ზვიად გაბისონია - თანდათან, ყოველწლიურად მოხდება სტუდენტთა მისაღები კვოტირების გადათვლა - ეკონომიკის სამინისტრო ყოველ წელს მოახდენს ამ რაოდენობის შრომის ბაზართან დადარებას

თანდათან, ყოველწლიურად მოხდება [სტუდენტთა მისაღები] კვოტირების გადათვლა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ყოველ წელს მოახდენს ამ რაოდენობის შრომის ბაზართან დადარებას, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ზოგადი განათლების კანონში“ შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

კვოტირებასთან დაკავშირებით, სხდომაზე კითხვა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა დასვა და აღნიშნა, რომ როცა სკოლას მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები ერთდროულად დაამთავრებენ, აბიტურიენტების რაოდენობა ორმაგი იქნება და ოჯახების მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგება.

„ლაპარაკია, რომ 2026 წელს გაიზრდება აბიტურიენტთა რაოდენობა. როცა უფრო ბევრი ადამიანი დაამთავრებს ერთდროულად და ორმაგი იქნება აბიტურიენტების რაოდენობა, ამ დროს მისაღები რაოდენობა იგივე რჩება. ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ უფასო განათლება ხდება, ეგ არის ამ რეფორმის მთავარი პრიორიტეტი და მეორე მხრივ, მიაწყდება ორჯერ მეტი აბიტურიენტი. ბევრი დარჩება გარეთ და მოუწევთ ფასიანზე გადასვლა, ფასის გადახდა. იმ ფასიანსაც, თუ აქამდე სახელმწიფო რაღაც დონეზე აფინანსებდა, 2250 ლარით, აღარ აფინანსებს. ამ შემთხვევაში, ოჯახების მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგება და ამის დარეგულირება როგორ ხდება?“ - განაცხადა სუბარმა.

პასუხად, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ „რეგისტრაციების მიხედვით, შეიძლება დამატებითი გადაწყვეტილება იქნას მიღებული“.

მისი თქმით, როცა სკოლას ორი კლასი დაამთავრებს, აბიტურიენტების ორმაგი ნაკადი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე იმ დროისთვის კვოტირების განსაზღვრა რთულია.

„ამ ეტაპისთვის მსგავსი ცვლილება არ განხორციელებულა. მოცემული მომენტისთვის, რეგისტრაციების მიხედვით, შეიძლება დამატებითი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. პრემიერ-მინისტრის ოფიციალური განცხადება იყო, რომ კვოტირების შემცირებას არ ვგეგმავთ. მოხდება მხოლოდ პროგრამების დადარება და რაოდენობა იგივე იქნება შენარჩუნებული, ხოლო თანდათან, შემდეგ, ყოველწლიურად მოხდება კვოტირების ნაწილის გადათვლა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ყოველ წელს მოახდენს ამ რაოდენობის შრომის ბაზართან დადარებას, ამიტომ ამ წუთას გაგვიჭირდება გითხრათ, იმ დროისთვის კვოტირების ნაწილი რა იქნება. თუ დამატებითი გადაწყვეტილებები იქნება საჭირო, იმ დროისათვის უფრო მზად ვიქნებით რომ კონკრეტული პასუხები გაგცეთ. ეს პრობლემა ჩვენთვის ცნობილია. საუბარია იმ წელზე, როცა მე-11 კლასის გადასვლასთან დაკავშირებით, ორი კლასი დაამთავრებს ერთდროულად, ანუ ორმაგი ნაკადი იქნება. ჩვენც საქმის კურსში ვართ ამასთან დაკავშირებით, უბრალოდ, ახლა ამ ტიპის გადაწყვეტილება არარელევანტური იქნება, იმიტომ რომ 2 წლის შემდეგ კვოტირების ნაწილი რა იქნება ცოტა რთულია განვსაზღვროთ.

ყოველწლიურად მოხდება დაზუსტება შესაბამისი კვოტირების, წლევანდელი კვოტირება შეიძლება განსხვავდებოდეს მომავალი წლის კვოტირებისგან, ორი წლის შემდეგ კვოტირებისგან... ხუთი წლის შემდეგ კვოტირებისგან და ა.შ.,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება