ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026

სანდრო თვალჭრელიძე - “ხელისუფლებას სამზარეულოში შეკეტილი პროტესტის უნდა ეშინოდეს...”

ზურა ჯაფარიძე ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობს - “ეს მაქსიმუმ 2-3 კვირის ამბავია”

მირიან მირიანაშვილი - “ირანში ანტირელიგიური და ანტიმუსლიმანური აჯანყებაა"

“გენოციდი დაბადების ადგილის მიხედვით” - რუსეთის დუმაში საქართველოს ხელისუფლებას ბრალდება წაუყენეს

გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე - რა ხდება უკრაინის ფრონტზე?!

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “ხელისუფლებას სამზარეულოში შეკეტილი პროტესტის უნდა ეშინოდეს...”

“ამ ოპოზიციამ სრულად დაკარგა ხალხის ნდობა - რიგითი მოქალაქე, რომელსაც არ მოსწონს “ოცნება", ფიქრობს, ეს მთავრობა თუ წავა, მერე რა მოხდება, ხომ არ იქნება ქაოსი და არეულობაო... არ ჩანს პარტია, რომელსაც ძალაუფლების ხელში აღების პოტენციალი აქვს. ვერც ინტელექტუალურ რესურსს ვხედავ ოპოზიციაში, რომ რამე ქმედითი გააკეთონ. მე არც მათი გაერთიანების მჯერა. რომც მოახერხონ და გაერთიანდნენ, რას გააკეთებენ? მათი უნიათობა განსაკუთრებით ცხადი გახდა 4 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც 11:0 მოუგო მთავრობამ ოპოზიციას. ეს არ იყო რთულად წარმოსადგენი. წინასწარ ვაფრთხილებდით, რომ იმის ლაპარაკით, ერთ დღეში შევცვლით ხელისუფლებასო, შეცდომას უშვებდნენ. რაც შეეხება პროტესტს, მე ვიტყოდი, ხელისუფლებას სამზარეულოში შეკეტილი პროტესტის უნდა ეშინოდეს - ეს ყველაზე სახიფათოა, ამან გადაატრიალა იდეოლოგიურად კომუნისტური რეჟიმი და გადააგდო სანაგვეზე. ვფიქრობ, ხელისუფლება ვერ აანალიზებს სწორად ხალხის განწყობას”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლებას სამზარეულოში შეკეტილი პროტესტის უნდა ეშინოდეს...”

“პოლიტიკური ალტერნატივა არ არსებობს, ალტერნატივა რომ იყოს, ამ მთავრობას კარგა ხნის წინ გავუშვებდით. აუცილებელია ახალი ძალა და ვფიქრობ, აუცილებლად გაჩნდება, ცარიელი ადგილი ყოველთვის ივსება. ჩემი აზრით, ქართველი დიქტატურას არასდროს შეეგუება. ასეთი ლატენტური პროტესტი ხალხის გამარჯვებით დასრულდება, არ ვიცი როდის, მაგრამ პროტესტი გაგრძელდება და შედეგი აუცილებლად მოჰყვება. “ოცნებას” ბევრი რამ უწყობს ხელს, გარეპოლიტიკური მოვლენები, გადადის ყურადღება იმ პროცესებზე, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, რაც გაცილებით სახიფათოა კაცობრიობისთვის... რაც შეეხება ირანს, ბოლო 37 წლის განმავლობაში “ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა” ისწავლა ქვეყნის მართვა, შესაძლოა ძალისმიერად, რეპრესიებით და ათასგვარი სხვა ხერხით, მაგრამ იქ ხელისუფლებაში იდიოტები ნამდვილად არ არიან. უამრავი ხალხი ეკონომიკური კოლაფსის გამო გავიდა ქუჩაში, თავდაპირველად ყველაფერი მასშტაბური დემონსტრაციებით დაიწყო, თუმცა, ვფიქრობ, ისრაელის წაქეზებით რიგ რეგიონებში ეს პროტესტი ძალისმიერიც გახდა. ირანის რეჟიმსაც მეტი რა უნდოდა, ამას დაუპირისპირა უფრო დიდი ძალა და სამწუხაროდ, არის მსხვერპლი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“ჩემი აზრით, ტრამპი კი იმუქრებოდა, მაგრამ ირანის პროცესებში ჩარევას არც გეგმავდა. ამისთვის არ არის აშშ მზად, განსხვავებით ვენესუელის ოპერაციისგან. მე არ ვიცი, მომავალში რა იქნება, მაგრამ დღესდღეობით, ვფიქრობ, არსებითი ნაბიჯები არ გადაიდგმება, მით უფრო, ირანმაც თქვა, რომ არ აპირებს სიკვდილით დასაჯოს დაკავებულები. ამასთანავე, ტრამპს ბევრი სხვა პრობლემა აქვს დღეს, მათ შორის აშშ-ში. ნახეთ, რა ხდება გრენლანდიასთან დაკავშირებით, ლამის ომი დაიწყოს ევროპასთან. ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით ასე ჩანს. ევროკავშირის ქვეყნებმა სამხედრო ძალა გაგზავნეს კუნძულზე დანიურ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობისთვის. თუმცა მეეჭვება საქმე კონფლიქტამდე მივიდეს, ვფიქრობ, მოილაპარაკებენ. ხშირად მოისმენთ, ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდებაო. მე თუ მკითხავთ, ახალი კი არ ყალიბდება, ძველის დაბრუნების ცდებთან გვაქვს საქმე...” - განაგრძობს რესპონდენტი.

“ადრე იყო გავლენის ორი პოლუსი - აშშ და საბჭოთა კავშირი, თავის სატელიტებით და მსოფლიო ბიპოლარული იყო, ახლა საბჭოთა კავშირის ფუნქციის შესრულებას ცდილობს რუსულ-ჩინური ალიანსი, თუმცა ისინი ვერ იქნებიან გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორები, იმდენი შიდა პრობლემა აქვთ. ჯერჯერობით ჩინეთსაც არა აქვს იმის რესურსი, რომ მეორე პოლუსად გადაიქცეს. რუსეთზე ლაპარაკიც არ ღირს, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჯერჯერობით მსოფლიოს თამაშის წესებს ისევ აშშ უკარნახებს. ტრამპი გაცილებით უფრო ხისტი ადამიანია და მან ის პროცესები, რაც მდორედ მიმდინარეობდა, დააჩქარა. ყველაფერში ერევა, ყველგან საკუთარი წესების დანერგვას ცდილობს. აგერ მის მეგობარ ნეთანიაჰუსაც კი არ მისცა ღაზის დამოუკიდებლად მართვის უფლება, თვითონ ჩაერია. ტრამპს მართვის 3 წელი დარჩა და ჩქარობს, თუმცა უპირველესად რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ვერ ახერხებს. კი გაიძახის, შეთანხმებამდე ცოტა დროა დარჩენილიო, მაგრამ მე მისი დიდად არ მჯერა”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“გრენლანდია, მგონი, იმგვარ სიმბოლოდ იქცევა მალე, როგორც ელდარ შენგელაიას ფილმშია. ხუმრობა იქით იყოს და, კი, აშშ-ს შეუძლია სამხედრო კონტინგენტის გაზრდა, მაგრამ ის პოლიტიკურად ვერ აკონტროლებს კუნძულს, მის პოლიტიკას ვერ განსაზღვრავს. როგორც ცნობილია, გრენლანდია თავის პორტებში ჩინურ გემებსაც უშვებს და რუსულსაც - კუნძული მათი საწვავით უზრუნველყოფის ბაზაა. ტრამპს ამ ფუნქციის მოსპობა უნდა და, ბოლოს და ბოლოს, აიძულებს, ალბათ, ევროკავშირს, რომ აღარ შეუშვას რუსული და ჩინური გემები პორტებში და ამით შესაძლოა დასრულდეს ეს დავიდარაბა. თუ ტრამპმა ეს ყველაფერი მაინც გააგრძელა და დრამატულ კონფლიქტამდე მიიყვანა, მას იმპიჩმენტი არ ასცდება. ბოლოს მაგის რეიტინგები ვენესუელის სპეცოპერაციის მიუხედავად, სულ იკლებს და იკლებს. რესპუბლიკელი სენატორებიც კი უკვე დაუფარავად გამოხატავენ უკმაყოფილებას ტრამპის ხუშტურების გამო. თუ მან კიდევ უფრო გაამწვავა გრენლანდიის საკითხი, ვფიქრობ, ცუდად წაუვა საქმე. ისე, კანადის მითვისებაც უნდოდა, მაგრამ მალევე გააჩუმეს”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “ევროპაც ასევე ღრმა კრიზისშია, უკრაინაში ომმა კი პირდაპირ გამოაჩინა ის საფრთხეები, რაც შეიძლება დაემუქროს უახლოეს მომავალში ბებერ კონტინენტს...” - პასუხობს:

“მე თუ მკითხავთ, ევროპაში პრობლემები დაიწყო მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი, ბრექსიტმა გამოააშკარავა ის შიდა უთანხმოებები, რაც ევროკავშირში იყო. ვითარება მართლაც რთულია - ბევრ ქვეყანაში უკმაყოფილებაა, ხელისუფლებებში მოდიან რადიკალურ-ექსტრემისტული ძალები. საბედნიეროდ, ევროპაში კანონის უზენაესობაა და ხელები შებოჭილი აქვთ. საფრანგეთის მომავალ არჩევნებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. რა თქმა უნდა, არსებობს ევროკავშირის დაშლის საფრთხე, თუმცა მე მაინც გაზვიადებული მგონია ასეთი მოლოდინი. თუ სურთ ევროკავშირი რეალური ძალის ცენტრად იქცეს, მმართველობის სტრუქტურა უნდა შეიცვალოს მთლიანად, რაც, ალბათ, ნელ-ნელა მოხდება კიდეც. ჩემი შეფასებით, ევროკავშირი მოახერხებს ამ პრობლემების დაძლევას”.

ზურა ჯაფარიძე ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობს - “ეს მაქსიმუმ 2-3 კვირის ამბავია”

“გირჩი - მეტი თავისუფების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ახალი ოპოზიციური ერთობის შექმნას ცდილობს, სადაც ძირითადად ენმ და მისგან გამოყოფილი პოლიტიკური ჯგუფები შევლენ. ერთობაში არ განიხილება პარტია “გახარია საქართველოსთის”. ჯერჯერობით საუბარია პარტიების მიერ “თანხმობის დოკუმენტის” მიღებაზე და არა გაერთიანებაზე. რამდენად რეალურია ასეთი ერთობა იმ ფონზე, როცა მისი პოტენციური წევრი პარტიებიდან ზოგიერთს ერთმანეთთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს და შექმნის შემთხვევაში რა პერსპექტივა ექნება მას? “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ განაცხადა, რომ ერთობაში ჯერჯერობით რვა პარტიაა და მნიშვნელოვანია, რომ მას დაემატოს სხვა ეროვნული და პროდასავლური პარტიებიც”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ზურა ჯაფარიძე ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობს - “ეს მაქსიმუმ 2-3 კვირის ამბავია”.

“ზურა ჯაფარიძე ყველა პოლიტიკურ აქტორს შეხვდა და მათთან ჰქონდა კომუნიკაცია. ამასთან, “კოალიცია ცვლილებისთვის” სამივე პარტიას: “ახალი”, “დროა” და “გირჩი - მეტი თავისუფლება” - სხვა ხუთ პარტიასთან ერთად გვაქვს მნიშვნელოვანი თანხმობა და მნიშვნელოვან პირობებს ვათანხმებთ ერთმანეთთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია პრინციპებზე, ბრძოლის სტრატეგიაზე (ერთობა). დღეს ერთადერთი ლეგიტიმური ძალა ამ ქვეყანაში არის ოპოზიცია. ამ ერთობაში ვართ რვა პარტია და მნიშვნელოვანია, რომ დაემატოს სხვა ეროვნული და პროდასავლური პარტიებიც. ზურაბ “გირჩი” ჯაფარიძე შეხვდა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრებს და ლიდერებს, შეხვდა “ფედერალისტების” წევრებს და ლიდერებს, შეხვდა “ლელოს” წევრებს და ლიდერებს, შეხვდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს და ლიდერებს, შეხვდა “თავისუფლების მოედნის” წევრებს და ლიდერებს. ყველას შეხვდა. მნიშვნელოვანია, რომ შედგეს პოლიტიკური პარტიების თანხმობა. განსხვავებები ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ”, - განაცხადა თევზაძემ, რომლის თქმით, გახარიას პარტიას ამ ერთობაში არ განიხილავს, ხოლო “ლელოსთან” ვერ იქნება თანხმობა “თუ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში “ლელოს” სხვა სტრატეგია ექნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვერ ვიქნებით თანხმობაში, თუ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში “ლელოს” აქვს სხვა სტრატეგია და ჩვენ გვაქვს სხვა სტრატეგია. ეს გამოჩნდება, ჩემი აზრით, ეს არის მაქსიმუმ 2-3 კვირის ამბავი. 8 პარტია აკეთებს მონახაზს და ექნება უახლოეს მომავალში. გახარიას პარტიას ამ ერთობაში არ განვიხილავ - მარტო იმიტომ კი არა, პარლამენტში რომ შევიდნენ, გადამწყვეტი არის ის, რომ მათ ჰქონდათ მცდელობა, რომ ლეგიტიმაცია მიენიჭებინათ “ქართული ოცნებისთვის”. უბრალოდ ვერ მოახერხეს. პარტიებს შორის ერთობა რომ შედგეს, უნდა შედგეს “თანხმობის დოკუმენტი” და მის ჩარჩოზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რაღაც შედეგამდე მივალთ. ოპტიმისტურად ვუყურებ”, - ამბობს თევზაძე. ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ფიქრობს, რომ ერთობა თუ შედგება, რაც გამორიცხული არ არის, პოლიტიკურ პროცესებზე ეს მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც ვარაუდობს, რომ ასეთი გაერთიანება ოპოზიციის ელექტორალურ გაფართოებას ვერ გამოიწვევს”, - დასძენს გამოცემა.

“დარწმუნებული ვარ, რომ ეცდებიან რაღაც სხვა აბრები შექმნან, რადგან შემდეგ არ იყოს საუბარი, რომ აი, ისევ სააკაშვილის პარტიაა და ა.შ. ამას სულ ცდილობდნენ. ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ, რომ ამ ერთობას მნიშვნელოვანი პერსპექტივა ექნება და არჩევნებში სერიოზული ქულებით გაიმარჯვებს. იმის გათვალისწინებით, თუ რა ძალასთან გვაქვს საქმე, ვერც კი წარმომიდგენია, რომ ძლიერი იქნება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

“თუ ამას პოლიტიკური კი არა, არამედ საზოგადოებრივი თვალით შევხედავთ, ან “ნაციონაური მოძრაობა” აღდგება, ან მისი რეაბილიტაცია მოხდება. ამ 8 პარტიიდან, “თავისუფლების მოედნის” გარდა, ძირითადად ყველა ყოფილი “ნაცმოძრაობის” წევრები არიან. პარტიების გაერთიანებაზე როცაა საუბარი, ერთობა კიდევ ნაკლებად პრობლემატურია, საკითხავია ეს გაერთიანება ელექტორალური თვალსაზრისით გააძლიერებს მათ, თუ არა. ჩემი აზრით, ამ გაერთიანებას იგივე შედეგი ექნება, რაც ცალ-ცალკე ჰქონათ ამ პარტიებს. ასე რომ, ეს გაერთიანება ელექტორატის გაფართოებას არ გამოიწვევს. მაინც კარგია, თუ ასე მოხდა, რადგან მსხვილი გაერთიანება იქნება, თუმცა სხვა მხრივ არაფერს შეცვლის”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე” - “რამდენად რეალურია გაერთიანება იმ ფონზე, როცა 8 პარტიიდან ზოგიერთს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან?” - პასუხობს:

“აქ უკვე მეორე საკითხია, რადგან შემოდის სააკაშვილის ფაქტორი, რომელსაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს. სააკაშვილი რომ ამტკიცებს, რომ ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს, ვის სჯერა? ეს გაერთიანებას აბრკოლებს. მეორეც, ერთობის მიზანი რა არის თუ აგვიხსნიან, მერე შეიძლება კიდევ რაღაცაზე ვიფიქროთ. ამიტომ, როცა სხვადასხვანაირი მიდგომებია ცალკე პერსონების მიმართ და ცალკე სტრატეგიული გეგმის მიმართ, რომც გაერთიანდნენ, აზრი აქვს? არც ის მგონია, რომ ეს გაერთიანება მაინცდამაინც სწრაფად მოხდება”.

მირიან მირიანაშვილი - “ირანში ანტირელიგიური და ანტიმუსლიმანური აჯანყებაა"

“დიდხანს ვიცხოვრე ირანში და კარგად ვიცნობ ვითარებას. ბოლო 15 წლის განმავლობაში ძალიან დიდი ანტისახელისუფლებო და ანტირელიგიური მუხტი დაგროვდა. არაბებისა და სხვა მუსლიმანებისგან განსხვავებით, ირანელებს თავი მიაჩნიათ ინდოევროპელებად, თანაც არიელებად. 1935 წელს შაჰმა რეზა ფეჰლევიმ სპარსეთს ზუსტად იმ მოტივით შეუცვალა სახელწოდება და ირანი დაარქვა, რომ ამ ქვეყანას არიელების ქვეყნად მიიჩნევდნენ. შესაბამისად, ნამდვილი ირანელი ელიტა რელიგიას არაბებისგან თავსმოხვეულად მიიჩნევს. დღეს ჩვენ ირანში სინამდვილეში სახეზე გვაქვს ანტირელიგიური და ანტიმუსლიმანური აჯანყება. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 500 მეჩეთი დაწვეს”, - აცხადებს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ის, რაც ირანის ქუჩებში პროტესტად ჩანს, “დაქოქილი” რეალობაა / სახეზე გვაქვს ანტირელიგიური და ანტიმუსლიმანური აჯანყება"

“დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ბანდარ-აბასში, სადაც მე ვცხოვრობდი, ყველა შიიტური მეჩეთი გადაწვეს, გადარჩა მხოლოდ ორი სუნიტური მეჩეთი, ამ მომიტინგეების უკან რეალურად ირანის რეგიონული ელიტები და გავლენიანი საქმიანი წრეები დგანან, სწორედ ისინი არიან პროცესის მთავარი დრაივერები. ეთნიკურ ელიტებს, რომლებიც რეგიონული და ეროვნული ინტერესების დაცვას ცდილობენ, დასავლეთში ძლიერი წარმომადგენლები ჰყავთ, პირველ რიგში ბრიტანეთში და ამ არხით ამერიკაშიც. სწორედ “დაქოქილი” რეალობაა ის, რაც ქუჩაში პროტესტად ჩანს. მაგალითად, ირანის რიგ ქალაქებში, მათ შორის ბანდარ-აბასში, ადგილობრივმა ელიტებმა, მათ შორის ზოგიერთმა სამხედრო წრემაც, ფაქტობრივად, გზა დაუთმო მომიტინგეებს. ირანში, ისევე როგორც აზიის ბევრ სხვა ქვეყანაში, პროტესტი ვერტიკალურად ინტეგრირებული სისტემაა: მომიტინგე ქუჩაში მხოლოდ “ბოლო რგოლია”, ტელევიზიაში დანახული ვიზუალური სახე, ხოლო პროცესის რეალური ორგანიზება და მართვა ზურგს უკან მიმდინარეობს. შესაბამისად, მე არ ვიზიარებ გავრცელებულ ვერსიას, რომ ირანში არეულობა გარედან არის მართული”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.

“ეს არის ირანის რეგიონული და ცენტრალური ელიტების მორიგი ბრძოლა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ შიიტური სახელმწიფო უკვე წარსულია. ეს შეიძლება ითქვას, დინასტიური აჯანყებაც არის, ხამენეის პოლიტიკური დინასტიის გაფორმება არ უნდათ. გარედან შესაძლოა მხოლოდ მცირე ბიძგი ყოფილიყო, ისიც ლონდონიდან. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არა მხოლოდ ირანული, არამედ მთელი მსოფლიოს შიიტური ელიტის ფინანსები თავმოყრილია ინგლისში. იმის დაზუსტებით თქმა, იყო თუ არა ბიძგი გარედან, რთულია, მაგრამ ფაქტია, სანამ ირანის ისლამური ხელისუფლების საკითხი საბოლოოდ რაიმე ფორმით არ გადაწყდება, მსგავსი გამოსვლები პერიოდულად განმეორდება. ტრამპმა ამ მომენტში შანტაჟს მიმართა, ის დაემუქრა ირანის სასულიერო ელიტას, რომ პროტესტს მხარს დაუჭერდა, თუ დათმობაზე არ წავიდოდნენ. ისინიც იძულებულნი გახდნენ, დათმობაზე წასულიყვნენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მოლაპარაკებები სხვადასხვა ადგილზე იმართებოდა, მათ შორის ლონდონში, იორდანიაში, ბაღდადში, ნაჯაფში. როგორც ჩანს, რაღაცაზე შეთანხმდნენ. მთავარი მოთხოვნები იყო ატომურ პროგრამაზე სერიოზული შეზღუდვები, საუბარი იყო გამდიდრებული ურანის მარაგზე, ასევე რაკეტებზე. როგორც ვიცი, რაკეტების რაოდენობის შემცირებაზე ირანელებმა უარი თქვეს, მაგრამ მზად არიან ურანის მარაგის ორი მესამედი გადასცენ. სულ ორიდან სამ ტონამდე გამდიდრებული ურანი აქვთ. პირველი მოთხოვნა იყო პროტესტანტების სიკვდილით დასჯის შეჩერება. როგორც კი ირანი ამ მოთხოვნებს დათანხმდა, ტრამპის რიტორიკაც შეიცვალა. მე თავიდანვე ვიცოდი, რომ ტრამპი ირანთან კონფლიქტს არ დაიწყებდა და ზეწოლითა და შანტაჟით მიაღწევდა მიზანს. ამერიკის სამხედრო დომინაცია იმდენად ძლიერია, რომ ირანი ცის ჩაკეტვით თავდაცვით სურათს ვერ შეცვლის. ვენესულის არ იყოს, ბოლო 25 წლის განმავლობაში კოლოსალური თანხები დახარჯეს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებში. თითქოს საიმედოდ ჰქონდა ჩაკეტილი ცა, მაგრამ მერე რა, ვერ მოიტაცეს მადურო?!” - ამბობს ანალიტიკოსი.

“როდესაც კომპიუტერული პროგრამები, კოსმოსური შესაძლებლობები და პრაქტიკულად მთელი თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა ამერიკელების ხელშია, იქ ძალთა ბალანსი წინასწარ განსაზღვრულია. ასეთ პირობებში, როდესაც ამერიკას რაკეტას ესვრი, შესაძლოა ის “უკანვე დაგიბრუნდეს”, ანუ მათ შეუძლიათ დარტყმის ჩახშობა, გადამისამართება ან განეიტრალება იმ დონეზე, რომ შეტევა თავადვე თავდამსხმელისთვის გადაიქცეს საფრთხედ. ირანზე პირდაპირი სამხედრო ზეწოლა შესაძლოა იმ შედეგამდე მისულიყო, რომ ირანის სახელმწიფო მთლიანად დანგრეულიყო. ირანს კარგად ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, ამ ქვეყნის ერთიანობას მნიშვნელოვანწილად შიიტური სასულიერო ხელისუფლება ცემენტივით აკავშირებს, ის აერთიანებს და ერთ სისტემაში ამყოფებს ერთმანეთთან მძაფრად დაპირისპირებულ ეთნოსებს, მათ შორის ლურებს, ბალუჯებს, მაზანდარელებს, აზერბაიჯანელებს, ქურთებსა და ხორასნელებს. ასეთ პირობებში, თუ სახელმწიფო სისტემა ჩამოიშლება, ამ ეთნოსების სახელმწიფოებად დაშლის სცენარი გარდაუვალი გახდება”, - დაასკვნის მირიან მირიანაშვილი.

“აშშ-ს მხოლოდ სახმელეთო და საზღვაო ბაზირების სისტემებში დაახლოებით 11 000 ერთეული სარაკეტო საშუალება აქვს. ამას გარდა, პრაქტიკულად მთლიანად ფლობს ირანის საჰაერო სივრცეს. ირანს აქვს ბალისტიკური რაკეტების დიდი არსენალი, თუმცა ტექნოლოგიურად მოძველებული. მისი დიდი ნაწილი აგებულია გასული საუკუნის 50-60-იანი წლების ტექნოლოგიურ ბაზაზე, თხევადსაწვავიან სისტემებზე, რომელთა საწყისი საფუძველი ჯერ კიდევ 1930-იანი წლების გერმანულ ტექნოლოგიებში უნდა ვეძებოთ. ამიტომ გაუგებარია, ასეთი ტექნოლოგიური დონის რაკეტებმა რა ტიპის პრობლემა უნდა შეუქმნას ამერიკას. ერთადერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ირანმა ე.წ. 12-დღიანი ომის შემდეგ გადადგა, იყო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის ჩინური კომპონენტების შეძენა, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 4 მილიარდი დოლარია. თუმცა ეს არ კმარა, რომ ირანმა ამერიკას რეალური სამხედრო წინააღმდეგობა გაუწიოს”, - ამტკიცებს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “ცნობილია, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებმა, საუდის არაბეთმა, კატარმა და ომანმა თეთრ სახლს კულუარულად სთხოვეს, თავი შეეკავებინა ირანის დაბომბვისგან”... - პასუხობს:

“სპარსეთის ყურის ქვეყნების შიში ირანის სარაკეტო იერიში კი არა, ირანის შესაძლო დეზინტეგრაცია, ქვეყნის დაშლაა, რაც აუცილებლად გამოიწვევს ძალთა ბალანსის რღვევას მთელ რეგიონში. ირანის დაშლის სცენარი მათთვის ყველაზე მძიმე ვარიანტია, რადგან რეგიონში დაიწყება უკონტროლო პროცესები. რაც შეეხება­ ისრაელს, სწორედ ებრაელები არიან ირანზე შეტევის მთავარი ლობისტები და მათთვის ასეთი შანსის ხელიდან გაშვება პოლიტიკური კატასტროფაა...”

“ისრაელისთვის ირანის სასულიერო-პოლიტიკური ხელისუფლების დამხობა ნებისმიერ შემთხვევაში ბონუსია: ირანი დეზინტეგრირდება, შაჰის მოდელს დაუბრუნდება თუ სხვა სისტემით შეიცვლება, ისრაელი მაინც მოგებული დარჩება ერთი მარტივი მიზეზით - ირანის ატომურ პროგრამას ისრაელი აღიქვამს როგორც საკუთარი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ რეალურ საფრთხეს, შესაძლებლობას, რომელიც საბოლოოდ შეიძლება მათი ქვეყნის განადგურებაში გადაიზარდოს. ამიტომ, თუ ატომური თემა დღის წესრიგიდან მოიხსნება, ისრაელისთვის მთავარი სტრატეგიული პრობლემა ავტომატურად გაქრება. შესაბამისად, ისრაელს ნამდვილად სურს ამერიკის ჩათრევა. 12-დღიანმა ომმა ნათლად აჩვენა, რომ ისრაელს შეუძლია ირანის დროებით დაუძლურება, სამხედრო ინფრასტრუქტურის დაზიანება და პოტენციალის ნაწილობრივი ჩამოშლა, მაგრამ არა საბოლოო ნეიტრალიზება. თუ სამხედრო პოტენციალი ბოლომდე არ განადგურდა ისევ აღდგება, გადაიარაღდება და ისევ დაუბრუნდება საფრთხის სტატუსს”, - დასძენს მირიანაშვილი.

“გენოციდი დაბადების ადგილის მიხედვით” - რუსეთის დუმაში საქართველოს ხელისუფლებას ბრალდება წაუყენეს

“რამდენიმე კვირაა რუსეთის მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიას ქართველი მესაზღვრეები საქართველოში არ უშვებენ. ამის შესახებ რუსული მედია ღიად წერს და ვარაუდობს, რომ ეს, სხვა გარემოებებთან ერთად, შესაძლოა, ბოლო დროს “დამთბარი” საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მკვეთრად გაუარესების საფუძველი გახდეს. საუბარია უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებზე, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს და რუსული პასპორტებით ცდილობენ საქართველოში შემოსვლას. რუსეთის სახელმწიფო დუმაში ამას უკვე უწოდეს “გენოციდი დაბადების ადგილის მიხედვით”. ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირი იყო წანასაახალწლო დღეებში, როდესაც საქართველოს რუსეთიდან ტურისტების დიდი ნაკადი მოაწყდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “გენოციდი დაბადების ადგილის მიხედვით” - რუსეთის დუმაში საქართველოს ხელისუფლებას ბრალდება წაუყენეს.

“30 დეკემბერს რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ ვოლოდაცკიმ განაცხადა, რომ ამ საკითხს ქართველ კოლეგებთან ერთად განიხილავდა, თუმცა ჯერჯერობით, არანაირი განხილვა ყოფილა. “ყირიმში, დონბასსა და ნოვოროსიაში დაბადებული რუსეთის მოქალაქეების მიმართ, ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვარზე ე.წ. გენოციდი ჩაიდინეს. მიუხედავად იმისა, თუ როდის დაიბადა ადამიანი ან სად გადავიდა შემდგომში, მას აბრუნებენ. ეს ყველა პრინციპს არღვევს”, - განაცხადა ვოლოდაცკიმ. მსგავსი შემთხვევები 2026 წელსაც გაგრძელდა და ეს ძირითადად, ყირიმის გარდა, შეეხებოდა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქის მცხოვრებლებს. რუსული მედია წერს ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე, რომელიც 15 იანვარს მოხდა. ტურისტული პორტალის, “ტურდომ.რუ”-ს ცნობით, მოსკოველმა ნატალიამ, რომლის პასპორტშიც დაბადების ადგილი “სევასტოპოლი (სსრკ)” იყო მითითებული, ახალი წლის დღესასწაულებზე საქართველოში გამგზავრება ვერ მოახერხა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საბჭოთა ყირიმში დავიბადე, ბავშვობაში წამოვედი. ბოლო 30 წელია მოსკოვში ვცხოვრობ და იქ ავიღე ჩემი პასპორტი, რომელშიც ჩემი დაბადების ადგილია მითითებული”, - ამბობს ნატალია. მისი თქმით, საქართველოში გამგზავრება იმიტომ გადაწყვიტა, რომ “ყველა მხრიდან ისმოდა სიგნალები, რომ ამ ქვეყანამ ბოლოს და ბოლოს რუსეთისკენ დაიწყო შემოტრიალება”. ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ქართველმა მესაზღვრემ პასპორტის დათვალიერების შემდეგ ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი: “შემდეგ ვიღაცას დაურეკა და ქართულად დაიწყო საუბარი. მე მხოლოდ სიტყვა “სევასტოპოლი” გავიგე. შემდეგ მან უარი განმიცხადა შესვლაზე - “ამ პასპორტით შემოსვლას ვერ შეძლებთ. სევასტოპოლი ყირიმია, ყირიმი კი უკრაინაა”. ამ ისტორიას თან ერთვის ქართველი მესაზღვრეების მიერ გაცემული ოფიციალური ცნობა, სადაც საქართველოში შესვლაზე უარის მიზეზებია მითითებული: “არ არის წარმოდგენილი საქართველოში შემოსვლისთვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები”, - განაგრძობს გამოცემა.

“რუსული მედია უკვე წერს, რომ ეს და სხვა გარემოებები შესაძლოა ბოლო დროს შედარებით გაუმჯობესებული საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გამწვავების მიზეზი გახდეს. ამ სხვა გარემოებების კონტექსტში დასახელებულია 16 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის მიერ პროუკრაინულ საერთაშორისო კონვენციაზე ხელის მოწერა, რომლის მიხედვითაც შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც უკრაინის მიერ რუსეთისგან კომპენსაციის მოთხოვნებს განიხილავს. კონვენციას ასევე ხელი მოაწერეს ევროკავშირის ქვეყნებმა, მოლდოვამ და გაერთიანებულმა სამეფომ. თურქეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა თავი შეიკავეს. ამავდროულად, საქართველომ გაამკაცრა რუსეთის მოქალაქეებისთვის შესვლის წესები. ყირიმში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და სხვა სადავო ტერიტორიებზე დაბადებულ რუსებს შეიძლება ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვათ, მაშინაც კი, თუ ისინი საბჭოთა ეპოქაში დაიბადნენ. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება პრიმიტიული ქცევებით ცდილობს დემონსტრირებას, რომ რუსეთის ოკუპაციასა და აგრესიას ებრძვის და ეს, სავარაუდოდ, რუსეთის ხელისუფლებასთანაა შეთანხმებული”, - დასძენს გამოცემა.

“ძალიან აბსურდული რაღაცაა, ისინი ცდილობენ ასეთი უაზრო და აბსურდული ქცევებით ახსნან, რომ “აი, ხომ ხედავთ ჩვენ არ ვართ პრორუსულები, ჩვენ რუსეთის განხორციელებულ ოკუპაციას ამ ფორმით ვებრძით”. ამ დროს კი ებრძვიან ადამიანის უფლებებს. ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ დონბასში (ხშირად ასეა, რომ დონბასში დაბადებულებს არ უშვებენ), მათ არ ჰქონდათ არჩევანის საშუალება. ასე რომ, მე მგონი ეს არის სრულიად პრიმიტიული, აბსურდული მცდელობა, მისცენ თავიანთ ამომრჩეველს არგუმენტები, როგორ ებრძიან რუსულ აგრესიას და ოკუპაციას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი და კითხვაზე - “მოსალოდნელია, თუ ამის საფუძველზე ურთიეთობების გამწვავება და რუსეთის საპასუხო ნაბიჯები?” - პასუხობს:

“აბსულუტურად არ არის მოსალოდნელი ურთიერთობების გამწვავება, პირიქით, რაღაცები რუსებს მოსწონთ და შეთანხმებულებიც იქნებიან”.

“მათ სჭირდებათ თავიანთი ამომრჩევლის წინაშე ყოველთვის ჰქონდეთ გამზადებული ლეგენდა, რომ ისინი არ არიან პრორუსები. ასეთი ლეგენდებით ისინი აწებებენ რაღაც სასაცილო თეორიას, რომ ისინი რუსებს ებრძვიან. ასე რომ, არანაირი გამწვავება მოსალოდნელი არ არის. რუსებს ვინც სურს რომ შემოვიდეს საქართველოში, ისინი, შემოვლენ აუცილებლად. რუსეთი ბედნიერია, რუსეთისთვის მთავარია საქართველო ევროკავშირისკენ, ნატოსკენ არ მიდიოდეს, დანარჩენი ყველაფერი მისაღებია, თუმცა სულ რომ აგინონ, ლანძღონ პუტინი. რუსეთს სჭირდება მხოლოდ 3 რამ: საქართველო არ მიდიოდეს ევროკავშირში, საქართველო არ მიდიოდეს ნატოში, საქართველო არ მეგობრობდეს თურქეთთან უსაფრთხოების პროცესებში, როგორც აზერბაიჯანთან აკეთებს ამას. თუ ეს 3 ამოცანა, რუსეთის ინტერესიდან გამომდინარე, წესრიგშია, დანარჩენზე - სულ რომ ყოველდღე ლანძღონ - პრობლემა არ აქვთ”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი.

გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე - რა ხდება უკრაინის ფრონტზე?!

“ზამთარი დაიწყო და მოიმატა ნისლიანმა დღეებმა, მიწა გაიყინა და ამან ოკუპანტებს შესაძლებლობა მისცა უფრო აქტიურად გამოეყენებინათ ტექნიკა, რითაც 2-3-კაციანი შეღწევის ტაქტიკა შეცვალეს. უკრაინამ ამასაც აუღო ალღო და რუსებს ერთხანს თუ რამე წარმატება ჰქონდათ, ისევ განულებულია. ამჟამად კუპიანსკს თითქმის მთლიანად უკრაინელები აკონტროლებენ. ჩრდილოეთ მონაკვეთში არის რაიონები, ე.წ. ნაცრისფერი ზონა, სადაც რუსები კვლავ ცდილობენ რაღაცნაირად მოახდინონ ამ ავადსახსენებელ კუპიანსკში წარმატების იმიტირება მაინც, ვინაიდან მის აღებაზე აღარც ფიქრობენ. ახლა რუსებს სხვა მიმართულებაზე აქვთ აქცენტი გადატანილი. კუპიანსკის ფიასკოს შემდეგ რუსები ხარკოვზე, ვოვჩანსკის რაიონზე გადაერთვნენ. ვოვჩანსკი, ფაქტობრივად, ნანგრევებია, მაგრამ უკრაინელები მის მახლობლად სიმაღლეებზე გამაგრდნენ, რითაც რუსები ფაქტობრივად, სიკვდილის ზონაში შეიყვანეს”, - აცხადებს გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა ხდება უკრაინის ფრონტზე?!

“რუსებს ვერ გაჰყავთ დაჭრილები, პრობლემურია აღჭურვილობის, საკვების, საბრძოლო მასალის მიღება. ეს დრონების საშუალებით კი ხერხდება, მაგრამ ამით დიდ მასალას ვერ გადაიტან. კიდევ ერთი აქტიური მიმართულებაა პოკროვსკი-მირნოგრადის აგლომერაცია. უკვე მერამდენე თვეა, რუსები ცდილობენ ის მთლიანად დაიკავონ. პოკროვსკში ჩრდილოეთ მონაკვეთებს უკრაინელები აკონტროლებენ და რუსები ძალიან დიდ დანაკარგს განიცდიან. უკრაინელები მირნოგრადში ინარჩუნებენ დანაყოფებს და რუსებს არ აძლევენ საშუალებას მასზე სრული კონტროლი დაამყარონ. აქტიურობა შეიმჩნეოდა ზაპოროჟიეში - გულიაი-პოლე კვლავ რჩება ნაცრისფერ ზონაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა რამდენჯერმე განაცხადეს, ჩვენ ვაკონტროლებთო. ამ მიმართულებაზე რუსებს არ გააჩნიათ რეზერვები, მათ ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფები პოკროვსკის მიმართულებაზე გადაისროლეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“ვინაიდან პოკროვსკის მიმართულებაზე არა აქვთ წარმატება, ამ მიმართულების სამხედრო ხელმძღვანელობამ ცვლილებებიც განიცადა - დობროპოლიესთან მექანიზებული შეტევების დროს დიდი დანაკარგის გამო გაათავისუფლეს გენერალ-ლეიტენანტი სუჰრაბ აჰმედოვი, რომელიც მეთაურობდა საზღვაო-ქვეითთა ძალებს. ის ცნობილი იყო თავისი მარცხით უგლედართან, პავლოვკასა და კუპიანსკისთან. რუსები ცდილობენ მარწუხები შექმნან ფლანგებით და შეტევით დობროპოლიესა და ზელიონიეს მიმართულებით მოძრაობენ, რათა გავიდნენ ორეხოვოზე. ეს მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც აკონტროლებს ზაპოროჟიეს სიღრმეში მიმავალ გზებს. საინტერესოა, რომ რუსები შეეცადნენ საზღვრის დარღვევას, რომ ძალის გამოყენებით შეჭრილიყვნენ ხარკოვის ჩრდილოეთ მიმართულებით სოფელ დეგტიარნოესთან, მაგრამ უკრაინელებმა გაანეიტრალეს რუსების დაჯგუფება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რუსეთი ცდილობს ზემოქმედება მოახდინოს უკრაინის მოსახლეობაზე. განსაკუთრებით ფრონტისპირა ქალაქებში უჭირთ - ერთ კვირაზე მეტია, მათ დღეში მხოლოდ 4 საათი აქვთ ელექტროენერგია. ეს უპირველესად მიმართულია მოსახლეობის წინააღმდეგობის გასატეხად. “იუთუბ-არხებზე” აქტიურად ვრცელდება ლვოვის კადრები - ხნიერი მეეზოვე ქალი როგორ ასუფთავებს თოვლისგან ბანდერას ძეგლს და მიმდებარე ტერიტორიას, იქვე, რამდენიმე მეტრში კი ვარდება და ფეთქდება “შაჰედი”. ქალი ერთი წუთით ჩერდება, შეხედავს აფეთქებას და ისევ აგრძელებს თოვლის წმენდას. ერთია, რომ ადამიანი ეჩვევა ამ მდგომარეობას და მეორე - რამდენად მაღალი ბრძოლისუნარიანი ნება აქვს მოსახლეობას. ასე რომ, არა მგონია, ასეთი დარტყმებით რუსებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიონ, ამით კიდევ უფრო აბოროტებენ უკრაინელებს. რუსეთიც იღებს საპასუხო დარტყმებს ენერგოსისტემაზე, რასაც დაემატა ძლიერი ქარბუქი რუსეთში, ქალაქები დაფარულია თოვლით, უკრაინელების ჩარევის გარეშეც მათ დიდი პრობლემები აქვთ. რუსეთის ბევრ ქალაქსა და რაიონში წყალი და შუქი არ არის, ხალხი იყინება და ამას ემატება უკრაინელთა დარტყმები”, - ამბობს გენშტაბის ყოფილი უფროსი.

“საინტერესოა ისიც, რომ უკრაინელებმა ბალისტიკური რაკეტა “საპსანით” (“სტეპის ქორი”) დაარტყეს როსტოვში ქიმიურ ქარხანას და დიდი ზარალი მიაყენეს (ეს მეათე გაშვებაა). “საპსანი” უკრაინული წარმოების ბალისტიკური რაკეტაა, რომელიც 500 კმ-ზე მიფრინავს, ეს უფრო მეტია, ვიდრე “ატაკამსის”, “შტორმშედოუს” და “სკალპელის” მანძილი და თუკი “ატაკამსის” საბრძოლო მუხტი 260 კგ-ია, “საპსანის” - 500 კგ. საუბარია, რომ იწყებენ ამ რაკეტის სერიულ წარმოებას, რომელიც პირველ ეტაპზე თვეში 20-30 ერთეული იქნება და რაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის უკრაინული წარმოებისაა, უკრაინას არავითარი ნებართვა არ სჭირდება მისი გამოყენებისთვის. 500 კმ ის მანძილია, რომელიც რუსეთის ევროპულ ნაწილს სწვდება. დარტყმის მიზანი იქნება საველე-საარმიო საწყობები, პირადი შემადგენლობის მუდმივი განთავსების პუნქტები, `ისკანდერის~ გამშვები მოედნები და ა.შ. მისი წარმოება ომამდე დაიწყო. ბრიტანელები იწყებენ რაკეტა NIGHTFALL -ის წარმოებას (600 კმ ფრენის მანძილით და 300 კგ საბრძოლო მუხტით). ასე რომ, უკრაინა რუსეთს არ რჩება ვალში და საკმაოდ მტკივნეულ დარტყმებს აყენებს. მაგალითად, ახლა მთელი ბელგოროდის ევაკუაციაზე მიდის საუბარი”, - დასძენს ვახტანგ კაპანაძე და შეკითხვაზე - “ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ 2026 წელს რუსეთი ბალტიისპირეთს დაარტყამს” - პასუხობს:

“ასეთი მძიმე ომის პირობებში, სადაც რუსეთს წინსვლა არა აქვს, ახალი ომის წამოწყება აბსურდად მიმაჩნია. ეს არ ნიშნავს, რომ არ იქნება პროვოკაციები, აეროპორტების გაჩერება, დრონების გამოჩენა, ჰიბრიდული მეთოდების გამოყენება, დივერსიები... ევროკავშირის საზღვართან ბალისტიკური რაკეტა “ორეშნიკის” ჩამოგდება მხოლოდ კინეტიკური მუხტებით, რუსეთმა შესაშინებლად გამოიყენა, მაგრამ მიიღო საწინააღმდეგო ეფექტი. “ორეშნიკი” შეისწავლეს და აღმოჩნდა 60-იანი წლების საბჭოთა რაკეტა, გაგარინის დროინდელი გიროსკოპით (ფრენისას წონასწორობის შესანარჩუნებელი ხელსაწყო~), მით უმეტეს, “ორეშნიკი” სულ 6 ერთეული აქვთ. ასე რომ, ესეც რუსების ერთი ბლეფი აღმოჩნდა...”

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება