აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ბათუმში გოგოლის ქუჩაზე, მდებარე კორპუსები, სრულად სოციალური მიზნებისთვის იქნება გათვალისწინებული. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სახელმწიფო არ მისცემს არავის უფლებას, რომ თვითნებურად დაიკავონ აღნიშნული ობიექტი.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შენობა სრულად გათვალისწინებული იქნება სოციალური მიზნებისთვის და მას კომერციული დანიშნულება არ ექნება. შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს თითოეულ განცხადებას დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ არ აჰყვნენ გარკვეულ სპეკულაციებს, რაც ამ თემის ირგვლივ რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდება. სახელმწიფო არ მისცემს არავის უფლებას, რომ თვითნებურად დაიკავონ აღნიშნული ობიექტი,“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
ამასთან, მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აჭარაში დღეის მდგომარეობით 2 000-მდე ეკომიგრანტია, რომელთა ნაწილს სახელმწიფო ქირით უზრუნველყოფს. აღნიშნული მიზნით ბიუჯეტიდან წელიწადში საშუალოდ 6 მილიონი ლარი იხარჯება.
„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ეს თანხა სხვა, ასევე, მნიშვნელოვან მიმართულებებში გამოვიყენოთ - იქნება ეს სოციალური თუ ჯანდაცვის პროგრამები,“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღეა მოქალაქეები გოგოლის ქუჩაზე საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, უსახლკაროები არიან და ამიტომ, ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. მათი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, შენობები თურქ ბიზნესმენს ჩამოერთვა და სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა.