ივანიშვილი ახლა ცდილობს უკანასკნელი სინათლის სხივი ჩააქროს, ყველა ჭუჭრუტანა ამოქოლოს, საიდანაც ამ ქვეყანაში თავისუფლების სხივი შემოდის, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განმარტა, შეუძლებელია, რომ „ამ ვითომ კანონებით თავისუფლებისთვის ბრძოლა გაჩერდეს“. „ქართული ოცნების“ კრიმინალური დაჯგუფება აბსოლუტური უმცირესობა არის საქართველოში იმიტომ, რომ ვინც უმრავლესობაა, მას დემოკრატიის არ ეშინია. ვინც უმრავლესობა დაკარგა და ახლა უმცირესობაშია, მას სჭირდება ავტორიტარული მეთოდები იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და რუსეთის დავალებების შესრულება გააგრძელოს. ივანიშვილი ახლა ცდილობს უკანასკნელი სინათლის სხივი ჩააქროს, ყველა ჭუჭრუტანა ამოქოლოს, საიდანაც ამ ქვეყანაში თავისუფლების სხივი შემოდის. ამ ვითომ კანონსაც სინამდვილეში იგივე ბედი ელის, რაც ნებისმიერ წინა რეპრესიულ კანონმდებლობას. შეუძლებელია ამ ვითომ კანონებით გააჩერო ბრძოლა თავისუფლებისთვის. ივანიშვილმა ერთი რამ ვერ გაიგო, ეს არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არის საერთო ეროვნული ბრძოლა. თითოეული ჩვენგანის საერთო, ეროვნული ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ საქართველოს სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა, ევროპული მომავალი. არ დავუშვათ, რომ საქართველო დარჩეს მარტო, რუსეთთან ერთი ერთზე, რაც ავტომატურად უდრის ჩვენი სახელმწიფოს გაუქმებას. ამიტომ, ახლა ე.წ. კანონმდებლობით ბევრ სხვადასხვა სექტორს უტევს“, - განაცხადა ლემონჯავამ.
მისი განმარტებით, „როგორც აქამდე არცერთმა რეპრესიულმა კანონმა არ იმუშავა, რაც ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, ზუსტად ასევე არ იმუშავებს ესეც“.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ბევრი ე.წ. კანონი მიიღეს მიზნობრივი, კონკრეტულ საზოგადოებრივ ჯგუფზე გათვლილი, რომელმაც არ იმუშავა იმიტომ, რომ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ამ ქვეყანაში თავისუფლებისთვის იბრძვის, არ აინტერესებს ივანიშვილის ე.წ. კანონები. არ არსებობს ფურცელზე დაწერილი არცერთი წინადადება, არცერთი ე.წ. სამართლის ნორმა, რომელიც შეაჩერებს ხალხის თავისუფლებისთვის სწრაფვას. ამიტომ, ეს კანონი სინამდვილეში კანონი არ არის და მოქმედების პერსპექტივაც არ უწერია“, - განაცხადა ლემონჯავამ.
გარდა ამისა, მან საქართველოს მიმართ ეუთო-ს მიერ “მოსკოვის მექანიზმის” გააქტიურება შეაფასა და განაცხადა, რომ ეს არის ყველაზე უფრო მძლავრი საგამოძიებო მექანიზმი ეუთოს არსენალში.
„ის განაცხადი, რომ „მოსკოვის მექანიზმი" ამოქმედდა საქართველოსთან დაკავშირებით, უკვე ძალიან მძიმე ვერდიქტია ივანიშვილისთვის, რადგან 1991 წლის შემდეგ, რაც ეს მექანიზმი შეიქმნა, სულ 16-ჯერ არის ამოქმედებული და ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევები. ნორმალური ხელისუფლების პირობებში, ეს უკვე განგაშის სიგნალი იქნებოდა, თუმცა, ივანიშვილი არ არის ნორმალური ხელისუფლება, ამიტომ ჩვენ მაქსიმალური აქცენტი უნდა გავაკეთოთ „მოსკოვის მექანიზმის“ პრაქტიკულ შედეგებზე. შედგება ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც საგამოძიებო უფლებამოსილება ექნება“, - განაცხადა ლემონჯავამ.
როგორც მან აღნიშნა, „საქართველოში ადამიანის უფლების სისტემური დარღვევა ძირითადად 2 ასპექტს მოიცავს, ეს არის მშვიდობიანი დემონსტრანტების სისტემური წამება და მეორე არის ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხი“. გიგა ლემონჯავას განმარტებით, ამან ბიძგი მისცა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედებას, მათ შორის „მოსკოვის მექანიზმის“.
„ორი უმნიშვნელოვანესი საკითხია-ადამიანების სისტემური წამება, რომლის ნაწილიც არის ქიმიური იარაღის გამოყენება. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა ჩემთვის, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას ამ ამბავმა დაუდო საფუძველი“, -განაცხადა გიგა ლემონჯავამ.