ბუნებრივად მიმაჩნია, რომ კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციის ვიზიტი შედგა, რეგიონში არსებული ვითარების გამო, ბოლო პერიოდში აშშ-ის განსაკუთრებული აქტივობის გამო სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, აზერბაიჯანსა და სომხეთში, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ საქართველოში აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
ლელა ჯეჯელავას მოსაზრებით, არ არის გამორიცხული, რომ ვიზიტის მიზანია გარკვეული სადაზვერვო სამუშაოები იმასთან დაკავშირებით, რა ვითარებაა საქართველოში და რამდენად არის მზაობა, რომ საქართველოც მიებას რეგიონში არსებულ კონტექსტს.
„აპრობირებული შემთხვევაა, როდესაც რაღაც კონკრეტული საკითხის შესასწავლად კონგრესიდან შეიძლება იყოს ჯგუფი მოვლენილი, რომელმაც მერე შესაძლოა მოამზადოს ან მიიღოს გადაწყვეტილება, შესაძლებელია თუ არა ცოტა უფრო მაღალი რანგის ვიზიტების მომზადება. ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რა საკითხები აქვს ამ ჯგუფს, ეს ალბათ გაირკვევა იმ შეხვედრებზე, რომელიც მათ ექნებათ ოპოზიციასთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მე სრულიად ბუნებრივად მიმაჩნია, რომ [ეს ვიზიტი შედგა] რეგიონში არსებული ვითარების გამო, ბოლო პერიოდში აშშ-ის განსაკუთრებული აქტივობის გამო სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, აზერბაიჯანსა და სომხეთში. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული სადაზვერვო სამუშაოები [ჩატარდეს] იმასთან დაკავშირებით, რა ვითარებაა საქართველოში და რამდენად არის მზაობა, რომ საქართველოც მიებას კონტექსტს.
ამ ეტაპზე მე არ ველი, რომ მაღალი რანგის ვიზიტი შედგეს მაშინ, როდესაც სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება უბრალოდ აღარ ფუნქციონირებს საქართველოსა და ვაშინგტონს შორის. მე მაინც მგონია, რომ უფრო რეალური ვითარების შესასწავლად არის ეს ჯგუფი ჩამოსული“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
ლელა ჯეჯელავას განმარტებით, ამერიკელები საქართველოს ხელისუფლებასთან ლაპარაკს გარკვეული პირობების შემთხვევაში დაიწყებენ, რაც „სავარაუდოდ, ხელისუფლების ბუნების ცვლილებასთან იქნება კავშირში“.
„რამდენად შესაძლებელი იქნება, რომ აშშ-მა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დაიწყოს ურთიერთობები? როგორც იცით, ელაპარაკებიან ირანს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა ორი კვირის წინ, დიალოგის გარკვეული რეჟიმი ჩართულია, ნებისმიერ რეჟიმთან საუბარი დასაშვებია, მაგრამ ეს იქნება გარკვეული პირობებით. მაგალითად, ახლა რასაც ირანს სთავაზობენ, ეს გულისხმობს ხელისუფლების ბუნების ცვლილებას, თუ დაახლოებით ასეთი პირობები იქნება საქართველოს ხელისუფლებასთანაც, რაც პრინციპში უკვე გაჟღერებული იყო მარკო რუბიოს ოფიციალური განცხადებიდან, მაშინ [დაიწყებენ ლაპარაკს].
ილაპარაკებენ თუ არა ბიძინა ივანიშვილთან? ჩემი სუბიექტური აზრია, რომ არ ილაპარაკებენ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი და არის გაცილებით სხვა მდგომარეობა, რომელიც ქვეყნის ფორმალურ მმართველს, თუნდაც ლუკაშენკოს, აქვს. ირაკლი კობახიძესთანაც საუბარს აზრი არ აქვს, როცა იციან, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.