რისთვის ჩამოვიდა აშშ-ს დელეგაცია თბილისში - ვისთან და რა სახის შეხვედრებს გამართავენ კონგრესის თანამშრომლები
“აზერბაიჯანთან ომი არ იქნება” - სომხეთი არმიის მოდერნიზებას განაგრძობს
ევროპა ახალი რეალობისთვის ემზადება - “მხოლოდ პოლიტიკური კი არა, თავდაცვის და უსაფრთხოების როლის შესრულებაც მოუწევს”
* * *
რისთვის ჩამოვიდა აშშ-ს დელეგაცია თბილისში - ვისთან და რა სახის შეხვედრებს გამართავენ კონგრესის თანამშრომლები
“აშშ-ს კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია საქართველოს ეწვია. თბილისში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, ისინი შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებს და ოპოზიციის ლიდერებს, ასევე ეწვევიან დევნილთა დასახლებას წეროვანში, საქართველოში არსებული ვითარების გაცნობის მიზნით. “მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას საქართველოში! რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს. ასევე, ეწვევიან დევნილთა დასახლებას წეროვანში, რათა გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას”, - აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს ინფორმაციაში. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ თბილისში კონგრესის ადმინისტრაციის თანამშრომლები და კონგრესმენების მრჩევლები იმყოფებიან და პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები ნაკლებად იქნება. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ დელეგაციის ვიზიტის მიზანი ადგილზე ვითარების უკეთ გაცნობაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რისთვის ჩამოვიდა აშშ-ს დელეგაცია თბილისში - ვისთან და რა სახის შეხვედრებს გამართავენ კონგრესის თანამშრომლები.
“შეიწავლიან არსებულ ვითარებას, როცა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩადის და აქ ლაპარაკია სატრანსპორტო პროექტების განხორციელებაზე, საქართველოს გვერდს ვერ აუვლიან. არაა გამორიცხული ასევე, რომ აშშ-ს ჰქონდეს სურვილი შუამავლის როლი ითამაშოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში, რომ საქართველოზე მისი გავლენა შედარებით უფრო განმტკიცდეს. ხშირად ხელისუფლებისგან ანტიამერიკული განცხადებები კეთდება, თუმცა მაინც ანგარიშს უწევენ იმ ვითარებას, რომ “ქართული ოცნება” ჯერ ხელისუფლებას ინარჩუნებს. ამასთან, ეს გამოვლინება და მინიშნებაა იმისა, რომ საქართველო თავისი გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური და გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, მაინც ყურადღების ცენტრშია. შეხვედრები ორივე მხარესთან შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები დაიწყოს და მანამდე მოსინჯონ ნიადაგი. ასევე შეიძლება აინტერესებდეს ქვეყანაში რეალურად რა ხდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“საოკუპაციო ხაზთანაც რომ ჩადიან ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ და მზად არიან გაეცნონ ოკუპირებულ ტერიტორიების სიახლოვეს არსებულ ვითარებას”, - განმარტავს ჩიტაძე. თუ რისთვისაა ჩამოსული აშშ-ს დელეგაცია საქართველოში, ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ გააჩნია ვინ არიან მის შემადგენლობაში და ვის მიმართ რა განწყობით არიან. “ჯერჯერობით ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი შედეგია. რაც ტრამპი პრეზიდენტად მოვიდა, მას შემდეგ არც სახელმწიფო დეპარტამენტიდან არ ყოფილა რაიმე ისეთი განცხადება და კონგრესის მხრიდანაც შემცირდა. თუმცა, კონგრესმენია უილსონიც, რომელიც ცალკეულ მომენტებში საქართველოს ხელისუფლებას ცილს სწამებს ბოდვის დონეზე. ამბობს, რომ საქართველო იმართება ჩინეთის კომპარტიისა და ირანის აიათოლების მიერ. არიან შაჰინი, რიში და ის სენატორები, რომლებიც ამბობენ, რომ ავტორიტარიზმია, პრორუსული ძალაა და ა.შ. მე პრაქტიკულად კონგრესსა და სენატში არავის გამოსვლა არ გამიგია საპირისპირო რომ ეთქვა, თუმცა, ის, რომ ტონი და ინტენსივობა შეიცვალა, სახელმწიფო დეპარტამენტისა და აქაური საელჩოსგან საქამბობს მამრაძე, რომლის აზრით, “ეს კარგია, მაგრამ გააჩნია ვინ ჩამოვიდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ასეთი დელეგაცია ყველგან ჩადის, ვერ დავუკავშირებ ამას სამხრეთ კავკასიაში ვენსის დაგეგმილ ტურნეს. ეს არის ის, რასაც რეგულარულად ყოველთვის აკეთებენ. მე, როგორც პარლამენტის წევრი თუ კანცელარიის უფროსი ასეთ დელეგაციას ყოველთვის ვხვდებოდი - კონგრესმენებს, სენატორებს, ვინც ასე რეგიონალური ვიზიტებით ჩამოდიოდა. როგორც წესი, ასეთი ვიზიტები ემსახურება იმას, რომ ადგილზე გაეცნონ რეალურად რა ვითარებაა, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თავად დელეგაციის წევრები როგორი განწყობით არიან და შემდეგ ვინ რას ელაპარაკება. ანტიეროვნული ძალები მაშინვე გადაუშლიან ხოლმე სრულიად ყალბ დეზინფორმაციას. კარგია, რომ დელეგაცია ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. კარგია, რომ აშშ-დან ჩვენთანაც ჩამოდის დელეგაცია და არა მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანში”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთნ საუბრისას პეტრე მამრაძე.
“პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ დელეგაციის წევრებს შეხვედრა პარლამენტშიც ექნებათ. “დელეგაციის წევრები კონგრესის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან, სხვადასხვა კონგრესმენის მრჩევლები. ეს არის ე.წ. სტაფერების ვიზიტი. მათ აქვთ სხვადასხვა შეხვედრა, მათ შორის პარლამენტშიც ექნებათ. მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ყოველთვის მზად ვართ ვისაუბროთ. გასაგებია, რომ ეს პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები ნაკლებად იქნება. ვინაიდან მრჩევლები არიან და შემდეგ ამბავს ჩაიტანენ იმ კონგრესმენებთან, ვისი მრჩევლებიც არიან”, - ამბობს პაპუაშვილი, რომლის თქმით, “ალბათ მათთვის საინტერესოა მოისმინონ პირველწყაროდან, თუ რა ხდება სინამდვილეში საქართველოში და არ მოისმინონ ლორა თორნტონებისგან და ეკა გიგაურებისგან, რომლებიც საქართველოს მიმართ მტრული რიტორიკით არიან გამორჩეულები”, - დასძენს გამოცემა.
“აზერბაიჯანთან ომი არ იქნება” - სომხეთი არმიის მოდერნიზებას განაგრძობს
“სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან ომი არ იქნება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი გააგრძელებს თავისი არმიის განვითარებას და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა. ამ საკითხზე საუბრისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი საზღვრების გასწვრივ გამაგრებით სამუშაოებს ახორციელებს და შეიარაღებულ ძალებს თანამედროვე იარაღით აღჭურავს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არმიის მისია ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაცვით შემოიფარგლება. მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი ომისთვის არ ემზადება და მშვიდობა ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე საიმედო საფუძვლად შეაფასა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “აზერბაიჯანთან ომი არ იქნება” - სომხეთი არმიის მოდერნიზებას განაგრძობს.
“სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა და მშვიდობაზე უფრო საიმედო უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს”, - თქვა ფაშინიანმა. შეგახსენებთ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სრულფასოვანი სამშვიდობო ხელშეკრულება ჯერ არ არის გაფორმებული. ამასთან, საინტერესოა, რომ 2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტის შუამავლობით, ხელი მოეწერა შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომელიც მიზნად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დარეგულირებას ისახავს, თუმცა რა უშლის ხელს სამშიდობო დოკუმენტის საბოლოო გაფორმებას, ეს კითხვა ისევ პასუხგაუცემელია. “ბაქო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს მანამ, სანამ სომხეთი კონსტიტუციის ტექსტიდან არ ამოიღებს იმას, რაც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე პრეტენზიებს წარმოადგენს. სომხეთი, თავის მხრივ, კონსტიტუციურ ცვლილებებს ამზადებს, მაგრამ ისინი 2027 წელს დაგეგმილ რეფერენდუმზე უნდა რატიფიცირდეს. იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შესაძლოა 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელახლა არჩევისთვის რთული ბრძოლა მოუწიოს, ეს კონსტიტუციურ ცვლილებებს, ისევე როგორც სამშვიდობო შეთანხმების მომავალს, ჰაერში ტოვებს”, - წერს ანალიტიკური ორგანიზაცია “რენდ კორპორეიშენი”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ფაშინიანმა სომხეთის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, მისი თქმით, ბოლო წლებში სომხეთის არმიამ შეიძინა თანამედროვე იარაღისა და სამხედრო ტექნიკის უზარმაზარი რაოდენობა - ისეთი ხარისხისა და სპეციფიკაციის, როგორიც აქამდე არასდროს ჰქონია, რაშიც მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების ინვესტირება მოხდა. “თუმცა, ასევე უნდა გაეცეს პასუხი ძალიან მნიშვნელოვან კითხვას: რატომ არ გაკეთდა იგივე 2018, 2019, 2020, 2021 და 2022 წლებში? ჩვენი თითქმის ყველა საერთაშორისო პარტნიორი, რომელსაც ჰქონდა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გაყიდვის პოტენციალი, თავაზიანად უარს ამბობდა სომხეთის რესპუბლიკისთვის იარაღის მიყიდვაზე ორი ძირითადი მიზეზის დასახელებით: 1) ისინი არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ იარაღი სომხეთის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის გარეთ არ განლაგდებოდა; 2) ისინი არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ ამ იარაღის საიდუმლო სპეციფიკაციები დაცული დარჩებოდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან”, - თქვა ფაშინიანმა, რომლის განმარტებით, `ამ ორგანიზაიის სომხეთის წევრობა ასევე წარმოადგენდა დაბრკოლებას ასეთი გარიგებების დადებისას”, - განაგრძობს გამოცემა.
“ისინი ასევე უარს ამბობდნენ ასობით მილიონი დოლარის ღირებულების იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მოწოდებაზე, რისთვისაც სომხეთს უკვე გადახდილი ჰქონდა. ეს წარმოადგენდა ეგზისტენციალურ საფრთხეს სომხეთის რესპუბლიკისთვის და აშკარა გახდა, რომ მიღებული იყო გადაწყვეტილება ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაუქმებისა და ჩვენი სუვერენიტეტის ნულამდე შემცირების შესახებ”, - განაცხადა ფაშინიანმა. მისივე თქმით, ეს ეგზისტენციალური საფრთხე ორი გადამწყვეტი მოვლენის წყალობით დაძლიეს: 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში ოთხმხრივ ფორმატში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმებით, რომლის თანახმადაც სომხეთის რესპუბლიკამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკამ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღიარეს და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის წევრობის გაყინვით”,- დასძენს გამოცემა.
ევროპა ახალი რეალობისთვის ემზადება - “მხოლოდ პოლიტიკური კი არა, თავდაცვის და უსაფრთხოების როლის შესრულებაც მოუწევს”
“ევროპა ახალ რეალობას უნდა მოერგოს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროპის თავდაცვის სააგენტოს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “მომავლისთვის უნდა მოვემზადოთ. ჩვენ წინაშე არსებული კრიზისი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაღრმავდა. ევროპა ვაშინგტონის გრავიტაციის ცენტრში აღარ არის. ეს ცვლილება დიდი ხანია მიმდინარეობს, ის სტრუქტურულია და არა დროებითი. ნატო ძალის შენარჩუნების მიზნით უფრო ევროპული უნდა გახდეს. ამის მისაღწევად ევროპამ უნდა იმოქმედოს. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინიციატივები ნატოსთან თავსებადი იყოს - ნატოსთან ჩვენი ძალისხმევა უნდა შევათანხმოთ. ბურთი ნატოს მოედანზეა. ნატო რაც უფრო მეტ ინფორმაციას გაგვიზიარებს საჭიროებების შესახებ, მით უფრო მეტად შევძლებთ შეთანხმებას”, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. თსუ-ს პროფესორი, კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ ევროკავშირმა საკუთარი როლი თანამედროვე მსოფლიოში ხელახლა უნდა გადაიაზროს და ნელ-ნელა გეოპოლიტიკური აქტორი უნდა გახდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროპა ახალი რეალობისთვის ემზადება - “მხოლოდ პოლიტიკური კი არა, თავდაცვის და უსაფრთხოების როლის შესრულებაც მოუწევს”.
“ახალი რეალობა ნიშნავს იმას, რომ დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე გარკვეული გამოწვევებია უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის ევროკავშირისთვის. თუ აქამდე ითვლებოდა, რომ ამერიკა ევროპის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, ახლა აშკარად გამოიკვეთა, ამერიკას სურს, ევროპამ თავად აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავსა და მეზობლებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უფრო მეტი თანხები უნდა გამოყონ თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის და ასევე, უკრაინას დაეხმარონ. აშშ უკრაინას ისედაც დაეხმარება, მაგრამ მას უნდა, რომ ევროპამ აიღოს ძირითადი პასუხისმგებლობა, რადგან ეს თანხები მერე ჩინეთის საპირწონედ გამოიყენოს, რათა მასთან სტრატეგიული ურთიერთობები დააბალანსოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
“რა თქმა უნდა, ეს ევროპას გარკვეულწილად გამოწვევების წინაშე აყენებს, მით უმეტეს ამერიკა მოითხოვს ნატოს წევრებმა თანხის 5%-ზე მეტი გამოყონ, რასაც მთლიანად ახალი კონცეფტის შექმნა სჭირდება. საერთოდ ევროკავშირმა გეოპოლიტიკურად საკუთარი როლი თანამედროვე მსოფლიოში ხელახლა უნდა გადაიაზროს და ნელ-ნელა გეოპოლიტიკური აქტორი უნდა გახდეს. აქამდე რაღაც ეკონომიკური გაერთიანება იყო, ახლა კი მხოლოდ პოლიტიკური კი არა, არამედ თავდაცვის და უსაფრთხოების როლის შესრულებაც მოუწევს”, - დაასკვნის კაკაჩია.