საზოგადოებისთვის კი არ ვართ ჩვენ საფრთხე, გარეთ რომ გაგვიშვათ, რეჟიმი ფიქრობს, რომ მათთვის ვართ საფრთხე - მზად ხართ, რომ უდანაშაულო ადამიანები გაუშვათ ციხეში, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
როგორც ნადირაძემ აღნიშნა, არცერთი მის მიერ ნათქვამი სიტყვა, წინადადება, განცხადება უკან არ მიაქვს.
„მიმალვას რომ არ ვაპირებ, ეს ისედაც გასაგებია. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ვიცოდით, რომ გვაკავებდით, არ მივმალულვართ, არ ვაპირებდით და არც ახლა არ ვაპირებთ დამალვას. ახალი დანაშაულის ჩადენაზე აბსურდია საუბარი. წლების განმავლობაში, საზოგადოებაშიც მიცხოვრია და საჯარო სამსახურშიც მიმუშავია, არცერთი დანაშაული არ დამიდენია და არც შემჩნეული არ ვყოფილვარ. მტკიცებულებების განადგურებაზე საერთოდ აბსურდია საუბარი. რატომ უნდა გავანადგურო, მაშინ, როცა ყველა ნათქვამ განცხადებას, წინადადებას, ყველა სიტყვას ახლაც, ამ წუთშიც იწერთ. ამ წუთსაც ყველა განცხადებაზე ხელს მოვაწერ და არცერთი სიტყვა, არცერთი წინადადება, არცერთი განცხადება უკან არ მიმაქვს. იმიტომ, რომ ჩემი, პოლიტიკოსის განცხადებები, მოწოდებები, არც კანონს გასცდენია და არც კონსტიტუციურად გამოხატვის ჩემს უფლებასა და თავისუფლებას. ვერ ნახავთ ვერცერთ ჩანაწერს, რომ სადმე მე ვინმეს ძალადობისკენ მივუწოდებდი, ყველგან იყო სიტყვა „მშვიდობიანი“ და „არაძალადობრივი“.
სინამდვილეში, მთავარი პრობლემაა ის, რომ ნეგატიურად ვართ განწყობილი და არ ვიზიარებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის განცხადებას და მის პოლიტიკას. არ დაგავიწყდეთ, ჩვენ ვართ ოპოზიციაში. ჩვენი ფუნქცია იყო და არის, რაც არ მოგვწონს, ვაკრიტიკოთ, ნეგატიურად ვიყოთ განწყობილი. მე განცხადებებში ვსაუბრობდი, რომ ბიძინა ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და ხელისუფლება აქვს მიტაცებული, რომ ქვეყანა გაიყვანეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ვსაუბრობდი მაშინ კორუფციაზე, ძალადობაზე, შერჩევით სამართალზე, გაჭირვებაზე, სიღარიბეზე, უმუშევრობაზე, გაზრდილ ფასებზე, იმიტომ, რომ ხალხი გარბის ამ ქვეყნიდან, რომ ადამიანს ამ ქვეყანაში არ აქვს ნორმალური პენსია, ჯანდაცვა, არც ნორმალური შემოსავლები. არც თქვენ არ გაქვთ მათ შორის და არც ამ ადამიანებს. ამათთვისაც ვიბრძოდით მშვიდობიანად. როდესაც ქვეყანაში არჩევნები გაუქმებულია, ხელისუფლება მიტაცებულია, ქვეყანა გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან... ჯერ არ ვართ ირანი, მაგრამ ალბათ იქამდეც მიხვალთ, რომ ჩიხტიკოპებით სიარულს მოსთხოვთ ქალბატონებს. საზოგადოებისთვის კი არ ვართ ჩვენ საფრთხე, გარეთ რომ გაგვიშვათ, რეჟიმი ფიქრობს, რომ მათთვის ვართ საფრთხე.
ნეგატიური დამოკიდებულება როცა გაქვს რეჟიმის მიმართ, ეს არის საფრთხე, ეს არის დანაშაული, ხმა არ უნდა ამოვიღოთ, ჩრდილოეთ კორეა უნდა ვიყოთ, ირანი უნდა ვიყოთ, რეჟიმები უნდა ვიყოთ, სადაც არც სიტყვის თავისუფლებაა, არც სამართალი, არც დემოკრატია, არც კეთილდღეობა, არც ევროპული მომავალი.
რაც შეეხება მეორე ნაწილს, ძალიან ცუდი, რომ დასაკითხად არ მოიწვიეთ ირაკლი კობახიძე, როცა საუბარია ღობის ეპიზოდზე. 4 კადრი იყო ერთდროულად, სადაც ჩვენ რომ დავიძარით თავისუფლებიდან, ღობე იყო გადანგრეული. ლოგიკური იყო ყველას გაგვხსენებოდა სად არის ირაკლი კობახიძე, რომელიც ამბობდა, რომ თავის ხალხს უგეგმავდა სიურპრიზებს. ხომ არ იყო ეს ის სიურპრიზები შემთხვევით. არ მოიწვიეთ ირაკლი კობახიძე. გასაგებია ჩემთვის, რატომ არ ამოიღეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კამერების ჩანაწერები. იქ ძალიან კარგად გამოჩნდებოდა, რომ ეს ადამიანები მახეში გააბით.
რეალურად ვინც არიან მოძალადეები არ არიან დასჯილები, მაგრამ ის ადამიანი, ვინც გაწყობთ თქვენ, რომ წარმოაჩინოთ ბუებად და მოძალადეებად, ძალადობრივი ჯგუფი ორგანიზატორებად, მზად ხართ, რომ უდანაშაულო ადამიანები გაუშვათ ციხეში. ჩვენ შეიძლება რეჟიმის წინაშე ვართ დამნაშავეები, მაგრამ ჩვენი წინაპრების წინაშე, მომავალი თაობების წინაშე... 4 შვილის მამა ვარ, არ შემრცხვება ამ ადამიანებთან და არც მათთან, ვინც ქუჩაში დგას და იბრძვის. გავა დრო და ისტორია შეაფასებს ვინ ვიყავით მართლები“,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ცნობისთვის, ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.