ირაკლი ქადაგიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე - როცა მყარი მტკიცებულებების ერთობლიობა დადგა, შემდგომ უკვე სამართალდამცავი და სასამართლო ხელისუფლების მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული

როდესაც გუნდი, ამ შემთხვევაში, რაც არ უნდა მძიმე იყოს პოლიტიკურად, ხელს არ აფარებს გამოკვეთილ კორუფციულ თუ კანონის დარღვევის შემთხვევებს - სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა სახელმწიფოს და სახელმწიფო ინტერესების წინაშე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, როცა კორუფციულ ბრალდებაზე მყარი მტკიცებულებების ერთობლიობა დადგა, სამართალდამცავი და სასამართლო ხელისუფლების მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

„უნდა დავუკვირდეთ პასუხისმგებლობა რას ნიშნავს. როდესაც გუნდი, ამ შემთხვევაში, რაც არ უნდა მძიმე იყოს პოლიტიკურად, ხელს არ აფარებს გამოკვეთილ კორუფციულ თუ კანონის დარღვევის შემთხვევებს, სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა სახელმწიფოს და სახელმწიფო ინტერესების წინაშე.

როდესაც საუბარია თანამდებობის პირის კორუფციულ ბრალდებასთან დაკავშირებით, ამაზე მყარი საფუძველი და მტკიცებულებების ერთობლიობა უნდა იყოს. როცა მყარი მტკიცებულებების ერთობლიობა დადგა, შემდგომ უკვე სამართალდამცავი და სასამართლო ხელისუფლების მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, იღებს თუ არა პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებლობას, ქადაგიშვილმა უპასუხა, რომ ყველას პასუხისმგებლობაა რომ კორუფციული ფაქტები, მათ შორის სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებული, იყოს მინიმიზირებული.

„ერთია თქვენ რა მიზანი გაქვთ, მეორეა რა მიზანი აქვს სახელმწიფოს. სახელმწიფოს მიზანია, რომ საქართველო იყოს კორუფციისგან დაცლილი ქვეყანა. რეიტინგებში მე-20 ადგილზე ვართ და გაცხადებული მიზანია, რომ საუკეთესო სამეულში ვიყოთ. აქედან გამომდინარე, ყველას პასუხისმგებლობაა რომ კორუფციული ფაქტები, მათ შორის სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებული, იყოს მინიმიზირებული. ეს არის ჩვენი საერთო პოლიტიკა - მათ შორის, ივანიშვილის.

მთელ მსოფლიოში, როცა ხდება კორუფციული ფაქტების გამოვლენა, მასზე რეაგირება ხდება, სწორედ ასე მოხდა საქართველოში.

რამდენი ფაქტიც იქნება, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი მტკიცებულება იქნება იმის მოხედვით იქნება [რეაგირება] და არა სერიალის მიხედვით, როგორც თქვენ ბრძანებთ”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. პროკურატურის განცხადებით, ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ