იულია ტიმოშენკო - ჩემს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სრულიად პოლიტიკური საქმეა - ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ფალსიფიცირებულია

უკრაინელი დეპუტატი და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოში სხდომას ესწრება, სადაც მის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების ზომაზე იმსჯელებენ.

სასამართლო სხდომაზე ტიმოშენკომ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს „პოლიტიკური საქმე“ უწოდა. მისი მტკიცებით, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც ის თანხების გადარიცხვას განიხილავს, სრულიად ფალსიფიცირებულია.

„ბატკივშინას“ ლიდერმა პირობა დადო, რომ ამას სასამართლოში დამოუკიდებელი ექსპერტიზის მეშვეობით დაამტკიცებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ იყო პარლამენტის მეორე წევრი, რომელიც გამოქვეყნებულ ჩანაწერებში მას ესაუბრება, ტიმოშენკომ უპასუხა, რომ ასეთი საუბარი არასდროს მომხდარა.

„ეს სრულიად პოლიტიკური საქმეა. ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ, არსებობის 10 წლის განმავლობაში, ერთი „დამნაშავე“ იპოვა“, - აღნიშნა ტიმოშენკომ.

მისი თქმით, ჩხრეკის დროს ჩამორთმეული თანხები მისი პირადი დანაზოგი იყო.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ კორუფციის ბრალდებით იულია ტიმოშენკოს პარტიის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა.

ანტიკორუფციულ სააგენტოებში განაცხადეს, რომ ერთ-ერთი საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი კონკრეტული კანონპროექტების მხარდასაჭერად ან მათ წინააღმდეგ ხმის მისაცემად, დეპუტატებს ქრთამს სთავაზობდა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება