მიმართულებით ვითარება კატასტროფულია. ამიტომ ეს ყველაფერი უფრო მცდელობას ჰგავს, რომ საკუთარ ამომრჩეველს “ყოჩაღად” მოაჩვენონ თავი... არ არსებობს ოპოზიციის ერთიანი პოლიტიკური სტრატეგია და გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი, არანაირი კონტური არ ჩანს. ხელისუფლებამ კი შექმნა ვირტუალური, იდეოლოგიზებული რეალობა, სადაც ყველა წინააღმდეგობა “რადიკალიზმად” ინათლება, ამ ნარატივში კი ოპოზიცია მუდმივად დაცინვის და დისკრედიტაციის ობიექტია. ოპოზიციის დიდი ნაწილი პოლიტიკურ პროტესტს მხოლოდ ერთ ფორმაში ხედავს: თუ ოპოზიციაში ხარ, უნდა იდგე ქუჩაში. სხვა ინსტრუმენტები თითქოს არც არსებობს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“ქუჩის პროტესტი მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ არა ერთადერთი. წელიწადია პროტესტი გრძელდება და არ უარვყოფ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ წინააღმდეგობა არ გადაიზრდება პოლიტიკურ შედეგში, აზრი არა აქვს. დღევანდელი პროტესტი დასავლეთს აჩვენებს, რომ ივანიშვილი საქართველოში სიტუაციას ვერ აკონტროლებს, მაგრამ ამით ხელისუფლება ვერ დაემხობა. “ოცნების” გაბრაზებული ლიდერები კი იღებენ დრაკონულ კანონებს, აკრძალვებს აკრძალვებზე აწესებენ, ციხეებს პოლიტპატიმრებით ავსებენ... ამას მოჰყვება უფრო ძლიერი პროტესტი და მეტი დაპირისპირება. ოპოზიციას არ ჰყოფნის რესურსი და ფიზიკური ძალა, რომ “ოცნებას”~ რადიკალურად დაუპირისპირდეს, პროტესტანტების ის რაოდენობა, რაც დღეს არის, დაახლოებით 1000 კაცი, რუსთაველზე ყოველთვის იქნება. შეიძლება ყველა ერთდროულად არ გამოვიდეს, მაგრამ 1000 და 500 კაცი სულ იდგება. ამიტომ, ეს მოძრაობა იარსებებს როგორც მუდმივი ფონური პროცესი. ფართო მასშტაბამდე პროტესტი არ გაიზრდება, თუ ხელისუფლებამ არ გადადგა უკიდურესად მძიმე და გამაღიზიანებელი ნაბიჯი, რაც საზოგადოებრივ უკმაყოფილებას ახალ ტალღად გარდაქმნის”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“მხოლოდ მედიაში საუბარი არაფერს ცვლის, ხალხმა ისედაც იცის, რა პრობლემებია ქვეყანაში, სხვა რამეა საჭირო: საკრებულოებისა და პარლამენტის გამოყენება, კონკრეტული, წერტილოვანი დარტყმები. პოლიტიკა არ კეთდება მხოლოდ განცხადებებით. ლიდერებმა უნდა გაიაზრონ, რომ სხვა ინსტრუმენტებიც არსებობს - სამართლებრივი ბრძოლა, საჯარო სამსახურში მომუშავე პირებთან მუშაობა, ადგილობრივ დონეზე აქტიურობა. სხვანაირად ოპოზიცია ვერ ააშენებს სოციალურ თემებზე რეალურ დღის წესრიგს და ვერ იპოვის იმ ჯგუფებს, რომელთაც ეს თემები ეხება. ხვალ რომ ხელისუფლებამ პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს და რიგგარეშე არჩევნები დააანონსოს, იცით, რას იზამს ოპოზიცია? ნახევარზე მეტი არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს. მათი აზრით, თურმე ხელისუფლებამ ჯერ ცესკოს შემადგენლობა უნდა შეცვალოს, მერე სასამართლოს მისცეს დამოუკიდებლობა, არჩევნები ჩაატაროს და წავიდეს სახლში. თუ ხელისუფლება ამის გამკეთებელია, მაშინ რას ვერჩით?” - დაასკვნის ანალიტიკოსი.
“სწორედ იმიტომ გვინდა მისი შეცვლა, რომ ამას არ აკეთებს. ოპოზიციაში ინტელექტის პრობლემა არ არის, უბრალოდ, კონკრეტული პირები ხვდებიან, რომ თავად არა აქვთ რესურსი, რომ დიდ პროტესტს უხელმძღვანელონ და არც იმის მზაობა აქვთ, სხვებს დაუთმონ ადგილი. არ ვიცი, სხვაგვარად როგორ აიხსნება ის ისტერიკა, რაც 2024 წლის არჩევნებს მოჰყვა. აბსოლუტური სერიოზულობით აცხადებდნენ, რომ ეს იყო “რუსული სპეცოპერაცია”. ხომ ჩაშალეს “სპეცოპერაცია”, რა მოიგეს? სანამ ოპოზიციაში არ გაიაზრებენ, რომ მათი სტრატეგია პრინციპულად მცდარია, არაფერი გამოვა. ასეთ პირობებში დასავლეთიც ხელს ჩაიქნევს. პარადოქსია, მაგრამ თუ ვინმე გადაარჩენს დღეს ივანიშვილს, სწორედ ოპოზიციაა. შეიძლება ამერიკელებმა ივანიშვილს კობახიძის, პაპუაშვილისა და სხვა ოდიოზური ფიგურების სხვა მარიონეტებით შეცვლა მოსთხოვონ და ამით შემოიფარგლონ. იმასაც არ გამოვრიცხავ, თუ ასე გაგრძელდა, ივანიშვილს სანქციებიც მოუხსნან. 2024 წელს ჯერ კიდევ იყვნენ ოპოზიციაში პოლიტიკოსები, რომლებთანაც ლაპარაკი შეიძლებოდა, დღეს ვერ დაასახელებთ ლიდერს, რომელიც რეალურად განსაზღვრავს რუსთაველზე მიმდინარე პროტესტის დღის წესრიგს. გარე აქტორებისთვისაც სწორედ ეს არის მთავარი კითხვა - ვინ არის ალტერნატივა?”, - მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი.
“ივანიშვილი კლასიკური რუსი ოლიგარქის ტიპია, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ რუსეთის ინტერესებია მისთვის მთავარი. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი ინტერესები, ოჯახი და ფულია. მისთვის “გეოპოლიტიკა” უკავშირდება რწმენას, რომ დასავლეთი მის ჩამოგდებას ცდილობს. შვეიცარიის ბანკის გაკოტრება საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართულ აქციად აღიქვა. რამდენჯერმე სცადა ამერიკელებისთვის ხმის მიწვდენა, ნუ მაკოტრებთ, თავი დამანებეთო, თუმცა ვაშინგტონში ეს განცხადებები სერიოზულად არც აღიქვეს. როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მან ეს შესაძლებლობად ჩათვალა და გადაწყვიტა, რუსეთ-ჩინეთის ბანაკში გადასულიყო. თუმცა რუსეთმა იმედი არ გაუმართლა. შემთხვევითი არ იყო მისი ბოდიში ოსი სეპარატისტებისთვის, ელოდა, რომ თუ უარს იტყოდა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რუსეთი ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ბენეფიტებს შესთავაზებდა”, - ამტკიცებს ანალიტიკოსი.
“რუსეთმა ივანიშვილის სასარგებლოდ არათუ კონკრეტული ნაბიჯი გადადგა, არც მიანიშნა, რომ მზად იყო პოზიციის გადახედვისთვის. მხოლოდ მიუთითა, აღიარე აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა, ხელი მოაწერე თავდაუსხმელობის ხელშეკრულებასო, ეს კი ივანიშვილს არ აწყობდა. მას იმედი გაუცრუეს არაბებმა და ჩინელებმაც, მათგან დიდ ფულს ელოდა. აღმოჩნდა, რომ მათთვის დასავლეთთან მჭიდრო კავშირში მყოფი საქართველო იყო საინტერესო. ივანიშვილს ევროკავშირთან ურთიერთობის გაფუჭება დიდად არ აღელვებს, აშშ-სთან კი საქმე სხვაგვარადაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მადურო გაიტაცეს. ის ძალიან შეშინდა და ცდილობს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგებას, თუმცა არ გამოსდის. მიზეზი მარტივია: ტრამპს საქართველოსთვის არ სცალია. ვაშინგტონში ყველას, ვინც საქართველოს საკითხებში გარკვეულია, ივანიშვილთან ცუდი ურთიერთობა აქვს”, - დასძენს დავით ზურაბიშვილი.
რატომ გადააქვს “ოცნებას” პარლამენტი და თბილისის მერია არსენალის მთაზე
“მმართველი პარტია აპირებს პარლამენტი, მთავრობის ადმინისტრაცია, თბილისის მერია და 9 სამინისტრო არსენალის მთაზე გადაიტანოს. 10 იანვარს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოაცხადა. რამდენად გამართლებულია ეს გადაწყვეტილება და ხომ არ დგას ამის უკან რაიმე პოლიტიკური კონტექსტი? ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მასშტაბური პროექტი თბილისში, ე.წ. არსენალის მთაზე, გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე სამთავრობო შენობების არსენალის მთაზე გადატანას პოლიტიკურ და ფინანსურ მიზეზებს უკავშირებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ გადააქვს “ოცნებას” პარლამენტი და თბილისის მერია არსენალის მთაზე.
“სამთავრობო ქალაქის პროექტის მიზანია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე, ერთიანი სივრცის შექმნა, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერება და ოპტიმიზაცია, ასევე სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარება... სამთავრობო ქალაქის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს პარლამენტის შენობა, მთავრობის ადმინისტრაცია, საგარეო, ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის და კულტურის სამინისტროები. ასევე, თბილისის მერია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი... სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის გამოცხადებული ბაზრის კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფიციალურ გვერდებზე”, - ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში”, - აღნიშნავს გამოცემა.
“წინა ხელისუფლებამ პარლამენტი ქუთაისში გადაიტანა, ახლა ამათ არსენალის მთაზე გადააქვთ. და მეორე, რა თქმა უნდა, ფინანსური ინტერესებია, რადგან ქალაქის ცენტრია და ხომ წარმოგიდგენიათ მანდ უძრავი ქონება რა ეღირება. ისიც ხომ იცით, რომ მას ვიღაც შემთხვევითი მყიდველი ხელში ვერ ჩაიგდებს. ესეც ფინანსური სარგებელია. მას ან ბიძინა ივანიშვილი იყიდის, ან ვინმე უცხოელი, რომელთანაც წილში იქნებიან, როგორც ხდება ხოლმე. ამიტომაც დაწესებულებების იქ გადატანა აწყობთ. ცოტა ხანში შეიძლება პრეზიდენტის სასახლეც გადაიტანონ და იქნება პატარა, დაზღვეული სამთავრობო ქალაქი. ფაქტობრივად, იზოლირებული იქნება”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე. ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. “არ მგონია ეს პოლიტიკურ კონტექსტთან იყოს დაკავშირებული. რუსთაველზე პროტესტები ისევ გაგრძელდება. მსოფლიოში ეს პრაქტიკა მიღებულია. მაგალითად, ისრაელში თავდაცვის სამინისტროსა და ძალოვანების გარდა, დანარჩენი სამინისტროები ერთად იყო და საკმაოდ ჰარმონიულად მუშაობდნენ. ჩვენზე გაცილებით დიდ სახელმწიფოებს არ უკავიათ ამხელა ადგილები და ასე ცალკე სამინისტროები გამოყოფილი არ არის”, - ამბობს მამრაძე, რომლის აზრით, “ეს საჭიროა აქაც”, - დასძენს გამოცემა.
თორნიკე შარაშენიძე - დანგრეული მსოფლიო წესრიგი ანუ “მე ვარ და ჩემი ნაბადის” გეოპოლიტიკა?!
“საერთაშორისო წესრიგი ბოლო დროს ჩინეთზე მუშაობს, რადგან ეკონომიკური ზრდის წყალობით უკვე ახდენს ექსპანსიას, მათ შორის დასავლეთ ნახევარსფეროშიც და მყარად იყო ფეხგადგმული პანამაშიც, ვენესუელაშიც და კიდევ ბევრგან. ვენესუელა დიდი ტერიტორიაა, მოიპოვება ბევრი ნავთობი, იშვიათი მინერალები და ა.შ., იშვიათი მინერალები კი ამერიკისთვის ძალიან მტკივნეული თემაა, ძირითადად, სწორედ ჩინეთისგან ყიდულობს და ახლა იმპორტის რაღაცნაირად დივერსიფიცირება უნდა, რადგან არ სურს ჩინეთზე იყოს ჩამოკიდებული. თვენახევრის წინ გამოქვეყნდა ამერიკის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, სადაც მთავარ პრიორიტეტად თავის ნახევარსფეროში პოზიციების განმტკიცებაა. ვენესუელა იყო ჩინეთის გავლენაში, ჩინეთმა დახარჯა იქ ათეულობით მილიარდი, პლუს ვენესუელა კვებავდა კუბას, რომელიც დიდი ხანია გამოწვევაა “მონროს დოქტრინისთვის”, უკვე ათწლეულებია არ ემორჩილება ამერიკას”, - აცხადებს ექსპერტი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დანგრეული მსოფლიო წესრიგი ანუ “მე ვარ და ჩემი ნაბადის” გეოპოლიტიკა?!
“ამიტომაც ჩათვალეს, რომ ვენესუელის დამორჩილებით იქიდან გააძევებენ ჩინეთს; ამით მიაღწევენ იმასაც, რომ კუბაში რეჟიმი ჩამოიშლება და პრაქტიკულად ვიღა დარჩება? დარჩება ნიკარაგუა და მას როგორმე აიტანენ. ჩინეთი ნიკარაგუაში შეიძლება დიდხანს დარჩეს, იქ ამერიკას ჩარევის ძალზე მძიმე გამოცდილება აქვს და არც ისე მარტივია სიტუაციის შეცვლა... ხომ ვნახეთ, რომ არ აპირებენ არსად დემოკრატიების მშენებლობას. ამჯერად მსგავსი ზღაპრები არ მოგვისმენია და თქვეს პირდაპირ, ჩინეთი უნდა გაძევდეს აქედან, ჩვენ გვინდა ნავთობიო... ეს არის მთავარი - უპირველესად ბრძოლა ჩინეთის გავლენასთან, რესურსები მაინც მეორეხარისხოვანია, იმიტომ, რომ ნავთობი აშშ-ს თავადაც ბლომად აქვს. და კიდევ - რაც უფრო შორს იქნება ამერიკიდან რეგიონი, უფრო რთული იქნება მსგავსი ოპერაციების ჩატარება. ერთია, მიაყენო ფლოტი შენთან ახლომდებარე ვენესუელას, ჩაკეტო ზღვიდან და ჩაატარო სპეცოპერაცია და მეორე, მსგავსი ოპერაცია ჩაატარო სადღაც შორს, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, რომელსაც შესაძლოა ზღვაზე გასასვლელი არც აქვს და ვერ დაბლოკავ ზღვიდან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.
“გრენლანდიაც ძალიან მდიდარია იშვიათი მინერალებით, სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია, იმიტომ, რომ მთელ არქტიკას აკონტროლებს. იქიდან შეიძლება გაჭრა არქტიკაზე, სადაც ნავთობის დიდი მარაგია. თუმცა არქტიკაში დიდი უპირატესობა აქვს რუსეთს, იმიტომ, რომ ჰყავს ყინულმჭრელების მსოფლიოში ყველაზე დიდი ფლოტი და მას კონკურენციას ვერ უწევენ. ამიტომაც, როგორც ჩანს, ამერიკა ფიქრობს, რომ გრენლანდიას რამე ფორმით ჩაიგდებს ხელში. იმედია, პირდაპირ ანექსიას არ მოახდენს. იქ განთავსდება კიდევ უფრო დიდი ამერიკული ბაზა და დაიწყება იქაური რესურსების ათვისება. ტრამპს “დილმეიქერობის” დიდი გამოცდილება აქვს და როცა სურს ამის გაკეთება, ყოველთვის მკვეთრი განცხადებებით იწყებს. ახლაც მგონია, დანიასთან რაღაც გარიგებამდე მივა. არ არის გამორიცხული, გადასვას ჯარი და უთხრას, ჩვენ აქა ვართ და დამთავრდა, რაც გინდათ დაარქვით, თუ გინდათ თქვენი იყოს ფორმალურად, მაგრამ აქ ჩვენ ვართო!” - განაგრძობს რესპონდენტი.
“უკრაინის საკითხში ამერიკის თავშეკავების მიზეზი ისევ ჩინეთთან დაპირისპირების ლოგიკაში უნდა ვეძებოთ. მათთვის გაუგებარია, რატომ უნდა გადაიმტერონ რუსეთი უფრო მეტად, როცა ის მათთვის მთავარ საფრთხეს არ წარმოადგენს. სწორედ ეს პრაგმატული მიდგომაა ამერიკული საგარეო პოლიტიკის ამოსავალი წერტილი. ახალ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მათ აღარ აქვთ პრეტენზია იყვნენ მსოფლიო წესრიგის ერთპიროვნული გარანტები. ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ უნიპოლარული სამყაროს ეპოქა დასრულდა და ახალ, ბიპოლარულ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც ამერიკის მისია მეორე პოლუსთან - ჩინეთთან დაპირისპირებაა. შესაბამისად, ვაშინგტონის ყველა საგარეო ქმედება სწორედ ამ ლოგიკით უნდა გავიგოთ - ისინი გააქტიურდებიან იქ, სადაც ჩინური ინტერესები და სტრატეგიული ადგილებია”, - განმარტავს ექსპერტი.
“ამ სტრატეგიული დაპირისპირების თვალსაჩინო მაგალითებია ვენესუელა და ტაივანი, რაც ოფიციალურ დოკუმენტებშიც არის დაფიქსირებული. რაც შეეხება საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს, ჩვენი ქვეყანა არ წარმოადგენს ამ მასშტაბის დაპირისპირების საგანს. აქ არ იკვეთება ისეთი ჩინური ინტერესები, რომელთა გამოც ამერიკა ჩინეთთან კონფრონტაციაში შევა. რაც შეეხება საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებს მიმდინარე მოვლენები ქმნის ახალ პრეცედენტებს, პრინციპით “მე ვარ და ჩემი ნაბადიო”, თუმცა რეალურად საქართველოს 2008 წლის შემდეგ უსაფრთხოების გარანტია არავისგან აქვს. უსაფრთხოების გარანტიები არც 2008 წლამდე გვქონია, მაგრამ ომის შემდეგ რუსული ჯარი თბილისიდან სულ რაღაც 40 კილომეტრში დგას. ამიტომ ჩვენთვის დღეს დიდად არაფერი შეცვლილა. ჩვენს ქვეყანაში განთავსებულია რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც პირდაპირ ჩვენს წინააღმდეგ არის მომართული. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს და, მიუხედავად იმისა, ზოგს შეიძლება ბოლომდე არ ჰქონდეს გაცნობიერებული ამ პრობლემის მასშტაბი, ჩვენ ამ რეალობაში დიდი ხანია ვარსებობთ”, - ამტკიცებს თორნიკე შარაშენიძე.
“ვენესუელისგან განსხვავებით, საქართველოს არ გააჩნია ნავთობი ან იშვიათი მინერალები და არ მდებარეობს ამერიკის უშუალო სამეზობლ აქვს სტრატეგიული რესურსი - შავი ზღვის სანაპირო და პორტები. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ანაკლიის პორტის მშენებლობის შეფერხებაც. პრობლემა ის არის, რომ პორტის მშენებლობაში ჩინური ინტერესების შემოსვლა ამერიკისთვის მიუღებელია. გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ანაკლიის პორტის პროექტი რუსეთის მოთხოვნით შეჩერდა, მითია. სინამდვილეში აქ ჩინეთის ფაქტორი ინტერესები იკვეთება. არსებობს ალბათობა, რომ საქართველოს საკითხი კვლავ უცვლელი დარჩეს. ეს ვითარება ობამას ადმინისტრაციის დროს დაწყებული “გადატვირთვის” პოლიტიკიდან მოყოლებული გრძელდება. მაშინ რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის მიზანი ირანის საკითხი იყო, თუმცა ერთ-ერთ, არა პირველხარისხოვან, მაგრამ მაინც განსახილველ თემას საქართველოც წარმოადგენდა. შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს საკითხი ისე დაეტოვებინათ, როგორც იყო. დიდია შანსი, რომ ახლაც ყველაფერი უცვლელად, ანუ, როგორც ინგლისურად იტყვიან, “ბაი დეფოლტ” გაგრძელდეს და სიტუაცია დარჩეს ზუსტად ისეთივე”, - თვლის რესპონდენტი.
“ევროკავშირში განხეთქილება, რაც უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო გაამწვავა, ორგანიზაციის ერთიანობას დიდ საფრთხეს უქმნის. თუ ადრე მხოლოდ ორბანი გამოხატავდა განსხვავებულ პოზიციას, დღეს უკვე იკვეთება სახელმწიფოების ჯგუფი, რომელსაც ნებისმიერ ფასად ომის დასრულება სურს. გარდა პოლიტიკური რღვევისა, ევროკავშირს მძიმე დარტყმა მიაყენა ეკონომიკურმა კრიზისმაც. ევროკავშირი, როგორც ერთიანი საგარეო-პოლიტიკური მოთამაშე, სრულყოფილად არასდროს არსებულა, რაც დღეს უფრო თვალსაჩინოა - უკრაინის დახმარების პროცესში გაერთიანების ნაცვლად, ე.წ. მსურველთა კოალიცია მონაწილეობს. გლობალურ პოლიტიკაში ანგარიშგასაწევ ძალად ქცევისთვის აუცილებელია სამხედრო პოტენციალი და პოლიტიკური ნება, რაც ევროკავშირს არ გააჩნია”, - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - “ანუ საფრთხე “ყველას ომი ყველას წინააღმდეგ” რამდენად ძლიერია?” - პასუხობს:
“დღეს ევროკავშირსა და ამერიკას შორის განხეთქილება იკვეთება, რაც ზოგიერთი ევროპელი ლიდერის განცხადებებშიც ჩანს, რომ ამერიკა აღარ არის მათი მეგობარი. მართალია, ორი წლის წინ უკრაინის ომმა ეს ორი მხარე დააახლოვა, მაგრამ ახლა ეს ერთიანობა დასრულდა. ევროკავშირი აღარ არის ისეთი დაცული, როგორიც ათი წლის წინ იყო. მისი წარმატება სამ მთავარ საყრდენზე იდგა, რომლებიც ახლა მოშლილია: პირველი - ამერიკის მიერ გარანტირებული თავდაცვა, რაშიც დღეს გაურკვევლობაა; მეორე - რუსულ გაზზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდა, რაც უკვე დამთავრდა; მესამე - ჩინური ბაზარი. ამ ფაქტორების მოშლის გამო ევროკავშირი ნაკლებად დაცულია, ვიდრე წარსულში...”