ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსი უსაფრთხოების სპეციალისტს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.

- ბატონო ანდრო, მთავრობის ვებგვერდიდან შევიტყვეთ რომ საქართველო „გაზპრომისაგან“ გაზს 185 აშშ დოლარად ყიდულობს.

სუს-ის მიერ ამ თემაზე გაავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია რომ მთავრობის ვებ.გვერდზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა და ამიტომ გაჟონა ინფორმაციამ „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საიდუმლო ნაწილზე. არადა, აღმოჩნდა, რომ მთავრობის ვებ.გვერდზე ეს ინფორმაცია ატვირთულია გასული წლის 25 დეკემბერს.

ამ თემაზე ხმაური მას შემდეგ ატყდა, როცა ამავე თემაზე ტვ „ფორმულაზე“ სიუჟეტი ეთერში გავიდა. მოვისმინეთ ტვ „ფორმულას“ ჟურნალისტებთან სუს-ის წარმომადგენლების კონტაქტებზე მონათხრობები.

თუ მთავრობის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა, ამის შესახებ სუს-ს ინფორმაცია მანამდე უნდა გაესაჯაროებინა, ვიდრე მთავრობის ვებგვერდზე ატვირთულ ინფორმაციას ჟურნალისტები არ გამოიყენებდნენ.

უსაფრთხოების საკითხები თქვენი სფეროა, ამიტომ თქვენთან გადავწყვიტეთ დაკავშირება.

მთავრობის ვებ.გვერდი ასეთი დაუცველი და მოწყვლადია? რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება მტკიცება, რომ მთავრობის ვებ.გვედზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა?

გაქვთ განცდა, რომ ჰაკერული თავდასხმის გამოძიებაზე სუს-ის შედეგები დამაჯერებელი იქნება და დამნაშავეები დაისჯებიან?

- მიუხედავად დაცვის ხარისხისა, კიბერთავდასხმებისგან იმუნიტეტი არ არსებობს და გატეხვით გაცილებით უფრო მძლავრი კიბერთავდაცვის მქონე საინფრომაციო მასივები გატეხილა, მაგრამ ამ საქმეში საინტერესო სხვა მომენტია.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში საიდუმლო ინფრომაციის ინტერნეტთან დაკავშირებულ ქსელში დამუშავება აკრძალულია, ხოლო იზოლირებულ ქსელზე კიბერთავდასხმა როგორ განხორციელდა, უაღრესად საინტერესოა. თუ დოკუმენტი საიდუმლო არ არის, მაშინ, მისი გამოქვეყნება საერთოდ რატომ გახდა სპეცსამსახურების მსჯელობის საგანი?

ამას გარდა, ეს კონფიდენციალური დოკუმენტი, როგორც დგინდება, რამდენიმე კვირაა ინტერნეტში დევს, უსაფრთხოების სამსახურებმა კი მხოლოდ მაშინ შენიშნეს მისი გაჟონვა, როდესაც ერთ -ერთმა ტელევიზიამ სიუჟეტი მოამზადა მასზე. გამოდის, რომ ტელევიზიამ ამ კუთხით დახმარებაც კი აღმოუჩენია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის.

საქართველოში საიდუმლო ინფორმაციის ინტერნეტთან დაკავშირებულ ქსელში დამუშავება აკრძალულია, ხოლო იზოლირებულ ქსელზე კიბერთავდასხმა როგორ განხორციელდა, უაღრესად საინტერესოა. თუ დოკუმენტი საიდუმლო არ არის, მაშინ, მისი გამოქვეყნება საერთოდ რატომ გახდა სპეცსამსახურების მსჯელობის საგანი?

საქმე ის არის, რომ სამთავრობო ქსელების და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების დაცვა რამდენიმე წელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვალდებულებაა. გამოდის, რომ ამ სამსახურს კვირების მანძილზე არ სცოდნია განხორციელებული კიბერშეტევის და მისი შედეგების- გასაჯაროებული საიდუმლო ინფრომაციის შესახებ.

წლების წინ, კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოება სუს-ის კომპეტენციაში გადადიოდა, მომხრეთა არგუმენტი სწორედ დაცულობის მეტი ხარისხის იყო.

არსებობდა შეშფოთება, რომ კიბერუსაფრთხოების ბერკეტი სპეცსამსახურს, შესაძლოა, „სხვაგვარად მოაზროვნეთა“ კონტროლისა და წნეხისათვის გამოეყენებინა. ვნახოთ, რა დასკვნას დადებს უწყება, თუმცა, ბოლო წლების ლოგიკა გვეუბნება, რომ ეს ყველაფერი ოპოზიციას და „დიპ-სტეიტს“ დაბრალდება, რომლის უკანაც, ხელისუფლება, სრულიად არაორაზროვნად, დასავლეთს მოიაზრებს.

- უსაფრთხოების სპეციალისტი არ გახლავართ, მაგრამ ამ თემაზე საინფორმაციო სივრცეში განმარტებებმა არ დატოვა შთაბეჭდილება რომ საქმე ჰაკერულ თავდასხმასთან გვაქვს.

სულაც არაა გამორიცხული რომ „გაზპრომისაგან“ საქართველოს მიერ გაზის 185 დოლარად შესყიდვის შესახებ ინფორმაციის საჯარო სივრცეში მოხვედრა შემთხვევით კი არა გააზრებულადაც კი შეიძლება ყოფილიყო ატვირთული.

თუნდაც იმიტომ რომ საზოგადოებას სცოდნოდა რომ საქართველო გაზს რუსეთიდან იღებს. თუმცა, ფასის, ანუ „კომერციული საიდუმლოების“ გამჟღავნება ქართული მხარისთვის მაინცადამაინც კარგი შესაძლოა არ ყოფილიყო რადგან საქართველო აზერბაიჯანიდან გაზს გაცილებით იაფად ყიდულობს.

გარდა ამისა, სამთავრობო გვერდიდან გავიგეთ, რომ საქართველო რუსული „გაზპრომისაგან“ კარგა ხანია იძენს გაზს, თან შესყიდვების ოდენობა გაზრდილია მნიშვნელოვნად. არადა, საქართველო აზერბაიჯანიდან გზას გაცილებით იაფად იძენდა.

არც ისაა გამორიცხული, რომ ის, რაც მთავრობის ვებ.გვერდზე „კომერციული საიდუმლოს“ აიტვირთვის მიზანი 2026 წლის აპრილიდან გაზზე დაანონსებული ფასის ზდრისთვის საზოგადოების ერთგვარი შეჩვევა-შეგუებაც ყოფილიყო.

ამ თემაზე საზოგადოებაში არსებული ვერსიებიდან ყველაზე მეტად დამაჯერებლად რომელი გამოიყურება?

- თეორიულ დონეზე, ნებისმიერ მათგანს აქვს არსებობის უფლება თუმცა, ნებისმიერი ვერსიის განვითარება სპეკულაცია იქნებოდა. როდესაც არ არსებობს გამჭვირვალე ინფორმაცია, ხოლო ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე მხოლოდ მომხრეთა ერთ ჯგუფზე დაყრდნობით განიხილება, ბუნებრივია, საინფორმაციო სივრცეს ჭორები ავსებს.

თუ მოვლენების განვითარებას დავაკვირდებით, ჩანს, რომ მმართველ პარტიაში ერთი ჯგუფი ცდილობს პოლიტიკური კონკურენტების განადგურებას და ამას კორუფციასთან ბრძოლის კამუფლაჟით აკეთებს. კორუფციასთან ბრძოლას ამგვარად იმიტომ ვახასიათებ, რომ ჯერ ერთი, ამ საქმეების უმრავლესობა საგამოძიებო ჟურნალისტიკამ წლებით ადრე გამოაქვეყნა, ხოლო ისინი, ვინც ამ საქმეს ახლა იძიებენ, დანაშაულის ჩადენის პერიოდში საპარლამენტო და პარტიულ კონტროლს ახორციელებდნენ, მასმედიიდან ამ ქმედებებზე ინფორმაცია ჰქონდათ და არაფერი მოიმოქმედეს მის აღსაკვეთად.

ისევ ძალაუფლებისათვის ბრძოლის სპეციფიკას რომ დავუბრუნდეთ, ნამდვილად არ არის გამორიცხული, ამ მასალის გამოქვეყნება კონტროლირებადი გაჟონვა იყოს, რისი მომსწრეც, „ქართული ოცნების“ მმართველობაში არაერთხელ ვყოფილვართ, როდესაც პოლიტიკური მოსაზრებით ქვეყნდებოდა ყველაფერი, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით დაწყებული, უსაფრთხოების სამსახურის კრებსებით დამთავრებული.

ნამდვილად არ არის გამორიცხული, ამ მასალის გამოქვეყნება კონტროლირებადი გაჟონვა იყოს, რისი მომსწრეც, „ქართული ოცნების“ მმართველობაში არაერთხელ ვყოფილვართ

ამ კონტექსტში, ლოგიკურია საქმის აღძვრა საბოტაჟის მუხლით, ოღონდ საბოტაჟი პარტიის მიმართ განხორციელდა და არა სახელმწიფოს მიმართ, თუმცა, საქართველოში ზღვარი სახელმწიფო და პარტიულ სტრუქტურებს შორის ისედაც წაშლილია და სახელმწიფო ინსტიტუტები პარტიას ემსახურებიან, რომლის ინტერესიც, ზოგჯერ, სულაც არ ემთხვევა ქვეყნის ინტერესს.

ფაქტი ერთია: ეკონომიკურად, ენერგეტიკულად და პოლიტიკურადაც საქართველო დღეს უფრო დამოკიდებულია რუსეთზე და უფრო შორს არის დასავლეთისგან, ვიდრე გუშინ იყო. რას იწვევს ამგვარი დამოკიდებულება დღევანდელი ჰიბრიდული ომის ფონზე, არაერთხელ გვითქვამს.

- ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებისა და მისთვის 5 წლით თავისუფლების აღვეთის თემაზე ბევრი კი ითქვა, მაგრამ პასუხგაუცემელი კითხვები მაინც არსებობს.

ამ კითხვების გაჩენა სახელისუფლებო გუნდის კომენტარებმა გააჩინა იმაზე რომ თურმე „კარგი იყო რომ ღარიბაშვილის სასამართლო დახურული იყო, რადგან ბევრ სიბინძურეს აეხდებოდა ფარდა“. ითქვა ისიც, რომ ივანიშვილმა ღარიბაშილი იმის გამო დასაჯა, რომ ბიზნესის კეთება, მასთან შეუთანხმებლად დაიწყოო. მას სახელმწიფოსთვის არ უღალატია და არც არაფერი მოუპარავსო.

თუ ამ ლოგიკას გავყვებით, ივანიშვილი ბაჩიაშვილთანაც მართალი გამოდის, თუნდაც იმიტომ რომ სწორედ ივანიშვილის ხელშეწყობით იგულისხმება სამთავრობო ადმისტრაციული მხარდაჭერა და საქმის დასაწყებად ბაჩიაშვილისთვის ივანიშვილის მიერ ფულის მიცემით ბაჩიაშვილმა თითქმის 900 დოლარის გაკეთება შეძლო.

ბაჩიაშვილი კი ამბობს, რომ ეს თანხა ივანიშვილს მალე დაუბრუნა, მაგრამ, თუ საქართველოში „ქართულ ჯიგრულ-კაცურ ურთიერთობების“ არსებობას გავითვალისწინებთ, ივანიშვილთან ღარიბაშვილის მსგავსად, არც ბაჩიაშვილიც არ გამოდის მართალი.

სხვათა შორის, ამგვარი მიდგომა, გარკვეულ წილად მართალიც იქნება ადამიანური ურთიერთობების თვალსაზრისით, მაგრამ სამართლებრივად, მართლაც ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა.

თან ვხედავთ, რომ ახლა ციხეში სხედან ქვეყნის სამი თავდაცვის ექს-მინისტრი, მათ შორის ერთი შს მინისტრი და პრემიერიც იყო, სუს-ის ყოფილი შეფი, რომელსაც ბრალად საბავშვო ბაღებისთვის საჭმლის ფულის მოპარვა ედება, თან თურქი ბიზნესმენისაგან 1, 5 მილიონის ქრთამად აღება.

ამ დაკავევებთან დაკავშირებით, ყველაზე ხშირად გაიგონებთ - „ქართული ოცნება“ კორუფციას კი არა, ივანიშვილის კარზე პირველობისთვის სხვადასხვა ჯგუფებს შორის ბრძოლას ვხედავთ. ყველა შემთხვევაში ეს დაკავევები სისტემური კორუფციის არსებობის გარდა, კარგზე არაფერზე არ მეტყველებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავევებს?

რამდენად ადეკვატურად აფასებს მომხდარს ხელისუფლებო გუნდი, მათ შორის ოპოზიციური სპექტრი?

- პროკურატურის ვერსიას თუ დავეყრდნობით, წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა და უსაფრთხოების სტრუქტურები კორუფციის ბუდე ყოფილა. ამასთან, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, თურმე ქოლ-ცენტრებს მფარველობდა და უცხო ქვეყნის მოქალაქისგან ქრთამს იღებდა ლობირების სანაცვლოდ, თავდაცვის მინისტრი კი ოჯახის წევრებს აშოვნინებდა ფულს ჯარისკაცების ჯანმრთელობის ხარჯზე.

ამ დანაშაულებამდე ოდნავ ადრე, ისევ ოფიციალური ცნობებით, ქვეყნის პრემიერი მტრული ძალების დანიშნული ყოფილა და ქვეყანა კინაღამ ომში ჩაუთრევია. ამ და სხვა ოფიციალურად გაჟღერებული ფაქტების ფონზე, საქართველოს უსაფრთხოების სისტემა მტრულად განწყობილი ქვეყნების სპეცსასმსახურებს როგორ გაუმკლავდება, როდესაც, როგორც ჩანს, ყველა მექანიზმი მოშლილია.

სახელისუფლებო გუნდის მიდგომა ნათელია. ის არ იღებს პასუხისმგებლობას ამ კატასტროფულ მდგომარეობაზე, თუმცა, აქ ოპოზიციის ინერტულობაა გასაკვირი. ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ კულტურაში მმართველი პარტიის განცხადებას, წლების მანძილზე კორუფციაში ვიყავი ჩაფლული და ჩემი მინისტრები ქვეყნის თავდაცვას და უსაფრთხოებას აზიანებდნენო, მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოჰყვებოდა, მაგრამ, საქართველოში ამის ორგანიზება არ მოხერხდა.

სახელისუფლებო გუნდის მიდგომა ნათელია. ის არ იღებს პასუხისმგებლობას ამ კატასტროფულ მდგომარეობაზე, თუმცა, აქ ოპოზიციის ინერტულობაა გასაკვირი. ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ კულტურაში მმართველი პარტიის განცხადებას, წლების მანძილზე კორუფციაში ვიყავი ჩაფლული და ჩემი მინისტრები ქვეყნის თავდაცვას და უსაფრთხოებას აზიანებდნენო, მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოჰყვებოდა, მაგრამ, საქართველოში ამის ორგანიზება არ მოხერხდა

გასაგებია, რომ ოპოზიციას გართულებული აქვს ფინანსებზე წვდომა, მისი ლიდერები დაპატიმრებული არიან და თავად პარტიები ხელისუფლების მხრიდან რეპრესიებს განიცდიან, წნეხის ქვეშაა დამოუკიდებელი მედია, მაგრამ ბოლოსდაბოლოს, თვეების მანძილზე პოლიტიკურ პარტიებშიც ხომ უნდა გამოჩენილიყო ის №2, რომელიც აბსოლუტურად ყველა ბიზნეს-დანაყოფს ჰყავს და რომელიც ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში ლიდერობას იკისრებდა?

შესაბამისად, პროტესტი ისევ და მხოლოდ იმ პატრიოტების იმედად არის დარჩენილი, რომლებიც დაუღალავად გამოდიან ქვეყნის დასავლური მომავლის დასაცავად. ბოლოსდაბოლოს, საქართველოში ახლა დასავლური ორიენტაციისთვის კი აღარ მიმდინარეობს ბრძოლა, არამედ ელემენტარული სამოქალაქო უფლებებისთვის, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება, მუშაობის უფლება და ტროტუარზე დგომის უფლებაც კი.

პროტესტი ისევ და მხოლოდ იმ პატრიოტების იმედად არის დარჩენილი, რომლებიც დაუღალავად გამოდიან ქვეყნის დასავლური მომავლის დასაცავად. ბოლოსდაბოლოს, საქართველოში ახლა დასავლური ორიენტაციისთვის კი აღარ მიმდინარეობს ბრძოლა, არამედ ელემენტარული სამოქალაქო უფლებებისთვის, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება, მუშაობის უფლება და ტროტუარზე დგომის უფლებაც კი

- პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა გვამცნო რომ „ქართული ოცნების“ სახელით შეტანილია ბი-ბი-სის მიმართ საჩივარი და მმართველი გუნდი ბი ბი სი-საგან მოითხოვს ბოდიშის მოხდას იმის გამო რომ საქართველოს ხელისუფლებას მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია და ინტერნეტსივრციდან ამგვარი მტკიცებები, რომელიც ბი-ბი-სიმ განათავსა, ამოიღოს.

არადა, გვახსოვს ბი-ბი-სის ფილმის გავრცელებისთანავე ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბი-ბი-სის სასამართლოში უჩივლებდა.

იყო მოლოდინი, რომ ბი-ბი-სის მიერ მომზადებული ფილმის გამო ხელისუფლება მიმართავდა და არა მხოლოდ მმართველი გუნდი, მაგრამ, ასე არ მომხდარა. „ქართულ ოცნებას“ არც ამ თემაზე საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით გამოძიების ჩატარება არ მოუთხოვია.

ხელისუფლება აცხადებს, რომ პასუხს დაელოდება და შემდეგ, თუ საჭირო გახდა ბი-ბი-სის სასამართლოში უჩივლებს.

რა დროში შეიძლება უპასუხოს ბი-ბი-სიმ „ქართული ოცნების“ მიმართვას? ამ თემაზე, სავარაუდოდ, რა შედეგის მოლოდინი შეიძლება არსებობდეს?

- ვერ გეტყვით, რამდენ ხანში გასცემს პასუხს ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებელი მმართველ პარტიას, მაგრამ ერთი ცხადია, ნებსმიერ პასუხს ეს უკანასკნელი ანტიდასავლური პროპაგანდის გასაძლიერებლად გამოიყენებს.

ლოგიკა მარტივია: მმართველი პარტიის პოლიტიკა არათავსებადია დასავლურ დემოკრატიასთან, შესაბამისად, იმისთვის, რომ კრიტიკის მარგინალიზაცია მოხდეს, იგი ნებისმიერ მოვლენას იყენებს ანტიდასავლური პროპაგანდის გასაძლიერებლად.

მმართველი პარტიის პოლიტიკა არათავსებადია დასავლურ დემოკრატიასთან, შესაბამისად, იმისთვის, რომ კრიტიკის მარგინალიზაცია მოხდეს, იგი ნებისმიერ მოვლენას იყენებს ანტიდასავლური პროპაგანდის გასაძლიერებლად

- ახალ 2026 წელს ქართული ოპოზიცია 2025 წელს ჩამოყალიბებული პრობლემებით შეხვდა. მხედველობაში მაქვს ის, რომ პროტესტანტების ქუჩაში აქტიურობასთან დაკავშირებული ხელისუფლებას გამკაცრებული აქვს კანონმდებლობა.

კანონმდებლობით ახლა ტროტუარზე დგომისთვისაც შეიძლება იყვნენ ადამიანები გასამართლებული. თუმცა, ამგვარი პრეცედენტი ჯერ არ შემდგარა.

გარდა ამისა, პროდასავლურ ოპოზიციურ ჯგუფებს შორის არ არსებობს ერთიანობა და ამ ძალების მონაწილეობით ერთიან ფრონტად ჩამოყალიბების შანსები საკმაოდ დაბალია.

ამას ემატება ისიც რომ ხელისუფლებას დაანონსებული აქვს სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა. ქვეყნის პროდასავლური ორიენტაციის მოთხოვნით ქუჩის აქციებისას დაკავებულების მიმართ ხელისუფლების პოზიცია შეუვალია.

თუმცა, სხვადასხვა ინფორმაციით, ქუჩის აქციების დროს დაკავებულებს, რომელთაც სასჯელი მისჯილი აქვთ სთავაზობენ პრეზიდენტ ყაველაშვილისგან ითხოვონ შეწყალება. ასევე სხვადასხვა ინფორმაციით, ისინი ამ შეთავაზებაზე უარს ამბობენ.

ოპოზიციური სპექტრის ლიდერები კი აცხადებენ რომ საპროტესტო აქციები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ვხედავთ, რომ ბოლო დროს საპროტესტო აქციებში ხალხის რაოდენობა მხოლოდ დაანონსებულ აქციებზეა.

ბევრი თანხმდება, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ამ ეტაპზე ფიასკო განიცადეს, მაგრამ, ოპოზიციურ სპექტრში შესაბამისი დასკვნები არ თუ ვერ კეთდება. ზოგი კი ამბობს რომ „ოპოზიციაში პოლიტიკის სიმძიმის ცენტრი არ არსებობსო“, მაგრამ, ოპოზიციის მეორე ნაწილი ამგვარ მტკიცებას მყისიერად პასუხობს - „ოპოზიციაში მთავარი სიმძიმის ცენტრი ჩვენა ვართო“.

სავარაუდოდ, რა ტიპის და როგორი გამოწვევების წინაშე არიან დღეს პროდასავლურად განწყობილი ოპოზიციური პოლიტიკური ძალები?

- სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიები ახლა გამოწვევების კი არა, სრული კოლაფსის წინაშე არიან. ბუნებრივია, ეს თავსთავად არ მომხდარა და მმართველმა ძალამ უზარმაზარი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი დახარჯა ველის მოსასუფთავებლად, მაგრამ მაინც: პოლიტიკურ ძალას, რომელსაც სურს ქვეყანა მართოს ამ ტურბულენტურ ვითარებაში, როდესაც მსოფლიო წესრიგი ჩვენს თვალწინ იცვლება რაღაც ახლით და უცნობით, ცოტა მეტი ადაპტაციის და თუ გნებავთ, რეგენერაციის უნარი უნდა ჰქონდეს.

სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიები ახლა გამოწვევების კი არა, სრული კოლაფსის წინაშე არიან. ბუნებრივია, ეს თავსთავად არ მომხდარა და მმართველმა ძალამ უზარმაზარი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი დახარჯა ველის მოსასუფთავებლად

უნდა აღნიშნოს, რომ მმართველი აპრტია უშეცდომო სულაც არ არის. ის „საგოლე ჩაწოდებები“ რომელიც „ოცნებამ“ შიდა დაპირისპირების და ძალაუფლებისთვის ბრძოლის გამო მიაწოდა ოპოზიციას, ჯერჯერობით გამოუყენებელი დარჩა.

პოლიტიკურ კლასს არ აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკური მოთხოვნები და არ აქვს ორგანიზებული ამ პოლიტიკური მოთხოვნების ლობირების სტრუქტურირებული მოქმედებები. შესაბამისად, ოპოზიციური პარტიები ვერ ახორციელებენ პოლიტიკურ ზეწოლას, პრესინგს, რასაც შესაძლოა, ხელისუფლების გახლეჩვა გამოეწვია.

ნებისმიერი რეჟიმის დემონტაჟს რამდენიმე ფაქტორი სჭირდება, როგორიცაა მმართველი ელიტის გახლეჩვა, კონსოლიდირებული ოპოზიცია ქარიზმატული ლიდერით და მხარდაჭერა მძლავრი ფინანსური აქტორების მხრიდან. თუ საწართველოში მიმდინარე პროცესს დავაკვირდებით, არც ერთი ფაქტორი არ გვაქვს წრმოდგენილი, შესაბამისად, ის გათვლა, რომ უკრაინაში ან თუნდაც ირანში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოში რამე ავტომატურად მოხდება, რეალობას მოკლებულია.

გარე ფაქტორებმა შესაძლოა ხელსაყრელი ვითარება შექმნას, მაგრამ სწორად წარმართული პოლიტიკური პროცესის გარეშე, ეს უპირატესობა ისევე უშედეგოდ ჩაივლის, როგორც აქამდე არსებული ყველა სხვა.

პოლიტიკური ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, მოქალაქეებს გააცნობიერებინოს, რომ ახლა ბრძოლა უკვე დასავლური კურსისთვის კი არა, არამედ გამოხატვის, შრომის, სიტყვის თავისუფლებისთვის მიმდინარეობს. პოლიტიკური კლასის პასუხისმგებლობაა ჩამოაყალიბოს რა გზით ვითარდება პროტესტი, რა უნდა იყოს პოლიტიკური მოთხოვნები, რა გზებით ხდება ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება, როგორ არჩევნებში ღირს მონაწილეობის მიღება, რა ცვლილებებია ამისთვის საჭირო და როგორ მივაღწიოთ ამ ცვლილებებს.

პოლიტიკური ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, მოქალაქეებს გააცნობიერებინოს, რომ ახლა ბრძოლა უკვე დასავლური კურსისთვის კი არა, არამედ გამოხატვის, შრომის, სიტყვის თავისუფლებისთვის მიმდინარეობს. პოლიტიკური კლასის პასუხისმგებლობაა ჩამოაყალიბოს რა გზით ვითარდება პროტესტი, რა უნდა იყოს პოლიტიკური მოთხოვნები, რა გზებით ხდება ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება, როგორ არჩევნებში ღირს მონაწილეობის მიღება, რა ცვლილებებია ამისთვის საჭირო და როგორ მივაღწიოთ ამ ცვლილებებს

არავინ ამბობს, რომ ახლა არჩევნებში მონაწილეობას აზრი აქვს, მაგრამ ის ხომ მაინც უნდა ვიცოდეთ, აზრი რომ ჰქონდეს იმგვარი არჩევნების ჩატარებას რა ცვლილებები სჭირდება? ბოლოსდაბოლოს, ხომ არარეალურია, რომ „ქართული ოცნება: თავისით წავა და შემდგომ პარტიები დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებში გაინაწილებენ ხელისუფლებას? რეალურიც რომ იყოს, ამასაც ხომ მომზადება სჭირდება?

საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებსაც ასევე პოლიტიკური ალგორითმი სჭირდება. დასავლეთმაც უნდა იცოდეს, ვის შეიძლება დაეყრდნოს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ვისთან ღირს პარტნიორული ურთიერთობები.

საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებსაც ასევე პოლიტიკური ალგორითმი სჭირდება. დასავლეთმაც უნდა იცოდეს, ვის შეიძლება დაეყრდნოს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ვისთან ღირს პარტნიორული ურთიერთობები

- საშინაო პოლიტიკაში არსებული გამოწვევების თვალსაზისით ოპოზიციისგან განსხვავებით ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია მმართველი გუნდი.

სახელისუფლებო პროპაგანდა აშკარად ჯაბნის ოპოზიციური პროპაგანდას. ამის ერთ-ერთი პარამეტრი შესაძლოა ისიც იყოს, რომ მნიშვნელობა არ აქვს რა საკითხზე რას იტყვის სახელისუფლებო პროპაგანდა, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი სახელისუფლებო გზავნილებით მეტყველებს და აზროვნებს.

„ინტერპრესნიუსთან“ წინა გასული წლის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი - „ხელისუფლება ეცდება პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას საგარეო კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს“.

თუ საინფორმაციო სივრცის ქართულ სეგმენტს გადავავლებთ თვალს, ცხადადაც კი ჩანს, რომ მმართველ გუნდს თავისი ამოცანები შესრულებული აქვს. 2026 წელს ხელისუფლება იმის შესაბამისად იმოქმედებს თუ რა საჭიროება ექნება.

2026 წელს საშინაო პოლიტიკაში რა უმთავრესი ამოცანები ექნება გადასაწყვეტი მმართველ გუნდს“?

- გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები საერთაშორისო ასპარეზზე. თუ მსოფლიოში რუსული გავლენა შესუსტდება, „ქართული ოცნება“ ეცდება შეერთებულ შტატებს სანდო დასაყრდენის იმიჯი შესთავაზოს, რისთვისაც სავარაუდოდ, სინდისის პატიმრების გათავისუფლებას დაიწყებს.

სწორედ ეს არის დღევანდელი პოლიტიკური კლასის შეცდომა: „ქართული ოცნება“ პრორუსული კი არ არის (ბუნებრივია, იგი პენეტრირებულიც არის რუსული სპეცსამსახურებისგან და კურსიც, რომელიც მან აირჩია, საქართველოს რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს), არამედ მუდმივ მმართველობას ესწრაფვის და ნებისმიერ მხარეს გადაიხრება, ვინც მას გაურიგდება.

ამიტომ, „ქართული ოცნებას“ ლეგიტიმაციის არარსებობა კი არ უშლის ხელს, ეს მას მხოლოდ პიროვნულად შეიძლება აღიზიანებდეს, არამედ არასტაბილურობა, რადგან ასეთ გარემოში ის ვითარებას ვერ აკონტროლებს და არ არის სანდო პარტნიორი არც დასავლეთისთვის, არც რუსეთისთვის და არც ჩინეთისთვის. რომელიმე დიდი ძალის სანდო პარტნიორობა მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

„ქართული ოცნებას“ ლეგიტიმაციის არარსებობა კი არ უშლის ხელს, ეს მას მხოლოდ პიროვნულად შეიძლება აღიზიანებდეს, არამედ არასტაბილურობა, რადგან ასეთ გარემოში ის ვითარებას ვერ აკონტროლებს და არ არის სანდო პარტნიორი არც დასავლეთისთვის, არც რუსეთისთვის და არც ჩინეთისთვის. რომელიმე დიდი ძალის სანდო პარტნიორობა „ქართული ოცნებისთვის“ სასიცოცხლოდ აუცილებელია ძალაუფლების შესანარჩუნებლად

რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, თუკი შიდა „ქართულმა ოცნებამ“ სტაბილურობას მიაღწია, ეს მისთვის მეტად ხელსაყრელია, რადგან სტრატეგიული უმნიშვნელობა, რომელსაც მან ვაშინგტონთან მიაღწია და ბრიუსელთან ცდილობს მიღწევას გამალებით, კორუფციური რეჟიმებისთვის ხელსაყრელი გარემოა: ნულოვანი ვალდებულებები საერთაშორისო პარტნიორებთან, გამჭვირვალეობის არარსებობა, სახელმწიფოს ფაქტიური მიტაცება და ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია დემოკრატიის გაუქმების ფონზე.

- გვერდს ვერ ავუვლით იმას, თუ რა ხდება საერთაშორისო ასპარეზზე. მხედველობაში მაქვს ტრამპის ინიციატივით ვენესუელაში განვითარებული მოვლენები. ასევე ტრამპის განცხადებები გრელანდიასთან დაკავშირებით. იგულისხმება ის, რომ თუ აშშ გრელანდიას აშშ-ს შტატად არ მიიერთებს, გრელანდიას რუსეთი და ჩინეთი დაიკავებენ.

არადა, უკრაინაში ომში ჩართულ რუსეთს რომ ამგვარი შესაძლებლობები არ აქვს, ცხადია, ამგვარი ამბიციები არც ჩინეთს გააჩნია. ვხედავთ, რომ უკრაინის საკითხში ტრამპის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები მხოლოდ პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს და ნატოს ერთიანობას პრობლემებს უქმნის.

თუ ყველაფერ ამას ტრამპის აშშ-ს ახალ „მონროს დოქტრინას“ დავამატებთ, რაც ამერიკის კონტინენტზე აშშ-ს კონტროლს გულისხმობს და დანარჩენი მსოფლიოს რუსებისა და ჩინეთის გავლენის სფეროებად გაყოფას ითვალისწინებს, დავინახავთ, რომ ბევრი თვალსაზრისით ტრამპის გაუგებარი პოზიციების გამო მსოფლიოში უკრაინაში ომი დაწყებამდე არსებული უსაფრთხოების სისტემა, ისევე როგორც საერთაშორისო სამართალი აღარც არსებობს.

აიეთოლების წინააღმდეგ ირანში ამბოხებულ ხალხს ტრამპი ჯერ მოუწოდებდა ქუჩის აქციებისკენ, თან ამბობდა, „დახმარება გზაშიაო“, მაგრამ, ვნახეთ, რომ იგი ახლა იმითაა კმაყოფილი რომ ირანის ხელისუფლებამ დაკავებულების სიკვდილით დასჯაზე უარი თქვა და დიპლომატიური არხებით ვაშინგტონს პირობას აძლევს რომ შეწყვეტს „ირანის ბირთვულ პროგრამას“.

არადა, ყველას კარგად ესმის რომ ირანში აიეთოლების ხელისუფლება პროტესტანტების წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმით ატარებს სადამსჯელო ოპერაციებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ირანში სასულიერო პირების მმართველობა, როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება.

მეტიც, ვენესუელაში ტრამპის ოპერაციისას ჯერ პუტინისაგან გაქცეული მეამბოხე პრიგოჟინის ჯარისკაცები დაიღუპნენ, ხოლო შემდეგ თეირანის სასულიერო მმართველობას საშუალება მიეცა ირანის თავისუფლებისათვის მებრძოლ მოქალაქეებს გასწორებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, ახლა ამაზე ყურედღებას ბევრი ამახვილებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმ სურათს საერთაშორისო ასპარეზზე, რომლის აღწერასაც შევეცადე?

და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ამბებმა საქართველოზე?

- გადაჭარბებული ოპტიმიზმი არ იქნებოდა სასურველი, მაგრამ მეჩვენება, რომ ამჟამად მსოფლიოში რუსეთის დასუსტების პროცესი მიმდინარეობს. პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკა, მიუხედავად მისი დოქტრინალური საფუძვლების თუ მნიშვნელოვანი შუქ-ჩრდილებისა, „ცივი ომის“ დროინდელ „გამალებულ შეიარაღებას“ მაგონებს, რომელმაც რუსეთის კოლაფსი გამოიწვია. მოკლედ რომ ვთქვათ, ტრამპის ადმინისტრაცია კრემლს მისივე წესებით თამაშს სთავაზობს: თუ რუსეთს სურს უკრაინაში სპეციალური ოპერაციის ჩატარება საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფით, შეერთებულ შტატებსაც უნდა შეეძლოს ეს, ოღონდ კრემლი ამას მეოთხე წელია ვერ ახერხებს, ვაშინგტონმა კი ეს 2 საათში შეძლო მისთვის არასასურველი ლიდერის შეპყრობა ფილიგრანული ოსტატობით.

ზოგადად, რუსული წყალქვეშა ნავის ცხვირწინ ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერის დაკავება რუსეთის დღევანდელ მდგომარეობას ნათლად ასახავს: რუსულ შანტაჟს, ბირთვულის ჩათვლით, არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია.

კრემლი ვერ დაეხმარა ასადს, ვერ დაეხმარა მადუროს, ვერ დაეხმარა ალი ხამენეის და ვერ დაეხმარება მისი ბოროტების ღერძის ვერც ერთ მოკავშირეს. სხვა საქმეა, რომ რუსეთის დასუსტება ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მის რესურსებზე წვდომას უზრდის და ჩინეთის აღზევებას იწვევს, რასაც ვაშინგტონი დიდი სიფრთხილით ეკიდება და ცდილობს შეკავების სიმძიმის ცენტრი წყნარ ოკეანესა და არქტიკაზე გადაიტანოს.

კრემლი ვერ დაეხმარა ასადს, ვერ დაეხმარა მადუროს, ვერ დაეხმარა ალი ხამენეის და ვერ დაეხმარება მისი ბოროტების ღერძის ვერც ერთ მოკავშირეს. სხვა საქმეა, რომ რუსეთის დასუსტება ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მის რესურსებზე წვდომას უზრდის და ჩინეთის აღზევებას იწვევს, რასაც ვაშინგტონი დიდი სიფრთხილით ეკიდება და ცდილობს შეკავების სიმძიმის ცენტრი წყნარ ოკეანესა და არქტიკაზე გადაიტანოს

რაც შეეხება ირანს, აქ მდგომარეობა საკმაოდ სპეციფიურია. ანტისამთავრობო პროტესტებმა, რომელთა ტრიგერიც ღრმა ეკონომიკური კრიზისი იყო, ქვეყნის თითქმის ყველა პროვინცია მოიცვა. მსგავსი მასშტაბის გამოსვლების ჩახშობის გამოცდილება აიათოლების რეეჟიმს აქვს, თუმცა ამჯერად ვითარება შეიძლება თვისობრივად განსხვავებული აღმოჩნდეს, რადგან გადამწყვეტ როლს ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად სტრუქტურული და ჰუმანიტარული გამოწვევები თამაშობს, მათ შორის, სასმელი წყლის მწვავე დეფიციტი.

სტრატეგიულ კონტექსტში რეჟიმის მოწყვლადობას აძლიერებს ის ფაქტორიც, რომ შეერთებული შტატებისა და ისრაელის ქმედებებმა მნიშვნელოვნად შეასუსტა ირანის სამხედრო, ბირთვული და პროქსი-ქსელებზე დამყარებული ბერკეტები, რის შედეგადაც რეჟიმს შემცირებული აქვს როგორც შიდა რყევებთან გამკლავების, ისე პროტესტისგან ყურადღების გადატანის შესაძლებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ყველაზე რეალისტურ სცენარად კვლავ რეჟიმის მიერ სტაბილურობის აღდგენა რჩება შეზღუდული ეკონომიკური დათმობებისა და ძალადობრივი რეპრესიების გზით, რეჟიმის წინაშე არსებული საფრთხე არ უნდა დაკნინდეს.

სისტემური ცვლილებების უფრო სავარაუდო კატალიზატორად კვლავ უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალება განიხილება, თუმცა ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე ბოლო მოვლენებმა შესაძლოა ისეთი კრიზისული გარემო შექმნას, რომ დრამატული და ადრე ნაკლებად წარმოსადგენი ცვლილებები რეალურ შესაძლებლობად იქცეს.

გადამწყვეტი ფაქტორი, ბუნებრივია, შეერთებული შტატების მოქმედებები იქნება. კონვენციური მოქმედებების დროებით განუხორციელებლობა ჩარევაზე უარის თქმად არ უნდა განვიხილოთ. ირანი ვენესუელა არ არის და იქ ოპერაციის ჩასატარებლად გადამწყვეტი სამხედრო უპირატესობაა საჭირო, რასაც დრო სჭირდება, 3-4 კვირა მაინც.

გადამწყვეტი ფაქტორი, ბუნებრივია, შეერთებული შტატების მოქმედებები იქნება. კონვენციური მოქმედებების დროებით განუხორციელებლობა ჩარევაზე უარის თქმად არ უნდა განვიხილოთ. ირანი ვენესუელა არ არის და იქ ოპერაციის ჩასატარებლად გადამწყვეტი სამხედრო უპირატესობაა საჭირო, რასაც დრო სჭირდება, 3-4 კვირა მაინც

ამასთან, თანამედროვე კონფლიქტში არასამხედრო კომპონენტი ზოგჯერ სჭარბობს კიდევაც სამხედროს და დიდწილად განაპირობებს ოპერაციების წარმატებას. ეს ნათლად გამოჩნდა ვენესუელაში, მანამდე კი ირანის და მისი პროქსი- ჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციების მსვლელობისას, როდესაც ელექტრონული ბრძოლის საშუალებების და კიბერშესაძლებლობების გამოყენებით გახდა შესაძლებელი პრაქტიკულად უდანაკარგო ან მცირე დანაკარგიანი ღონისძიებების განხორციელება.

ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ განხოერციელებულმა ოპერაციებმა ნათლად აჩვენა, რომ ირანის ყველა დომეინი, სახმელეთოს გარდა, შეღწევადია ისრაელის და აშშ-ის ძალებისთვის, შესაბამისად, იქ გარე ჩარევის ალბათობა ჯერ კიდევ მაღალი რჩება და ესკალაცია პიკს ალბათ 2-3 კვირაში მიაღწევს. მანამდე კი კიბეროპერაციების და საინფორმაციო ზემოქმედების გააქტიურებაა მოსალოდნელი რეჟიმის ძირის გამოსათხრელად.

რაც შეეხება საქართველოს, რუსეთის ნებისმიერი მოკავშირის განადგურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესისთვის მომგებიანია, თუმცა გარეთ განვითარებული მოვლენებმა მხოლოდ უპირატესობა შეიძლება შექმნას და უკეთესობისკენ თავისთავად აქ არაფერს შეცვლის.

უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს დრამატული მოვლენები დამატებით რისკებს წარმოშობს მთელი რეგიონისთცის და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე ხვდება, როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება