საფუძველი, რაც „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს უდევს, ანტიკონსტიტუციურია, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებზე საუბრისას განაცხადა.
ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ საკანონმდებლო პაკეტი ანტიკონსტიტუციურია, რადგან სამართლებრივი სახელმწიფოსთვის აუცილებელ პრინციპებს არღვევს.
„წავიკითხე „გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. ეს არის საფუძველი და სხვა დანარჩენი არის მასთან დაკავშირებული. ნერვები ძლივს მეყო, რომ წამეკითხა ბოლომდე. საფუძველი, რაც ამ ცვლილებებს უდევს ანტიკონსტიტუციურია და ამ საფუძველზე აშენებული რამ უკვე არაკონსტიტუციურია. მაგალითად: ჩვენ გვიწერია კონსტიტუციაში, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. სამართლებრივი რომ იყოს, პირობათაგან ერთ-ერთი არის განჭვრეტადობის პრინციპი. თქვენ რომ აიღებთ კონკრეტულ კანონს და სხვა, რომ აიღებს, როცა წავიკითხავთ, ყველამ ერთნაირად უნდა გავიგოთ ეს კანონი. არ არის ეს კანონი განჭვრეტადი. თუკი მე ვერ ვიგებ, რა არის ის, რაც აკრძალულია, მე პოტენციურ დამნაშავედ მქმნის ხელისუფლება, რომელმაც ასეთი კანონი მიიღო“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიზეზი ძალაუფლების დაკარგვის შიშია.
„ამის მიზეზი, რაც ჩემთვის ზედაპირზე დევს, არის შიში. ჩვენთან უკვე ისეთი მდგომარეობაა, ყველა უბედურია, თავად დიქტატორიც კი იმიტომ, რომ დიქტატორს გაცილებით მეტად ეშინია, ვიდრე ეშინიათ მის მსხვერპლებს. პირველ რიგში ეშინიათ თავისი გარემოცვის, რომელსაც ყველაზე ადვილად შეუძლია გაყიდოს. თხასავით შეუძლიათ გაყიდონ. ყოველი დიქტატორის დამხობა ხდებოდა ხოლმე გარემოცვის ხელით, ამიტომ დიქტატურის დროს არავინაა ბედნიერი. რისი შიში აქვთ? ძალაუფლების დაკარგვის იმიტომ, რომ ძალაუფლების დაკარგვა მაღალი ალბათობით გამოიწვევს ნაპარავის ჩამორთმევას და შეიძლება გამოიწვიოს მეთაურების თავისუფლების აღკვეთაც, შიში იწვევს მათ ცხოველურ ჩაჭიდებას ძალაუფლებაზე“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
ინფორმაციისთვის, პარლამენტმა გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო.