გრიგოლ გეგელია - საამიროებში წინა რომელიმე შეხვედრიდან რამე წამოიღო კობახიძემ? - არაფერი, ვერც ახლა წამოიღებს - „ქოცებით“ არ არის დაინტერესებული არც ჩინეთი, ტრამპს კი საერთოდ არ აინტერესებს უღიმღამო რეჟიმები

ამ რეჟიმთან ბრძოლაში არცერთი ბერკეტი არ უნდა იყოს გაცდენილი, ყველა უნდა იყოს გამოყენებული - ეს არის ჰიბრიდული ტიპის რეჟიმი, გებრძვის სხვადასხვა ფორმით, მექანიზმით და შენც უნდა შეგეძლოს, რომ სხვადასხვა ფორმით დახვდე და შეუტიო - დებატი შეიძლება იყოს საინტერესო იდეა, ერთით მეტი ინსტრუმენტი, რომ „ქოცებს“ რაც შეიძლება შეებრძოლო და დაასუსტო, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

მან შეაფასა, გუშინ, „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართული დებატები, სადაც მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. გეგელიას შეფასებით, ფარსია, როდესაც შალვა პაპუაშვილს და სოზარ სუბარს „ერთმანეთის ოპონენტებად ვხედავთ“.

„როდესაც პაპუაშვილს და სუბარს ვხედავთ ერთმანეთის ოპონენტებად, ძალიან კარგად უნდა დავინახოთ, რომ შეხება გვაქვს ფარსთან. რეალურად, ფორმატი ისეა აწყობილი, რომ პაპუაშვილი კომფორტის ზონაშია. მე ვიყავი პირველი ადამიანი, რომელიც „ლელოდან“ გამოეხმაურა ამ დებატს და ვთქვი, რომ ჩვენ მზად ვიყავით ნებისმიერ დროს, ბეჭებზე დაგვედო „ქოცების“ ნებისმიერი წარმომადგენელი. ჩვენ მიწვეულები არ ვიყავით.

ფორმატს რაც შეეხება, აქ შეიძლება ორი ტიპის პასუხი იყოს: პოლიტიკურ დონეზე, საერთოდ მივიღებთ თუ არა მსგავსი ტიპის დებატში მონაწილეობას. პოლიტიკური პასუხია ან კი ან არა. მეორეა, რა ფორმატში უნდა წარიმართოს ესა თუ ის დებატი, რათა ჩვენ ჩავთვალოთ, რომ ეს არის დებატი და მონაწილეობას მივიღებთ.

მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ლეგიტიმაცია გუნდს არ გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის კრიმინალების ბანდფორმირება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხალხმა მიიტაცა ქართული სახელმწიფო, არჩევნები; რეალურად, ძალიან დიდი ეკონომიკური და სოციალური ზარალი მიაყენა თითოეულ ქართველს და გაუსაძლისი გახადა ამ ქვეყანაში ცხოვრება; მიუხედავად იმისა, რომ მას ჰყავს პოლიტპატიმრები; რომ მას აბსოლუტურად შეცვლილი აქვს ქართული საგარეო პოლიტიკური ვექტორი, ამის მიუხედავად, როგორც პოლიტიკურ პარტიას მას ყოველთვის, ყველა ბერკეტის გამოყენებით, პოლიტიკურად უნდა დაესხა თავს. ყოველთვის, ყველა ბერკეტის გამოყენებით, მას უნდა მიაყენო დამატებითი დარტყმა. ეს არის ჩვენი ფილოსოფია. ამ რეჟიმთან ბრძოლაში არცერთი ბერკეტი არ უნდა იყოს გაცდენილი და უნდა იყოს გამოყენებული, ათვისებული. ეს არის ჰიბრიდული ტიპის რეჟიმი. გებრძვის სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა მექანიზმით და შენც უნდა შეგეძლოს, რომ ყველა სხვადასხვა ტიპის ფორმით მას დახვდე და შეუტიო. ამიტომ, დებატი, როგორც ასეთი, შეიძლება იყოს საინტერესო იდეა, ერთით მეტი ინსტრუმენტი, რომ „ქოცებს“ რაც შეიძლება შეებრძოლო და დაასუსტო.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს „ქოცი“, რომელსაც რამე ძირითად კითხვაზე პასუხი აქვს“, - განაცხადა გეგელიამ.

კიდევ ერთი თემა, რაზეც გეგელიამ გადაცემაში ისაუბრა, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დუბაიში ვიზიტია, სადაც ის მსოფლიო მთავრობათა სამიტში იღებს მონაწილეობას. მისი თქმით, „მთავარია, რისი წამოღება შეუძლია [კობახიძეს] ამა თუ იმ შეხვედრიდან და ამაზე პასუხი არის თვითკმარი და ცხადი - არაფრის“.

„წინა რომელიმე შეხვედრიდან რამე წამოიღო? არაფერი. ვერც ახლა წამოიღებს ვერაფერს. ეს არ არის ხელისუფლება, რომელსაც საგარეო პოლიტიკიდან რაიმეს წამოღება შეუძლია. ეს არ არის ხელისუფლება, რომელსაც რომელიმე მნიშვნელოვანი მხარე ან ეკონომიკური ინსტიტუტი ესაუბრება. ეს არ არის ის მოცემულობა და ქსოვილი, რაც მათ შექმნეს სახელმწიფოში. საუბარი გვაქვს, რომ, შეიძლება ჩინეთის ეკონომიკური დომინაცია გაიზარდოს. სინამდვილეში ჩინეთიც არ არის დიდად დაინტერესებული „ქოცებით“. ეს ძალიან მარტივ მაგალითში გამოჩნდა, როდესაც თითქმის ყველა პარტნიორი ხელისუფლება მიიწვიეს. „ქოცები“ იქაც კი არ მიიწვიეს, პანელზეც კი არ მიიწვიეს. თქვენ წარმოიდგინეთ, „ქოცი“ მონადაც კი არ აინტერესებს ჩინეთს. საინვესტიციოდ საერთოდ რაში უნდა აინტერესებდეს? სოფლები უფრო დიდი ზომის აქვს, ვიდრე ჩვენი ეკონომიკური ბაზარი. რით უნდა დააინტერესო, როცა ირაკლი კობახიძე ხარ? გასაგებია კორიდორის თემა არის. რომელიმე ინვესტორი ვნახეთ, რომელიც რეალურად შემოიყვანეს? გარდა იმ ყბადაღებული 6 მილიარდისა, რომლითაც არ მოხდება 6 მილიარდის ინვესტირება. უამრავი სხვა მაგალითი გვაქვს, როდესაც მსოფლიოში ასეთი ტიპის შეთანხმება იდებოდა და 150-200 მილიონი დოლარით შემოიფარგლა მხოლოდ. ამიტომ, არავითარი მოლოდინი არ მაქვს, რომ ეს ადმინისტრაცია ამ პოლიტიკის კურსით და ამ გეზით შეძლებს რაიმე ხელშესახები და მყარი, გრძელვადიანი, სტაბილური ინვესტიციის შემოტანას“, - განაცხადა გეგელიამ.

გარდა ამ თემებისა, გეგელიამ ისაუბრა იმ შესაძლო მიზეზებზე, რის გამოც ამ დრომდე ვერ ხერხდება ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკასა და საქართველოს შორის. მისი თქმით, „ტრამპს არ აინტერესებს უღიმღამო რეჟიმები“.

„ტრამპს არ აინტერესებს ეს უღიმღამო რეჟიმები, რომელთაც არ აქვთ გამართული კომუნიკაციის უნარი, რომელთაც ახასიათებთ მკაფიო ანტიამერიკანიზმი, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, ყოფილან ირანში პანაშვიდებზე თუ ინაუგურაციებზე; რომელთაც მსუბუქად თუ ვიტყვით, აქვთ ძალიან საეჭვო პოლიტიკა ჩინეთის მიმართ; რომელსაც მემორანდუმი აქვს ჩინეთთან გაფორმებული, რომელშიც ვკითხულობთ, რომ საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ჩინეთის პოლიტიკური გამოცდილება, ანუ ერთპარტიული. ამაზე აქვს ხელი მოწერილი ქართველ საგარეო საქმეთა მინისტრს. როდესაც ასეთი რეჟიმის წარმომადგენელი ხარ, რა თქმა უნდა, ნაკლებად საინტერესო ხარ ისეთი ტიპის პოლიტიკოსისთვის, როგორიც ტრამპია. ეს არის გეოპოლიტიკური ტრაგედია.

ვამბობდით, რომ „დადგება მომენტი და ჩვენ ამ მომენტით უნდა ვისარგებლოთ“. დადგა მომენტი რუსეთ-უკრაინის ომის სახით (რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა სადმე ომი იყოს და მით უმეტეს, ჩვენს მოძმე ერში და იქ ბავშვები იხოცებოდნენ, მაგრამ ისტორიის ჩარხმა დააყენა ეს მომენტი) და ჩვენ გვყავდა იდიოტები ხელისუფლებაში. ასე შევა ისტორიაში, რომ გაიხსნა საოცარი კარი, როგორიც 20-25 წელში ერთხელ იხსნება უკეთეს შემთხვევაში. ეს არის ისტორიის ციკლი.

ჩანს ნება და ეს არის ტრამპზე თავდასხმა. ტრამპს საერთოდ არ აინტერესებს ივანიშვილი. შეიძლება, სახელი და გვარიც ვერ გაიხსენოს, საერთოდ ვინ მართვას დღეს საქართველოს. თუმცა შესაბამისმა ადამიანებმა, რომლებიც იღებენ აღმასრულებელ გადაწყვეტილებებს და პრეზიდენტს 30-წამიან წინადადებაში აწვდიან ინფორმაციას, იმ ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს „ტაკიმასხარები“ ივანიშვილის დავალებით ესხმიან თავს ტრამპის ადმინისტრაციას“, - განაცხადა გეგელიამ.

ამასთან, გეგელია გამოეხმაურა „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და აღნიშნა, რომ ეს არის „ანტიქართული ბარბარიზმი“

„ეს ფარსი, ანტიქართული ბარბარიზმი, როგორც მართლა სენი, როგორც განგრენა, ისე უნდა მოიშოროს ქართველმა ხალხმა. მშვიდობიანად, ცივილიზებულად, მაგრამ მყარად და მკაფიოდ. განგრენას თუ არ მოიშორებ, გადავა დანარჩენზე და მთლიან ორგანიზმს მოკლავს. ახლა უკვე ამ ფაზაში ვართ. განგრენა ახლა არ დაწყებულა. კიდურებზე უკვე იყო და ახლა გადასულია ძირითად ორგანიზმზე. ამ ორგანიზმს ანუ ქართულ სახელმწიფოს, უბრალოდ მოსპობს. ეს არ არის მეტაფორა, ეს არ არის სადღეგრძელო, ეს არის მოცემულობა და ფაქტი. ამ გზით ეს ქვეყანა მოკვდება“, - აღნიშნა გეგელიამ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა