იმ მომენტში, როგორც კი ევროკავშირის ელჩი იტყვის, რომ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არის მიუღებელი, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას - დუმილი აჩვენებს, რომ ეს არის გამიზნული პოლიტიკა საქართველოში ძალადობისთვის სულის ჩადგმის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელის ბრიფინგების ოთახში ნეპალის სცენარის მხარდაჭერა, მიუთითებს იმაზე, რომ ბრიუსელი ცივილიზაციურ უფსკრულში მიაქანებს ევროკავშირს.
„ჩემი აზრით, დუმილი პირდაპირ აჩვენებს, რომ ეს არის გამიზნული პოლიტიკა საქართველოში ძალადობისთვის სულის ჩადგმის. 4 ოქტომბერი არის ზუსტად ამ დუმილის შედეგი და 4 ოქტომბერთან დაკავშირებით დუმილზე უარესი იყო ის, რომ პირდაპირ მხარი დაუჭირა ევროკომისიის პრესსპიკერმა ხელისუფლების დამხობის სცენარს. კატასტროფაა, რომ ბრიუსელის ბრიფინგების ოთახში მოვისმინეთ ჩვენ ნეპალის სცენარის მხარდაჭერა, ამაზე უარესი რა უნდა დაემართოს ბრიუსელს, რომ აღიაროს, რომ ცივილიზაციურ უფსკრულში მიაქანებს ევროკავშირს?! მარტივი კითხვაა ევროკავშირისა და მისი ელჩის მიმართ, ერთხელ მაინც რატომ არ დაგმო, მაგალითად, მარიამ ლაშხზე, მის მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, თავდასხმა? ხომ შეეძლო ეთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრ ქალბატონ მარიამ ლაშხზე, მის არასრულწლოვან შვილებზე თავდასხმა არის მიუღებელი? რატომ არ ამბობს ამას? ხომ შეეძლო ერთი მარტივი წინადადება ეთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არის მიუღებელი და დასაგმობი? მოგიწოდებთ, სადაც შეგხვდებათ ევროკავშირის ელჩი, დაუსვათ ეს კითხვა, რატომ არ გმობს ცალსახად და პირდაპირ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, თან მაშინ, როდესაც ამ შტურმში და ამ მთლიან პროცესში იყვნენ ჩართულნი ადამიანები, რომლებიც მხარდაჭერილი და მათ შორის დაფინანსებული არიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან? პასუხი მარტივია - იმ მომენტში, როგორც კი ევროკავშირის ელჩი იტყვის, რომ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არის მიუღებელი, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას. დღეს ისინი სინამდვილეში იმიტომ ბედავენ, ევროკავშირის დროშით იძალადონ, ევროკავშირის დროშით ხელში დაწვან პარლამენტი, შტურმი მიიტანონ პრეზიდენტის შენობაზე, რომ ამის ლეგიტიმაციას აძლევს ბრიუსელი, რომ მათ შეუძლიათ ევროკავშირის დროშით იძალადონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.