სტუ-ს პროფესორი ნატო ქათამაძე - ნინო წილოსანს ვეკითხები: თუ ასე ეთაკილებოდა, რატომ ჩააბარა ტექნიკურ უნივერსიტეტში და რატომ მიიღო ჩვენი დიპლომი?

ნინო წილოსანს ჩვენი უნივერსიტეტის დოქტორანტურა აქვს დამთავრებული, მე მას ვეკითხები, თუ ასე ეთაკილებოდა, რატომ ჩააბარა ტექნიკურ უნივერსიტეტში და რატომ მიიღო ჩვენი დიპლომი? - ასე ეხმაურება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ნატო ქათამაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის განცხადებას: „თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების ინიციატივით ყველაზე მოგებული და გახარებული თავად სტუდენტები იქნებიან, რადგან ისინი სწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დაასრულებენ“.

ნატო ქათამაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ამაყობენ, როდესაც იხსენებენ, როგორ რუდუნებით შენდებოდა და კეთდებოდა ეს უნივერსიტეტი.

ნინო წილოსანმა გააკეთა განცხადება, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს გაუხარდებათ, თუკი ისინი ჯავახიშვილის უნივერსიტეტს დაამთავრებენ და მისი დიპლომი მიეცემათო - მე ვიტყვი, რომ ნინო წილოსანს ჩვენი უნივერსიტეტის დოქტორანტურა აქვს დამთავრებული სატრანსპორტო მიმართულებით 2020 წელს, მას ვეკითხები: თუ ასე ეთაკილებოდა, რატომ ჩააბარა ტექნიკურ უნივერსიტეტში და რატომ მიიღო ჩვენი დიპლომი? ჩვენ ვამაყობთ, გვეამაყება. თითოეული პროფესორი აკანკალებული მოვიდა ამ წვიმაში[აქციაზე] და იხსენებდა, როგორ რუდუნებით შენდებოდა და ყველაფერი კეთდებოდა და დღეს გამოდის ვიღაც დეპუტატი, რომელიც გავლილი არ არის ტექნიკურ უნივერსიტეტში. ალბათ, პირველ კორპუსში მივიდა, სადაც მისი სადოქტორო პროგრამა იყო“, - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

პროფესორ ნატო ქათამაძის თქმით, როდესაც ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას საუნივერსიტეტო საზოგადოების გვერდის ავლით, „ის ყოველთვის განწირულია“.

„ყველაზე მთავარი ის არის, რომ როდესაც ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას საუნივერსიტეტო საზოგადოების გვერდის ავლით, ის ყოველთვის განწირულია. ეს არა თუ ჩვენ გავიგეთ ტელეეთერიდან, არამედ რექტორმაც კი წინა დღით გაიგო, მე მგონია, რომ მინისტრმაც წინა დღეს გაიგო. სანამ ამ ინფორმაციას მოგვაწვდიდნენ, ათი დღით ადრე გვქონდა 104 წლის იუბილე. მობრძანებული იყო მინისტრი, პარლამენტის დეპუტატები, გვაქეს, გვადიდეს, წარმატებები გვისურვეს, გვითხრეს, როგორი კარგები ვართ და ა.შ. მათ შორის აღგვითქვეს დახმარებაც, თუ დახმარება გაუქმება იყო, არ ვიცოდი. რამდენიმე დღის შემდეგ ვიგებთ იმას, რასაც ვიგებთ და ამიტომ ეჭვი მაქვს, რომ მინისტრმაც არ იცოდა. მინისტრმა თუ ეს ყველაფერი იცოდა და მისთვის ნათელი იყო, მაშინ რატომ არ გვითხრა და თუ არ იცოდა, მაშინ ისიც ჩვენსავით ცუდ მდგომარეობაში ყოფილა და მგონი ჩვენ მის დასაცავადაც წავიდეთ და გავმართოთ აქციები“, - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო