სანდრო ბარამიძე - მსოფლიოში დიქტატორულ რეჟიმებთან დაკავშირებით ვითარება მკვეთრად შეცვლილია და ეს უნდა ახსოვდეს ივანიშვილის რეჟიმს - ასევე დიქტატორულს!

მსოფლიოში დიქტატორულ რეჟიმებთან დაკავშირებით ვითარება მკვეთრად შეცვლილია და ეს უნდა ახსოვდეს ივანიშვილის რეჟიმს - ასევე დიქტატორულს! თუ მსოფლიოში ტენდენცია ისეთია, რომ დიქტატორული რეჟიმები დასასრულისკენ მიდის, მაშინ ადრე თუ გვიან საერთაშორისო თანამეგობრობა ამ დიქტატორული რეჟიმისთვისაც მოიცლის და ამას დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება, - ეს შეფასება „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა სანდრო ბარამიძემ გააკეთა.

ბარამიძის განცხადებით, საზოგადოებაში არსებობს ფართო კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ „ივანიშვილის რეჟიმი ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს გასცდა და კონსტიტუცია უბრალოდ კი არ დაარღვია, კონსტიტუციური წესრიგი თვითონ დაამხო ამ ქვეყანაში“.

„აღარ არის ადამიანის ძირითადი უფლებები, შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლების უფლება მოსპო, ასევე მოსპო გაერთიანების თავისუფლება და მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს საარსებო საშუალებები გადაუკეტა. ახლა ცდილობს ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმი დახუროს, წარადგინეს რა საკონსტიტუციო სარჩელი სამი პარტიის აკრძალვის შესახებ. თქვეს, არც ამაზე გავჩერდებით და თუ ვინმეს რეიტინგი ექნება, საჩივარს მათ წინააღმდეგაც შევიტანთო. უნდათ, რომ პოლიტიკური პლურალიზმი დახურონ და აქედან გამომდინარე, დახურონ საარჩევნო დემოკრატიაც, რადგან თუ არჩევანი არა გაქვს, არჩევნებს აზრი ეკარგება. მათ არაფერი შეუშლით ხელს, რომ პარტიების აკრძალვის შესახებ ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდონ და შემდეგ ე.წ. დაკავშირებულ პირებსაც მიადგნენ.

საერთოდ, მთელს მსოფლიოში დიქტატორულ რეჟიმებთან დაკავშირებით ვითარება მკვეთრად არის შეცვლილი და ეს უნდა ახსოვდეს ამ რეჟიმს - ასევე დიქტატორულს! თუ მსოფლიოში ტენდენცია ისეთია, რომ დიქტატორული რეჟიმები დასასრულისკენ მიდის, მაშინ ადრე თუ გვიან საერთაშორისო თანამეგობრობა ამ დიქტატორული რეჟიმისთვისაც მოიცლის, ოღონდ ამას დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება, რადგან ეს არ არის არც ირანი, არც ვენესუელა, რომელსაც ვერ რესურსებით, ვერც ტერიტორიით, ვერც რეჟიმის სისასტიკით და კონტროლის სფეროებით ვერ შეედრება. ამ რეჟიმს ბევრი არაფერი სჭირდება“, - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

ბარამიძემ BBC-ის წინააღმდეგ “ქართული ოცნების“ საჩივარიც შეაფასა, რომელიც 2024 წლის საპროტესტო აქციების დაშლის დროს პოლიციის მიერ გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით მომზადებულ ფილმს შეეხება.

ბარამიძის აზრით, „ქართული ოცნების“ საჩივარს წარმატების შანსი არა აქვს არც არსებითი და არც საპროცესო თვალსაზრისით. მისივე განცხადებით, ხელისუფლებას ჭეშმარიტების დადგენა რომ სურდეს, საერთაშორისო გამოძიებას თავად მოიწვევდა.

„BBC-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ავტორიტეტული საზოგადოებრივი მაუწყებელია. „ქართული ოცნება“ რეპორტაჟის ხარისხის და ეთიკის წესებს BBC-ის ვერ ასწავლის. თვითონ არის პროპაგანდისტული სიცრუის მანქანა და რანაირად შეიძლება მსოფლიოში აღიარებული მედიის მიმართ რაიმე დასაბუთებული პრეტენზია ჰქონდეს.

BBC-ის ფილმი ეყრდნობა არა სპეკულაციებს ან BBC-ის მიერ დადგენილ ფაქტებს, არამედ 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს დაზარალებული პირების ჩვენებებს, ცნობებს, ქიმიური ნივთიერებების დარგში საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტების დასკვნებს და სხვა წყაროებს, რომელზე დაყრდნობითაც მოსაზრებები და დასკვნები გამოაქვს. BBC-ის მიმართ საჩივარი საფუძვლიანი არ არის.

მეორე ასპექტია ის, რომ „ქართული ოცნების“ საჩივარი, როგორც ის შალვა პაპუაშვილმა აღწერა და პრეტენზიები, რომელიც „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას აქვს, დაუშვებელია ნებისმიერი ფაქტის დამდგენი ორგანოსთვის მსოფლიოში - იქნება ეს შიდა სამართლებრივი სტრუქტურები თუ საერთაშორისო სასამართლო, როგორიცაა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო.

საპროცესო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპია, რომ პირს შეუძლია საჩივრით მიმართოს შესაბამის ორგანოს მხოლოდ მისი დარღვეული უფლებების აღსადგენად. სხვის მაგივრად საჩივარს ვერ შეიტან. პაპუაშვილმა ოთხი პრეტენზია ჩამოთვალა, რაც „ქართულ ოცნებას“ BBC-ის მიმართ გააჩნია. ამ ოთხი პრეტენზიიდან სამი პარტია „ქართულ ოცნებას“ არ ეხება. ორი შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხება და ერთი - ბიძინა ივანიშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბიძინა ივანიშვილის მაგივრად „ქართული ოცნება“ საჩივარს ვერ შეატანს. ასეთი საჩივარი ყველაზე ორგანოს მიერ - საქართველოში, საზღვარგარეთ თუ საერთაშორისო მასშტაბით დაუშვებლად იქნება ცნობილი“, - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა