შალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“ - ჩანს, რომ მუქარას ამჯობინებენ, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს - ქიმიური იარაღის გამოყენებაზე გამოძიების შესახებ არავის მოუმართავს, უნდა ჩამოვიდნენ, ნახონ და კოხორასი არ იყოს, თქვან: ჩვენ ვყოფილვართ არასწორებიო

ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ, ამის საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის მხრიდან, ყოველგვარი დიალოგის დაბლოკვას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც 24 ქვეყნის მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურებას გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ამ ინიციატივის მიზანი ქართველი ხალხის თავდასხმა და დაშინებაა.

„ეს მორიგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება ქართველ ხალხზე თავდასხმისთვის, დაშინებისთვისა და დამორჩილებისთვის ამგვარი ორგანიზაციების გამოყენება, სწორედ ეს არის ასეთი ინიციატივების მთავარი მოტივაცია. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ, ამის საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის მხრიდან, ყოველგვარი დიალოგის დაბლოკვას. გაბუტულ პოზიციაში არიან. არაკვალიფიციური პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით კარგად ჩანს, რომ დიალოგს და საუბარს, მუქარას და შანტაჟს ამჯობინებენ. ჩვენ არაფერი, არავისთან დასამალი არაფერი გვაქვს. არ არსებობს კითხვა, რომელზეც პასუხი არ გვაქვს და არ არსებობს საკითხი, რომელზეც არ შეგვიძლია საუბარი. საძაგელი სიყალბე, რომელიც BBC-იმ გამოაქვეყნა საქართველოსთან დაკავშირებით, რომ თითქოს პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებამ. აღმოჩნდა, რომ ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე ისტორიულად არ ყოფილა. ბრიტანეთში მოიკითხონ ქიმიური იარაღის შექმნაც და გამოყენებაც. ამ სიყალბის შემდეგ და ჩატარებული გამოძიების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „აგერ არის გამოძიების მასალები და მზად ვართ, რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციებს მივცეთ შესაძლებლობა, მასალებს გაეცნონო“, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებისთვის არავის მოუმართავს, რატომ? - იმიტომ, რომ უნდა ჩამოვიდნენ, ნახონ და შემდეგ კოხორასი არ იყოს, უნდა თქვან - „ჩვენ ვყოფილვართ არასწორებიო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე შეფასებით, „მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატორი პოლონეთია, რომლის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, „საქართველოში წამების სისტემის შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და გვერდში მდგომია“.

„იცით, ვინ რის ამ საკითხის ამოქმედების ინიციატორი? პოლონეთი. ეს ის პოლონეთია, რომელმაც მიხეილ სააკაშვილთან „ჯეიმს ბონდი“ ექიმი შეაპარა, რომელსაც წინდებით სააკაშვილის ბიომასალა გაჰქონდა. თავის დროზე უნდა გამოგვეძიებინა ის, რაც საქართველოში მათ მოაწყვეს. ამ სპეცოპერაციის მიზანი იყო, რომ შეექმნათ გარკვეული სცენარი, რომ რაღაც მასალა გამოიტანეს და იქ ჩატარებულ კვლევაში, სააკაშვილის ორგანიზმში აღმოაჩენდნენ რკინებს, ტიტიანიუმებს და კამიტებს. ამას გვიკეთებდა პოლონეთის მაშინდელი ხელისუფლება. პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, ისინი, რომლებიც წამების შემქმნელი სააკაშვილის გვერდში მდგომები არიან. დღეს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, ტუსკი გახლავთ „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე, რომელმაც ცარიელი სკამი დადგა მიხეილ სააკაშვილის წარწერით კონფერენციაზე და ტუსკის მთავრობა რაიმე ადამიანის უფლებებზე საუბრობს? როდესაც მათი მეგობარი საქართველოში წამების სისტემის შემქმნელია? და ტუსკის ხელისუფლება რაიმეს ამბობს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით? ასე, რომ წამების სისტემის შემქმნელის ძმაკაცებისგან და მეგობრებისგან ჩვენ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით შენიშვნას ვერ მივიღებთ. ესეც ადასტურებს იმას, რომ ეს ინიციატივა საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური ინსტრუმენტია, რომ რადიკალებს საკვები და სალაპარაკო თემა მუდმივად მისცენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა