შალვა კერესელიძე „ოცნებას“ - უნდა მოხდეს მოქალაქეებისთვის სოციალური სიმძიმის და ინფლაციური წნეხის შემსუბუქება, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის დაცვა და მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესება, რისთვისაც კონკრეტულ გეგმას გთავაზობთ

უნდა მოხდეს მოქალაქეებისთვის სოციალური სიმძიმის და ინფლაციური წნეხის შემსუბუქება, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის დაცვა და მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესება, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შალვა კერესელიძემ პლენარული სხდომაზე განაცხადა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ამ მიზნით, მათი გუნდის მიერ შემუშავებულ კონკრეტულ გეგმაზეც ისაუბრა.

„სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს ფუნდამენტური ვალდებულებაა, უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობები, შექმნას სოციალური თანასწორობის პრინციპები და მოახდინოს სოციალური სოლიდარობის ინსტიტუციონალიზაცია.

საქართველოს ხელისუფლებისთვის რომ გეკითხა, ხსენებული ყველა ვალდებულება იდეალურად სრულდებოდა და უფრო მეტიც საერთაშორისო რეიტინგებით ბევრ ევროპულ სახელმწიფოებსაც კი ვუსწრებდით, თუმცა ხალხისთვის გასაგებ ენაზე ვერავინ ხსნიდა, რას ნიშნავს მყარდებოდეს ლარის კურსი და ამავე დროს ბაზარზე კატასტროფულად ძვირდებოდეს სურსათი, იზრდებოდეს ეკონომიკა, იქმნებოდეს დამატებითი სამუშაო ადგილები და უმუშევრობის გამო, სამუშაოს საძიებლად ჩვენი მოქალაქეები გარბოდნენ საზღვარგარეთ და ამ ყველაფრის პარალელურად ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებული გყავდეს 708 ათასი „ღატაკი ოჯახი“, რომელიც მოსახლეობის 26%-ია.

ბუნებრივია, ისმის კითხვა, რა აძვირებს ფასებს სასურსათო მოხმარების პროდუქტებზე და როგორ ჩნდება 85%-იანი მარჟები? ნუთუ არავინ გამოჩნდა ბაზარზე, ახალი ბიზნესოპერატორი, რომელიც 85%-იანი ფასნამატის ნაცვლად, თანახმა იქნებოდა 50% ან თუნდაც კიდევ უფრო ნაკლები ფასნამატით? სამწუხაროდ, ეს ვერ ხდება იმიტომ, რომ საქართველოს სასურსათო ბაზარზე გამეფებულია მონოპოლია, რომელიც შერწყმულია სისტემურ კორუფციასთან და მხოლოდ „კლანის“ წარმომადგენლებს აქვთ განსაკუთრებული უფლება, ექსკლუზიურად შემოიტანონ სასურსათო პროდუქტები და ხელოვნურად დაუწესონ მაღალი ფასები.

ფასების რეგულირება საბოტაჟზე საუბრით, კომისიების შექმნით, ძალის გამოყენებით და ა.შ სრულიად მოკლებულია ეკონომიკურად რაციონალურ გადაწყვეტილებებს. ასეთმა უხეშმა ჩარევებმა, შესაძლოა, გამოიწვიოს „ზამბარის ეფექტი“ - ფასები დროებით შემცირება, მაგრამ შემდეგ კიდევ უფრო მკვეთრი გაზრდა, ინვესტიციების გადინება, სამუშაო ადგილების კიდევ უფრო შემცირება და ა.შ. ხსენებული პრობლემების მოგვარება მხოლოდ სამთავრობო და საპარლამენტო კომისიების შექმნით ერთ თვეში და ერთი ხელის მოსმით შეუძლებელია გადაწყდეს.

ჩვენ გთავაზობთ გეგმას, რომლის მიზანია, სწრაფი ეფექტის მიღებით, საზოგადოებისთვის სოციალური სიმძიმის და ინფლაციური წნეხის შემსუბუქება, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის დაცვა და მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესება.

  1. ქვეყანაში დაწესდეს მინიმალური სახელფასო ზღვარი 1000 ლ. ოდენობით. ამ ცვლილებით 350 ათასზე მეტ ადამიანს გაეზრდება შემოსავალი. რეალურად ეს არის გზა, მშრომელი ადამიანის მდგომარეობა მცირედით მაინც გავაუმჯობესოთ.
  2. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში მოსაპარი ფული სულ არის, პენსიების გასაზრდელი კი არა. სწორედ ამიტომ განხორციელდეს ყველა კატეგორიის პენსიონერთათვის საბაზისო პენსიის ზრდა 200 ლ.
  3. მოხდეს სოციალური შემწეობის ინდექსაცია ინფლაციის შესაბამისად, რათა დახმარება სრულად აღარ „შეჭამოს“ ფასების ზრდამ.
  4. სამართლიანი გადასახადების შემოღებით, მოხდეს საშუალო გადასახადის დიფერენცირება. სადაც დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის საშუალო გადასახადის განაკვეთი იქნება 12%, საშუალოშემოსავლიანი მოსახლეობისთვის 20% და მაღალშემოსავლიანისთვის 25%. ეს გახლავთ, სოციალური სამართლიანობის პრინციპი. დაბალშემოსავლიან მოსახლეობას უნდა დავუტოვოთ მეტი ფული ხოლო მაღალშემოსავლიანმა მოსახლეობამ, მათ შორის ხელისუფლების მილიონერმა ჩინოვნიკებმა, მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ქვეყნის სოციალურ უზრუნველყოფაზე.

და ბოლოს, ჩვენ მზად ვართ, ამ ცვლილებების დასაწყებად, ასევე მზად ვართ ჩავერთოთ კონკურენციის გაჯანსაღების რეალურ პროცესებში, როგორიცაა 1. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, 2. ადგილობრივ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა, 3. გამართული ანტიმონოპოლიური საქმიანობა, 4. ინფლაციის შემცირება, 5. ეროვნული ვალუტის გამყარება, 6. ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, 7. სწორი ფისკალური პოლიტიკის შემუშავება და ა.შ.

ოღონდ ეს უნდა იყოს რეალური ცვლილებები და არა მორიგი პიარ-კამპანია, რომელიც ჩვენ არაერთხელ გვინახავს“, - აღნიშნა კერესელიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის