არა მარტო შეცდომასთან, არამედ სრულ უცოდინარობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ფასების ზრდის ფაქტორებზე საუბრობს ხელისუფლება და ამას ან ქსელურ სუპერმარკეტებს აბრალებს ან მაღაზიებისა და აფთიაქების სიმრავლეს - თუ მთავრობა რაღაცა ჯგუფის მავნებლებად და დამნაშავეებად გამოცხადებას აპირებს და ამით ირიბად, საკუთარი დანაშაულის თავიდან აცილებას, [დამნაშავეები] ისევ საკუთარ წრეში მოძებნოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც სასურსათო პოლიტიკასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა.
გოცირიძის თქმით, საქართველოსა და გერმანიის სუპერმარკეტებში არსებული პროდუქტების ფასების შედარება „სისულელეა“, რადგან საქართველოში არსებული პროდუქტების 90% იმპორტირებულია, იქ კი, ადგილობრივი ნაწარმი იყიდება.
„არა მარტო შეცდომასთან, არამედ სრულ უცოდინარობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ფასების ზრდის ფაქტორებზე საუბრობს ხელისუფლება და ამას ან ქსელურ სუპერმარკეტებს აბრალებს, ან კიდევ საოცარია, მაგრამ მაღაზიებისა და აფთიაქების სიმრავლეს. მერე ამბობს, რომ გერმანიაში ან ავსტრიაში განსხვავებული მდგომარეობა არისო. როცა საფრანგეთს ადარებდნენ, იქ უფრო იაფია, ვიდრე საქართველოშიო, საფრანგეთში, დაახლოებით, 80% ფრანგული წარმოებისაა, რაც კი რამე სუპერმარკეტშია. 20% ევროკავშირიდან შემოდის, რაც ასევე, ერთიანი ბაზარია და არავითარი განსხვავება არ არის. ევროკავშირის საქონელიც ადგილობრივი საქონელია ნებისმიერი ქვეყნისათვის, ვინაიდან იქ საქონლის, კაპიტალის და სამუშაო ძალის მოძრაობა თავისუფალია.
საერთოდ სისულელეა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გერმანიაში ნაკლები მაღაზიაა, ვიდრე საქართველოში. ადარებ ქვეყანას, რომელსაც გერმანიასთან შედარებით, მშპ აქვს 7-ჯერ ნაკლები. როგორ შეიძლება შეადარო გერმანიას, სადაც ყველაფერი ადგილობრივია სუპერმარკეტებში, როდესაც ჩვენს მაღაზიებში და სუპერმარკეტებში საქონლის 90% არის იმპორტირებული.
ფასების ზრდის ახსნა მაღაზიების სიმრავლით არის სრული უგუნურობა. რატომ არ იზრდება საქართველოში პურზე ფასები გარიგებით? ამას ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა აკვირდებოდეს. ნავთობის იმპორტიორები ერთმანეთთან შეკრულები არიან. ისინი მთლიანად აფინანსებენ „ქართულ ოცნებას“, ღიად აფინანსებენ პარტიას და მერე ჩემოდნებით ფული მიაქვთ კიდევ. არჩენენ „ქართული ოცნების“ ოჯახებსა და პარტიას. მერე საარჩევნოდ აქტივისტებს აფინანსებენ. ვინ არიან ეს ადამიანები? ახლა რომ ამბობენ, რომ თურმე ერთმანეთთან შეკრულები არიან. ვინ შვა ეს სისტემა? 13 წლის განმავლობაში თუ ეს ხდებოდა, რამდენი ნამეტი ამოიღეს ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან? ანტიმონოპოლიურ სამსახურს, რომელიც პარაზიტი სამსახურია, ერთხელაც კი არ შეუსწავლია ეს საკითხი.
სხვათა შორის, „ქართულ ოცნება“ მათ პირველ ვადაში უნიათოები, არაკომპეტენტურები, არაპროფესიონალები იყვნენ. დღეს უნიათოები არ არიან, დღეს მოღალატეები, ბოროტები არიან, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ.
ნავთობის იმპორტიორები მათი [„ქართული ოცნების“] კლანია, მათ შექმნეს მონსტრები. ვინ არიან ქსელური სუპერმარკეტების მეპატრონეები? აბსოლუტური უმრავლესობა „ქართული ოცნების“ დამფინანსებელი და მათი ბიზნესის კლანის ნაწილია. ვინ არის ფარმაცევტული ბიზნესი? არ არსებობს არცერთი ფარმაცევტული ან ქარხანა ან სააფთიაქო ქსელი, რომელიც არ იყოს „ქართული ოცნების“ შემომწირველი და რომელიც არ სარგებლობდეს მისი შეღავათიდან. იმავე ჯანდაცვის ბიზნესი. თუ მთავრობა რაღაცა ჯგუფის მავნებლებად და დამნაშავეებად გამოცხადებას აპირებს და ამით ირიბად, საკუთარი დანაშაულის თავიდან აცილებას, [ისინი] ისევ საკუთარ წრეში მოძებნოს“,- განაცხადა გოცირიძემ.
გოცირიძის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან ფასების დარეგულირების ინიციატივა „არის კამპანიური წამოწყება, რასაც ავტორიტარული რეჟიმები მიმართავენ და კრახით მთავრდება“.
„მოსახლეობის თვალში გულისწყრომის გადატანის ყველაზე კარგი საშუალებაა, რომ ლანძღო ქსელური სუპერმარკეტები და ბანკები. არავის უყვარს მომატებული ფასები და პროცენტები. ეს არის კამპანიური წამოწყება, რასაც ავტორიტარული რეჟიმები მიმართავენ და კრახით მთავრდება. უნდათ, რომ საკუთარი დანაშაული სხვას გადააბრალონ. მთავარი დამნაშავე არის ხელისუფლება, ეროვნული ბანკი, მისი არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. ყველგან იზრდება ფულის მასა“,- განაცხადა გოცირიძემ.
მან გადაცემაში ისაუბრა იმ ძირითად გადასადგმელ ნაბიჯებზე, რომლებიც მისი შეფასებით, საქართველოში ფასებს დაარეგულირებდა.
„აუცილებელია ეროვნული ბანკის არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამოსწორება, ვინაიდან ინფლაცია არის მონეტარული მოვლენა, ანუ ფასის ზრდა არის ინფლაცია. თუ საგარეო ფასები გაიზარდა, ეს აისახება ფასებზე. ქვეყანას აქვს მისი რეგულირების საშუალება.
მეორე - მთავრობის მთავარი საბიუჯეტო პოლიტიკა. ძარცვა - ამას ჩვენ ვხედავთ. მილიონები აქვს ადამიანს ჩანთებში: 6 მილიონი, 7 მილიონი, მინისტრებს იჭერენ, რომლებმაც ბიუჯეტი გაძარცვეს. [ვხედავთ] ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევას, რომელიც პირდაპირ „ქართული ოცნების“ კლანის ჯიბეში მიდის. ეკონომიკურ ზრდას ამიტომ ვერ გრძნობს ადამიანი.
მესამე, კონკურენციის არარსებობა და ბიზნესში შემოსვლის შეზღუდვა, ვინაიდან კლანურად არის გადანაწილებული და ეს ინვესტიციებსაც უშლის ხელს.
სუს-მა რა უნდა უთხრას - „რატომ გაქვთ ორმაგი ფასიო?“ მას ამის უფლება აქვს. სამართლებრივად ამის წამოწყება არის ნულის ტოლფასი. პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, მოსახლეობის წინაშე თავის მართლება“,- განაცხადა გოცირიძემ.
გარდა ამ თემისა, გოცირიძემ შეაფასა დავოსში მიმდინარე ფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ გაკეთებული შემდეგი განცხადება: „მივიღეთ მოთხოვნა სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის დაშვებასთან დაკავშირებით. ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, მაგრამ ერთ დღესაც პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოხდება“. გოცირიძის შეფასებით, ალიევმა საქართველოს „თავში კიდევ ერთხელ ჩაარტყა“.
„ეს ძალიან ცუდი განცხადებაა საქართველოსთვის და უპირველესად, დამნაშავე ხელისუფლებისათვის. როდესაც ხარ საერთაშორისო იზოლაციაში, როდესაც ტრამპმა დიქტატორული სახელმწიფოები მიიწვია ღაზას „მშვიდობის საბჭოში“... ზოგი იმასაც იძახის, რომ გაეროს ალტერნატივას ქმნისო და მდიდრებს ეუბნება, 1 მილიონი დოლარი ჩადეთო. ლუკაშენკო მიიწვია, ალიევი მიიწვია, სომხეთიც. მიიწვია ყველა ქვეყანა, საქართველოს გარდა. ალბათ, თურქმენეთსაც მიიწვევს სულ მალე. საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული ქვეყანა დასუსტდა, მეგობარი აღარ გვყავს არც დასავლეთში, არც ამერიკაში, არც ევროკავშირში. იმიტომ გამოტოვა ტრამპმა საქართველო, რომ სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია. ყველა მიმართულებით დაუძლურებულ, მეგობრებისა და პარტნიორების გარეშე დარჩენილ ქვეყანას, ყველა მიმართულებით ექნება პრობლემა. გუშინ თავში ჩაარტყა ალიევმა [საქართველოს] კიდევ ერთხელ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.