ისეთ ფორმატებშიც კი არ გვეძახიან, სადაც ათასი ჯურის ავტორიტარია მიწვეული - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაღიარება მუშაობს და მუშაობს ისეთ ტრანზაქციულ სამყაროში, სადაც პარტნიორებს არჩევენ არა ადამიანის უფლებების მდგომარეობის სტანდარტის მიხედვით, არამედ გეოპოლიტიკური მდგენელის გამოყენებით, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ პარტია “თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელმა გიორგი შაიშმელაშვილმა განაცხადა.
შაიშმელაშვილის აზრით, დასავლეთისთვის, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციისთვის “ქართული ოცნების“ მთავრობა არის “სპოილერი“, რომელიც მათ მოწინააღმდეგეთა ბლოკშია.
მისივე თქმით, იმ ფონზე, როცა არსებული საერთაშორისო წესრიგი იშლება და იცვლება, თუ საქართველოში სწრაფი ცვლილებები არ მოხდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს გადარჩენა გაგვიჭირდება.
“ჰელსინკის კომისიაში საქართველოს საკითხზე რიგით მეორე მოსმენაა. პირველის აქცენტი საქართველოს საგარეო პოზიციონირება იყო. საუბარი იყო ჩინეთთან, ირანთან, რუსეთთან ჩვენს კავშირებზე - ამ ბოროტების ღერძზე, რომელიც აშშ-ს სტრატეგიულ მოწინააღმდეგეთა რიცხვში შედის. როგორც ჩანს, ჰელსინკის კომისიის შემდეგი სხდომა ადამიანის უფლებების გაუარესებულ მდგომარეობაზე და დემოკრატიის სტანდარტებზე იქნება.
ერთი წელი გავიდა გასული წლის 20 იანვრიდან, როცა ივანიშვილის პარტია გვპირდებოდა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობებს გადააწყობდნენ და დაალაგებდნენ. ამ ერთი წლის განმავლობაში აშშ-თან ურთიერთობები არა თუ არ ნორმალიზდა, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შექმნილ “მშვიდობის საბჭოში“ ადამიანის უფლებების დამრღვევი და ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ბევრი მთავრობა და სახელმწიფო მოხვდა და ამ წრეშიც კი ვერ მოხდა “ქართული ოცნება“.
ეს ერთადერთ რამეს ნიშნავს - უნდა გვესმოდეს, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაღიარება მუშაობს და მუშაობს ისეთ ტრანზაქციონალისტურ სამყაროში, როგორშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ - მუშაობს იმ სამყაროში, სადაც პარტნიორებს არჩევენ არა ადამიანის უფლებების მდგომარეობის სტანდარტის მიხედვით, არამედ გეოპოლიტიკური მდგენელის გამოყენებით“, - განაცხადა გიორგი შაიშმელაშვილმა.
პარტია “თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენლის თქმით, “ქართული ოცნების“ პრობლემა არის ის, რომ ის ქართველ ხალხს არ წარმოადგენს. როგორც შაიშმელაშვილმა აღნიშნა, “ქართულ ოცნებას“ აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა ქვეყნის შიგნით და ასევე არ არის სტაბილურობის გარანტი.
“მეტიც ის დასავლეთისთვის, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციისთვის არის სპოილერი. მიაჩნიათ, რომ არის მათ მოწინააღმდეგეთა ბლოკში. ამ თვალსაზრისით მართლა ტრაგიკული მომენტი გვიდგას, რომ ყველანაირი რუკიდან გავქრეთ. ჩვენ გვიყურებენ როგორც რუსეთის ფედერაციის გაგრძელებას - პროქსი ძალას. არ გვეძახიან ისეთ ფორმატებშიც კი, სადაც ათასი ჯურის ავტორიტარია მიწვეული. იმ ფონზე, როცა არსებული წესრიგი იშლება და იცვლება, თუ არ მოხდა სწრაფი ცვლილებები, ძალიან გაგვიჭირდება, რომ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო გადავრჩეთ.
აქამდე თავს იმით იმშვიდებდნენ, რომ აშშ-ს ადმინისტრაციას ჩვენი რეგიონის მიმართ ინტერესი არ ჰქონდა და მისი პრიორიტეტი ლათინურ ამერიკაში და აზია-წყნარ ოკეანეთში იყო. თუ გავითვალისწინებთ, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით ტრამპის მშვიდობის ინიციატივას - ”ტრამპის კორიდორს”, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის რეგიონში დაგეგმილი ვიზიტს და მის არსტუმრობას საქართველოში, ეს ირიბი ინდიკატორია იმისი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების საკითხი დღის წესრიგში დიდი ალბათობით კიდევ ერთხელ დაბრუნდება. რაც შეეხება “მეგობარი აქტს“, მას კონგრესში სხვა ტიპის წინააღმდეგობები აქვს და შესაბამისად, არ ვიცით, ამ წინააღმდეგობის დაძლევა რამდენად სწრაფად მოხდება“, - განაცხადა გიორგი შაიშმელაშვილმა.