ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს

არალიბერალური პოლიტიკა, ნულოვანი გამჭვირვალობა, სასამართლო რეფორმის ჩავარდნა, სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა, „გავრილოვის ღამე“, მასობრივი დაშინება, ხარვეზებით ჩატარებული არჩევნები და ევროკავშირის გაწევრიანების პროცესიდან უკან დახევა - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც საუბარს მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი ლორა თორნტონი ჰელსინკის კომისიის წინაშე აპირებს.

„ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თორნტონი გვეუბნება, რომ ერთ-ერთ საკითხი, რომელზეც ჰელსინკის კომისიაში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ ბრიფინგზე თავის მოხსენებაში ხაზს გაუსვამს, არის საქართველოს დაახლოება რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან. „პანელზე გაზიარებული იქნება თუ როგორ იღიმიან „ქართლი ოცნების“ ლიდერები „ჰამასთან“ გადაღებულ ფოტოებში“,- ამბობს თორნტონი.

რას პასუხობს „ქართული ოცნების“ „ლიდერშიფის“ მხრიდან მის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, რამდენად რეალურად ეჩვენება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის გადატვირთვა და რა პერსპექტივას უწინასწარმეტყველებს „MEGOBAR აქტს“, ვრცლად ინტერვიუში...

- როგორც ვიცით, ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგზე, სახელწოდებითქართული ოცნებისმიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობაერთ-ერთი პანელისტი ხართ, კლერ კაიზერთან და ოლესია ვართანიანთან ერთად. შესაბამისად, პირველ რიგში, გკითხავთ, რა იქნება თქვენი მთავარი გზავნილები, რასაც საქართველოში არსებული ვითარების შეფასებისას გააჟღერებთ, როცა ბრიფინგი ისევ ჩაინიშნება - ბოლო ინფორმაციით, ბრიფინგი უამინდობის მიზეზით გადაიდო...

- მე კონკრეტულად მთხოვეს მესაუბრა „ქართული ოცნების“ ტრაექტორიაზე 2012/2013 წლებში მისი გამარჯვებიდან დღემდე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ პერიოდში საქართველოში ვცხოვრობდი და პირველი რიგებიდან შემეძლო თვალი მიმედევნებინა, როგორ მიჰყავდა „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა ავტოკრატიისკენ.

ჩემი მთავარი გზავნილი იქნება, რომ თავიდანვე არსებობდა ფატალური ხარვეზი „ქართული ოცნების“ დემოკრატიული მთავრობის იდეაში - „ქართული ოცნების“ ლიდერი და მისი დამფინანსებელი რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც არანაირი ერთგულება არ აქვს ლიბერალური დემოკრატიის ან დასავლეთის მიმართ. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ „ქართლი ოცნება“ იყო ფართო კოალიცია, რომლის შემდგენლობაში იყვნენ ნამდვილად პროდემოკრატიული, პროდასავლური პარტიები და ადამიანები, ეს დიდხანს არ გაგრძელდა. ლიბერალური დემოკრატიის კონცეფცია მდგომარეობს იმის მიღებაში, რომ ერთ დღეს მმართველი პარტია დამარცხდება არჩევნებში და სწორედ ეს არის მიუღებელი ივანიშვილისა და მისი მიმდევრებისთვის.

ასევე, შევეხები საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის პირველ ნიშნებს, რომელთა შორის ზოგიერთმა თავი ჯერ კიდევ 10 წლის წინ იჩინა, რომელთა შორის არის არალიბერალური პოლიტიკა, ნულოვანი გამჭვირვალობა, უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან თვალთვალი, სასამართლო რეფორმის ჩავარდნა, სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა, „გავრილოვის ღამე“ და „უცხოური აგენტების კანონის“ გატანა, დეზინფორმაციული კამპანიები, მასობრივი დაშინება, ხარვეზებით ჩატარებული არჩევნები, ევროკავშირის გაწევრიანების პროცესიდან უკან დახევა და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის ნაცვლად რუსეთისთვის მიმხრობა, რუსეთის საომარი ძალისხმევისთვის დახმარების გაწევა, მისთვის სანქციებისთვის თავის არიდების გზის როლის შესრულებით. ვისაუბრებ იმაზე, როგორ ცდილობდა „ქართლი ოცნება“ ოპოზიციის აკრძალვას, ასევე, მრავალ პოლიტიკურ პატიმარზე და პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობაზე. პანელზე გაზიარებული იქნება, რომ ახლა „ქართული ოცნების“ უახლოესი მოკავშირეები არიან რუსეთი, ირანი და ჩინეთი და ის, თუ როგორ იღიმიან „ქართლი ოცნების“ ლიდერები „ჰამასთან“ გადაღებულ ფოტოებში. რა თქმა უნდა, ყველა პანელისტი განიხილავს უახლეს კანონმდებლობას, რომელიც არღვევს საქართველოს საერთაშორისო და კონსტიტუციურ ადამიანის უფლებების ვალდებულებებს.

- ამინდის გაუარესების მიზეზით ჰელსინკის კომისიაში დაგეგმილი ბრიფინგის გადადების შემდეგ, საქართველოს მმართველ წრეში გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს, შესაძლოა, რეალურად, უამინდობასთან არ იყოს დაკავშირებული, ამიტომ დავაზუსტებ, არის იმის ალბათობა, რომ ბრიფინგი გაუქმდეს და აღარ გაიმართოს?

- საქართველოს მმართველ წრეს ნაკლები სპეკულაცია მართებს და ფაქტების მეტად გამოკვლევა. ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ სასოწარკვეთილად ცდილობს, თავი აარიდოს საჯარო განხილვას, სადაც ადამიანები საუბრობენ სიმართლეს საქართველოსთან დაკავშირებით. მიმდინარე კვირას ვაშინგტონში ბევრი რამე გაუქმდა, მათ შორის, კონფერენციები და ღონისძიებები, სკოლები მთელი კვირის განმავლობაში დაკეტილი იყო. იგეგმება, რომ ბრიფინგი ახლიდან ჩაინიშნოს, ასე რომ „ქართულ ოცნებას“ არ გაუმართლა.

- მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ჰელსინკის კომისიაში თქვენ იქნებით ერთ-ერთი მომხსენებელი, მმართველი პარტიის მხრიდან თქვენი მისამართით მწვავე და კრიტიკულ განცხადებებს ვისმენთ. პოლიტიკური ხელმძღვანელებიტრამპის მტერს“ გიწოდებენ და აცხადებენ, რომჰელსინკის კომისიამ მომხსენებლად თქვენი მოწვევით, საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა“. ამასთან, მმართველ პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომბრიფინგზე მხოლოდ და მხოლოდ სიცრუით გაჯერებული მესიჯები და ტყუილზე დაფუძნებული ხედვა გაჟღერდება“. როგორ უყურებთ „ქართლი ოცნების“ წარმომადგენლების თავდასხმას თქვენ მიმართ და რა შეგიძლიათ უპასუხოთ მსგავს კრიტიკას?

- როდესაც საკუთარი თავის დაცვა არ შეგიძლია მიზეზზე, ფაქტსა და ლოგიკაზე დაყრდნობით, თავს ესხმი გზავნილის გამავრცელებელსა და მის რეპუტაციას. ეს „ქართული ოცნებისა“ და სხვა ავტოკრატების უძველესი ტაქტიკაა. 10 წლის წინ თბილისში დასახლების მომენტიდან, „ქართული ოცნება“ პერსონალურად ჩემს მიმართ შეურაცხყოფას არ იშურებს და ჩემი რეპუტაციის დაზიანებას ცდილობს. თუმცა, როგორც ყველამ ვიცით, “ბულერი”, რომელიც პერსონალური თავდასხმით არის დაკავებული, მხოლოდ საკუთარ თავს წარმოაჩენს სუსტად და დაუცველად. წლების განმავლობაში “ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერების მიმართ ჩემ მიერ დაფიქსირებული კრიტიკა არასდროს პერსონალურ დონეზე არ გადამიტანია. უფრო მეტიც, ჩემი ხედვები არაფრით განსხვავდება მათი მოსაზრებებისგან, ვინც თვალს ადევნებს საქართველოს ან არის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ექსპერტი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართლი ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა. მე თუ არ ვიქნებოდი სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებდა და იტყოდა ზუსტად იმავე რაღაცებს. ასე რომ, როგორც ვხვდები, „ქართულ ოცნებას“ დასჭირდება სრულად დემოკრატიული სამყაროს დისკრედიტება, რის გაკეთებას ცდილობენ კიდეც - აყენებენ რა შეურაცხყოფას ევროკავშირისა და ამერიკელ დიპლომატებს, ცდილობენ ყველას დისკრედიტებას, დაწყებული ევროკომისიიდან და ეუთოდან, აშშ-ის კონგრესმენებითა და ევროპელი პარლამენტარებით გაგრძელებული, ეძახიან რა დასავლეთს „გლობალური ომის პარტიას“ და ა.შ. მსოფლიოში ვერც ერთი შეურაცხყოფა ვერ შეცვლის ფაქტებს და ვერ გადაიტანს ყურადღებას სიმართლიდან.

- სანამ სხვა თემებზე გადავალთ,MEGOBAR აქტზე“ მსურს გკითხოთ - საქართველოს პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომMEGOBARI აქტი“ დღის სინათლეს ვერ იხილავს - თქვენი შეფასება მაინტერესებს, რა პერსპექტივა არსებობს, რომ სენატმა აღნიშნული კანონპროექტი დაამტკიცოს?

- ერთადერთი, რაც არ შეცვლილა, არის ორპარტიული თანხმობა, რომ საქართველო აღარ არის დემოკრატიული სანდო მოკავშირე. „MEGOBAR აქტს“ ჰქონდა ფართო მხარდაჭერა, თუმცა ჩვენს კონგრესში ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე ადამიანია საკმარისი კანონპროექტის შესაფერხებლად. The Hill-ის შესანიშნავი რეპორტაჟებიდან ჩანს, რომ სამწუხაროდ, ისინი, ვინც “MEGOBARI”-ს წინააღმდეგ ლობირებენ, ამას ფინანსური მიზეზების გამო აკეთებენ. არავინ, მათ შორის, არც ისინი, ვინც კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან, არ ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მოდელია, მაგრამ ჩვენ გვაქვს არჩევნები, კონგრესი იცვლის ფორმას. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დაკარგული ჯერ კიდევ არ არის. გავმეორდები, უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ქართველ დემოკრატებს და სურთ, რაც შეიძლება მეტ მტკივნეულ წერტილზე ზემოქმედება - ფინანსური სანქციების გზით - რეჟიმზე ზეწოლის მიზნით.

- საქართველოში ადამიანის უფლებათა გაუარესებული მდგომარეობის საპასუხოდ, ეუთომმოსკოვის მექანიზმიგაააქტიურა და ექსპერტთა მისია ჩამოაყალიბა. შესაბამისი განცხადება ბრიტანეთმა გაავრცელა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომეუთო- მიერმოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურება წარმოადგენს პირველ საერთაშორისო ტრიბუნალს ივანიშვილის წინააღმდეგ, რომ ეს ყველაფერი უმძიმესად აისახება საქართველოს რეპუტაციასა და ეკონომიკურ სტაბილურობაზე“. მინდა გკითხოთ: რა საერთაშორისო გავლენა შეიძლება ჰქონდეს ექსპერტთა მისიის დასკვნას და რამდენად შეიძლება მოხდეს მისი გათვალისწინება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თუ კონკრეტული ქვეყნების მიერ, მათ შორის, სანქციების დაწესების ნაწილში?

- გამიხარდა ამ ინფორმაციის მოსმენა. ეჭვი არ არის, რომ ეს ფაქტების მაძიებელი მისია დაადასტურებს ბევრ სხვა ანგარიშს დემოკრატიის გზაზე საქართველოს კატასტროფული უკუსვლისა და ადამიანის უფლებათა ფართოდ გავრცელებულ დარღვევების შესახებ. რაც მეტი მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია გაამახვილებს ყურადღებას „ქართული ოცნების“ ქმედებებზე, მით უფრო დიდ გავლენას მოახდენს ეს სადამსჯელო ზომების (მაგალითად, სანქციების) დანერგვის პროვოცირებაზე. ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ მოახდენს მისიის ნებისმიერი მიგნების დისკრედიტირებას - როგორც ისინი ამას აკეთებენ ნებისმიერი სახის კრიტიკასთან ან დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ანგარიშთან მიმართებით, მაგრამ ყველა დანარჩენი ამას ძალიან სერიოზულად მიიღებს და ექნება მაღალი ნდობა ეუთოს მიმართ.

- აქვე, მსურს გკითხოთ, საქართველოს პოზიციებზე რეგიონში - რამდენადაც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის რეგიონში ვიზიტისას ის საქართველოს არ ეწვევა. რას ამბობს ის ფაქტი, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მარშრუტში საქართველო არ შედის და სომხეთისა და აზერბაიჯანისკენ მიმავალ გზაზე, როგორც ქართულ ოპოზიციაში ამბობენ, ის ჩვენს ქვეყანას მხოლოდ „თავზე გადაუფრენს“. რამდენად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია უკვე შემდგარი ფაქტია...

- ვფიქრობ, თქვენი კითხვა უკვე მოიცავს პასუხს. საქართველოს ხელისუფლება იზოლირებული და პოლიტიკურად არარელევანტურია. უცნაური იქნებოდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს გაჰკვირვებოდა, ვინაიდან მათ არაფერი გაუკეთებიათ გარდა აშშ-ისა და ტრადიციული მოკავშირეების შეურაცხყოფისა, დასავლეთის მთავარ მოწინააღმდეგეებთან დაახლოების პარალელურად. რატომ უნდა შეხვდნენ აშშ-ის ლიდერები ხელისუფლებას, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ელჩებს, დაგვადანაშაულა „მეორე ფრონტში“ ჩათრევის მცდელობაში და ხელჩაკიდებულია ადამიანებთან, ვინც სკანდირებს "სიკვდილი ამერიკას!“

ნათლად მინდა განვაცხადო, რომ „ქართული ოცნების“ იზოლაციის პარალელურად, ქართველ ხალხს არ ვივიწყებთ და ბევრი ჩვენგანი აგრძელებს ბრძოლას ქართული დემოკრატიისთვის.

- ამერიკის კონტექსტში დასმული კითხვების საპასუხოდ საქართველოს მმართველი პარტიის ერთადერთი პასუხია, რომ ისინი ელიან ვაშინგტონთან ურთიერთობის გადატვირთვას. არსებულ ვითარებაში რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყოს და რაზე შეიძლება იყოს ეს დამოკიდებული?

- ვერ ვხედავ, რომ ეს შესაძლებელი იყოს „ქართლი ოცნებისა“ და ივანიშვილის მმართველობის პირობებში, თუ არ იქნება რადიკალური რეფორმების სერია - ახალი არჩევნები (ახალი საარჩევნო კომისიის პირობებში), სამართალი მათთვის, ვინც დემოკრატიას თავს დაესხა, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის შემობრუნება და ა.შ. საქართველო არ წარმოადგენს კრიტიკულ სავაჭრო პარტნიორს ან საჭირო რესურსების წყაროს. აშშ-ს, რა თქმა უნდა, აქვს ურთიერთობა ავტოკრატიულ რეჟიმებთან სხვადასხვა სტრატეგიული, უსაფრთხოების ან ეკონომიკური მიზეზით, მაგრამ ვერ ვხედავ, რა შეიძლება იყოს ეს საქართველოს შემთხვევაში.

- „ქართულმა ოცნებამსახელმწიფო ძალიან ეფექტურად დაიპყრო - დემოკრატიის უკანასკნელი ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა“ - ეს განცხადება თქვენ არც თუ ისე დიდი ხნის წინ გააკეთეთ. თქვენ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი იყავით. რა შეგიძლიათ თქვათ ბოლო წელიწადნახევარში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შეზღუდვას, უცხოურ გრანტებზე კონტროლის დაწესებას და შეკრება-მანიფესტაციების წესების გამკაცრებას ეხება?

- ეს აჩვენებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ასევე აღიარა, რომ სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია დემოკრატიის უკანასკნელი ბასტიონია და ახლა მათი გაქრობა სჭირდებათ. უკანასკნელი ბასტიონების დადუმება და განსხვავებული აზრისთვის ნებისმიერი სივრცის ჩაკეტვა ხშირად უკანასკნელი ლურსმანია ავტოკრატიული რეჟიმის კუბოზე. ყველა ეს კანონი სწორედ ამას ემსახურება, მათ შორის, ქართველი ხალხისთვის დიდი ხნის წინ მოპოვებული სიტყვისა და შეკრების თავისუფლების წართმევას.

- არასამთავრობო სექტორის მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღებისას საქართველოს მმართველი ძალის წარმომადგენლები ხშირად აპელირებენ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ USAID-ის დახურვის ფაქტზე და იშველიებენ ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენელი უმაღლესი თანამდებობის პირების საჯარო განცხადებებს, რომლის თანახმადაც, შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი სახსრები კანონმდებლობის დარღვევითა და არამიზნობრივად იხარჯებოდა. მათი განცხადებით აღნიშნული თანხები, მათ შორის, სხვადასხვა სახელმწიფოს ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენისა და ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით გამოიყენებოდა. თქვენთვის რამდენად რელევანტურია მსგავსი შედარება?

- მე არ დავიცავ USAID-ის დახურვას, რაც კატასტროფული შეცდომა იყო. ამ დახურვის შედეგად ასობით ათასი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ამან, ასევე, ზიანი მიაყენა სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების მნიშვნელოვან მუშაობას მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. არ ვიცი, რა კომენტარებს გულისხმობთ, მაგრამ არ არსებობს USAID-ის უკანონო ან თაღლითური საქმიანობის მტკიცებულება და არც მტკიცებულება იმისა, რომ აშშ-ის დაფინანსება დგას რეჟიმის ძალადობრივი ან ძალისმიერი შეცვლის უკან. სინამდვილეში, ამჟამად აშშ-ში ერთადერთი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ადმინისტრაციის წინააღმდეგ, USAID-ის დაფინანსების შეწყვეტით კანონის დარღვევისთვის, რაც ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, კონგრესის მიერ არის გათვალისწინებული.

სალომე აბულაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო