Amnesty International - „გრანტების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებები განსაკუთრებით საზიანოა და საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს - ხელისუფლებამ საკანონმდებლო წინადადებები უნდა გაიწვიოს

საქართველოს მმართველმა პარტიამ სამოქალაქო აქტივობისთვის უცხოური დაფინანსების კანონსაწინააღმდეგოდ გამოცხადების მიზნით კანონპროექტები წარადგინა, - ამის შესახებ განცხადებას Amnesty International-ი ავრცელებს.

„მთავრობის მიერ „გრანტების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებები განსაკუთრებით საზიანოა და საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს, რათა განსხვავებული აზრი ჩაახშოს და ძალაუფლება გაამყაროს. ცვლილებები გრანტების განმარტებას მნიშვნელოვნად აფართოებს და მოიცავს ნებისმიერი სახის უცხოურ დაფინანსებას პრაქტიკულად ყველაფრისთვის, რის ნებართვასაც მთავრობა არ გასცემს, პოლიტიკური აქტივიზმიდან დაწყებული ანალიტიკური მუშაობითა და ექსპერტების საქმიანობით დამთავრებული“, - აცხადებს Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი.

მისი თქმით, „თუ კანონის მიღება მოხდება, მაშინ „გრანტები“ მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე დაშვებული აღარ იქნება და ყველას, ვინც მათ მიიღებს, დაკავების საფრთხე დაემუქრებათ“.

„ეს სხვა არაფერია, თუ არა აშკარა მცდელობა, საქართველოში ფაქტობრივად კრიმინალიზებულად გამოცხადდეს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებასთან, პოლიტიკურ ოპოზიციასთან და ხელისუფლების კონტროლის გარეშე საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობასთან. უცხოური დაფინანსების მოძიება, გამოყენება და მიღება სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის ცენტრალური ნაწილია და საერთაშორისო სამართლით დაცულ უფლებას წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლებამ ეს საკანონმდებლო წინადადებები უნდა გაიწვიოს და ქვეყნის კანონმდებლობა, ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს უნდა შეუსაბამოს, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის უფლებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში