სამოქალაქო წრეებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში არის საუბარი, როგორც კი შეთანხმება იქნება, საჯაროდ გამოიტანენ. ალბათ, მეც ვიქნები ამის ნაწილი. ეს არ იქნება ის, რაც აქამდე გვესმოდა, კოორდინაციაზე ბევრად მეტი იქნება, მათ შორის, თამაშის წესებზე იქნება შეთანხმება, ხედვებზე და ასე შემდეგ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ ოპოზიციურ ერთობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რაღაცები „გატეხილია და გამთლიანებას დრო დასჭირდება“, ერთ-ერთი პრობლემა კი ნდობის არარსებობაა.
„მთავარი პრობლემა არის ნდობა, ან ნდობა არ არის იმის გამო, რომ ფიქრობენ, შესაძლოა, ვიღაცა ბიძინასთან რაღაც თამაშს თამაშობდეს, ან თუ ადრე თამაშობდა, ფიქრობენ, რომ ბოლო კრიტიკულ დროს შესაძლოა, სანდო არ იყოს. გადალახვის ორი გზა არსებობს: კომუნიკაცია არსებობდეს ადამიანებს შორის, ერთად დაიწყონ რაღაცების კეთება. ნდობას ასე ვერ გააჩენ, რაღაცები გატეხილია და გამთლიანებას დრო დასჭირდება, ერთად რაღაცები უნდა ვაკეთოთ. რაღაც კომუნიკაცია არის, განსაკუთრებით გარეთ მუშაობაზე, კარგადაც არსებობს, თუმცა, არ არის იმ მასშტაბის კომუნიკაცია, რაც ნდობას გააჩენს. თუ ეს ვერ ხერხდება წესებზე უნდა შევთანხმდეთ. ახლა მიდის საუბარი, ჩემამდე დაძრული პროცესია, ცალკე სამოქალაქო წრეებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში არის საუბარი. როგორც კი შეთანხმებები იქნება, საჯაროდ გარეთაც გამოიტანენ. ალბათ, მეც ვიქნები ამის ნაწილი. ეს იქნება ერთიანობა, წესებზე თანხმობა, განსაზღვრული იქნება, თუ რის გარშემო იქნება ერთიანობა. ეს არ იქნება ის, რა აქამდე გვესმოდა, უბრალოდ მარტივი კოორდინაცია რაღაც საკითხებზე, კოორდინაციაზე ბევრად მეტი იქნება, მათ შორის, თამაშის წესებზე იქნება შეთანხმება ხედვებზე და ასე შემდეგ, ბევრი რაღაც არის“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.
როგორც ჯაფარიძე აცხადებს, ტექნიკური საკითხებია, რომელიც გადასაწყვეტია. მისივე თქმით, გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია პარტიების, პოლიტიკოსებისა და სხვა პირების ისეთი კრებული იყოს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული პროცესში - ვისაც ექნება მაქსიმალური ლეგიტიმაცია.
„ე.წ. რვიანს, დაწყებული ჰქონდა რეგისტრაცია, პლატფორმა შეგიძლია გააკეთო, სადაც აუხსნი ადამიანებს, რომ ყველა ვრეგისტრირდებით აქ, რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლთა საერთო გაერთიანებაზე. თქვენ გაძლევთ, უფლებას გადაწყვიტეთ, ვინ იქნება ლიდერშიფი. არჩევნები არა, შესაძლოა რეიტინგი გააკეთო. ვნახავთ, რაზე შევთანხმდებით, სათქმელად მარტივია რომ ალტერნატივა უნდა დაიხატოს, უბრალოდ ეს ალტერნატივა როგორი უნდა იყოს, როგორ უნდა მივიდეთ მანამდე, როდესაც ყველა ერთმანეთს დედას აგინებს და ტალახს ესვრის, მანდ ტექნიკური საკითხებია, რომელიც გადასაწყვეტია. შემდეგ ორ კვირაში გიორგი ვაშაძე და ნიკა გვარამია გარეთ იქნება, დაველოდოთ, გამოვიდნენ ჩაერთვებიან ამ პროცესში და ეს არ გაიწელება 3-7- თვე. მე არ მაქვს მაგდენი დრო. ზუსტად ვიცი, ბევრი დრო არ მაქვს, არ მცალია მაიმუნობისთვის. მაღალი ალბათობაა ისევ უკან შემაგდონ. მინდა, მოვასწრო გავიგო ვინ რას ფიქრობს, ხედვებში დიდი აცდენა არ არის, ტექნიკური საკითხებია, რაზეც კამათი და მსჯელობა მიდის“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.
მან ოპოზიციური ერთობის დროს ლიდერის გამოკვეთაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არარეალისტური ჰგონია.
მისივე თქმით, ის დროს ხარჯავს ერთობასა და კონსოლიდაციის შექმნაზე იმის ნაცვლად, რომ საკუთარი იმიჯის „გათეთრებაზე“ მუშაობდეს.
„ამბიციაში ჩემს შემთხვევაშიც არ არის პრობლემა. არარეალისტური ამბავი მგონია. ჩემს წინააღმდეგ პროპაგანდა წლების განმავლობაში მუშაობს... ამ ქვეყნის საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში როგორ ვარ გაშავებული, ამას ვაწყდები ადამიანებთან ურთიერთობაში, ვიცი რა არის გამჯდარი საზოგადოებაში. დროს ვხარჯავ ერთობა და კონსოლიდაცია შეიქმნას იმის ნაცვლად, რომ საკუთარი იმიჯის „გათეთრებაზე“ ვმუშაობდე. ვიღაც ახალი ლიდერი რომ გაჩნდეს, ორ კვირაში „გაგიშავებს“ აწყობილი პროპაგანდა“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.
ამასთან, ის „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებას, გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: „კოლეგები, მათ შორის, ზურა ჯაფარიძე და სხვები სხვანაირად იყვნენ განწყობილები გირაოს იდეაზე, ახლა კი სხვანაირად არის განწყობილი“.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, გრიგოლის მხრიდან ფაქტობრივად არაზუსტი კომენტარი იყო. „ველაპარაკე „ლელოს“. არასდროს არც მე და არც ჩვენი კოალიციის არცერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია კომენტარი, რომ გირაოს გადახდა რეჟიმთან თანამშრომლობაა. სრული სისულელეა! საწინააღმდეგო კომენტარები გვაქვს გაკეთებული. ვიღაც მაგ არგუმენტებით რომ ამუნათებდა მათ, რაც ჩვენ მოგვაცხო არასწორია. ამ თემაში შესვლა და კამათიც არ მინდა. ვესაუბრე, გაიგეს, რომ ეს ამბავი ტყუილად მომეხოცა. გრიგოლის მხრიდან ფაქტობრივად არაზუსტი კომენტარი იყო“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.