უნდა მოხდეს მოქალაქეებისთვის სოციალური სიმძიმის და ინფლაციური წნეხის შემსუბუქება, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის დაცვა და მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესება, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შალვა კერესელიძემ პლენარული სხდომაზე განაცხადა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ამ მიზნით, მათი გუნდის მიერ შემუშავებულ კონკრეტულ გეგმაზეც ისაუბრა.
„სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს ფუნდამენტური ვალდებულებაა, უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობები, შექმნას სოციალური თანასწორობის პრინციპები და მოახდინოს სოციალური სოლიდარობის ინსტიტუციონალიზაცია.
საქართველოს ხელისუფლებისთვის რომ გეკითხა, ხსენებული ყველა ვალდებულება იდეალურად სრულდებოდა და უფრო მეტიც საერთაშორისო რეიტინგებით ბევრ ევროპულ სახელმწიფოებსაც კი ვუსწრებდით, თუმცა ხალხისთვის გასაგებ ენაზე ვერავინ ხსნიდა, რას ნიშნავს მყარდებოდეს ლარის კურსი და ამავე დროს ბაზარზე კატასტროფულად ძვირდებოდეს სურსათი, იზრდებოდეს ეკონომიკა, იქმნებოდეს დამატებითი სამუშაო ადგილები და უმუშევრობის გამო, სამუშაოს საძიებლად ჩვენი მოქალაქეები გარბოდნენ საზღვარგარეთ და ამ ყველაფრის პარალელურად ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებული გყავდეს 708 ათასი „ღატაკი ოჯახი“, რომელიც მოსახლეობის 26%-ია.
ბუნებრივია, ისმის კითხვა, რა აძვირებს ფასებს სასურსათო მოხმარების პროდუქტებზე და როგორ ჩნდება 85%-იანი მარჟები? ნუთუ არავინ გამოჩნდა ბაზარზე, ახალი ბიზნესოპერატორი, რომელიც 85%-იანი ფასნამატის ნაცვლად, თანახმა იქნებოდა 50% ან თუნდაც კიდევ უფრო ნაკლები ფასნამატით? სამწუხაროდ, ეს ვერ ხდება იმიტომ, რომ საქართველოს სასურსათო ბაზარზე გამეფებულია მონოპოლია, რომელიც შერწყმულია სისტემურ კორუფციასთან და მხოლოდ „კლანის“ წარმომადგენლებს აქვთ განსაკუთრებული უფლება, ექსკლუზიურად შემოიტანონ სასურსათო პროდუქტები და ხელოვნურად დაუწესონ მაღალი ფასები.
ფასების რეგულირება საბოტაჟზე საუბრით, კომისიების შექმნით, ძალის გამოყენებით და ა.შ სრულიად მოკლებულია ეკონომიკურად რაციონალურ გადაწყვეტილებებს. ასეთმა უხეშმა ჩარევებმა, შესაძლოა, გამოიწვიოს „ზამბარის ეფექტი“ - ფასები დროებით შემცირება, მაგრამ შემდეგ კიდევ უფრო მკვეთრი გაზრდა, ინვესტიციების გადინება, სამუშაო ადგილების კიდევ უფრო შემცირება და ა.შ. ხსენებული პრობლემების მოგვარება მხოლოდ სამთავრობო და საპარლამენტო კომისიების შექმნით ერთ თვეში და ერთი ხელის მოსმით შეუძლებელია გადაწყდეს.
ჩვენ გთავაზობთ გეგმას, რომლის მიზანია, სწრაფი ეფექტის მიღებით, საზოგადოებისთვის სოციალური სიმძიმის და ინფლაციური წნეხის შემსუბუქება, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის დაცვა და მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესება.
და ბოლოს, ჩვენ მზად ვართ, ამ ცვლილებების დასაწყებად, ასევე მზად ვართ ჩავერთოთ კონკურენციის გაჯანსაღების რეალურ პროცესებში, როგორიცაა 1. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, 2. ადგილობრივ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა, 3. გამართული ანტიმონოპოლიური საქმიანობა, 4. ინფლაციის შემცირება, 5. ეროვნული ვალუტის გამყარება, 6. ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, 7. სწორი ფისკალური პოლიტიკის შემუშავება და ა.შ.
ოღონდ ეს უნდა იყოს რეალური ცვლილებები და არა მორიგი პიარ-კამპანია, რომელიც ჩვენ არაერთხელ გვინახავს“, - აღნიშნა კერესელიძემ.