შალვა პაპუაშვილი - კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ მეორე მოსმენისთვის კონკრეტული ფორმულირება იქნება, რა არის დასჯადი - საუბარია არა კონკრეტულ ადამიანზე, არამედ საქართველოზე, ჩვენი ქვეყნის აღიარება ზოგიერთ უცხოელს ხაჭაპურის აღიარება ჰგონია

პირველი მოსმენით ეს დებულება უკვე მიღებულია, რაც შეეხება კონსტიტუციური წესრიგის, ორგანოების არაღიარებას, მეორე მოსმენისთვის კონკრეტული ფორმულირება იქნება, თუ რა კონკრეტული ქმედება არის დასჯადი და რა სანქციები იქნება - საუბარი არ არის მიხეილ ყაველაშვილზე ან კონკრეტულ ადამიანზე, აქ საუბარია საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე, მის აღიარებასა და მისი კონსტიტუციური ორგანოების აღიარებაზე - ჩვენი ქვეყნის აღიარება ზოგიერთ უცხოელს ხაჭაპურის აღიარება ჰგონია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას თემაზე: განიხილავს თუ არა „ქართული ოცნება“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას საჯაროდ არ აღიარებენ.

მისი თქმით, იმ ჯგუფებს, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს პატივს არ სცემენ და თავს აყენებენ დემოკრატიის მიღმა, არ აქვს უფლება დემოკრატიული პროცესებით სარგებლობის პრეტენზია ჰქონდეთ.

„ჩვენი გეგმა ის გეგმაა, რომელსაც ნებისმიერი დამოუკიდებელი სახელმწიფო მიჰყვება, რომელიც პატივს სცემს საკუთარ სახელმწიფოებრიობას. კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემა ნებისმიერი სახელმწიფო საფუძველთა საფუძველია. იმ ჯგუფებს, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს პატივს არ სცემენ, თავს აყენებენ დემოკრატიის მიღმა, არ აქვს უფლება დემოკრატიული პროცესებით სარგებლობის პრეტენზია ჰქონდეთ. სწორედ ამას ეხება ეს ყველაფერი.

ეს არ ეხება ცალკეულ ჯგუფებს და ადამიანებს, ეს სინამდვილეში უცხოურ ჩარევას ეხება, რადგან ესეც გარე ჩარევის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, როდესაც საქართველოს კონსტიტუციური წესრიგს ძირი საქართველოს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციაზე თავდასხმით გამოუთხარონ და ამის სახელმწიფო გაგვიუქმონ.

სინამდვილეში ეს რაიმე ქართული მოვლენა კი არა, გარე დაკვეთაა, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა გააუქმონ და მოლდოვის გზაზე დაგვაყენონ რომ რაღაც მომენტში ვთქვათ, პატარა ვართ, უსუსურები, იქნებ ვინმემ მიგვიერთოს და ამით გადავარჩინოთ ჩვენი ტერიტორია. კონსტიტუციური წესრიგის არაღიარება, კონსტიტუციური ორგანოების არცნობა, იმის თქმა, რომ მათთვის კანონი არ არის, სასამართლო მათთვის სასამართლო არ არის. ამ ყველაფერს რომ არ აღიარებენ, ანუ არ აღიარებენ სახელმწიფოს, ეს არის გარედან წამოსული დაკვეთა და ამისთვის არის მნიშვნელოვანი ეს მოწესრიგება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ეს კანონები ეხება უცხოურ ჩარევას და არა იმ ჯგუფს, რომელიც მხოლოდ იარაღია“.

„ჩვენ ვხედავთ, რა არის მცდელობა. რომ ვერ გაგვაქრობენ რუკიდან გასაგებია. ქალბატონმა კოსმა თავზე გადაგვიფრინა, ჩავიდა აზერბაიჯანში და სომხეთში და საუბრობდა შავ ზღვაზე და შუა დერეფანზე ისე, რომ აზრი არ გვკითხა. ეს არის ზუსტად იგივე სტილი, რაც იყო ადამიანების გაუქმება, ლიბერალური მიდგომა, როდესაც აუქმებენ ადამიანს, იგივე გადმოიტანეს სახელმწიფოების მიმართ. თითქოს საქართველო არ ვარსებობთ და ის რამდენიმე „ენჯეო“, რომელსაც ფულს უხდიან და დაქირავებული ჰყავთ, ის არის საქართველო. მათ ჭკუაზე რომ იყოს მოწყობილი, ალბათ გაგვყრიან სუყველას რომელიმე კუნძულზე ვინც „ქართულ ოცნებას“ და ქვეყნის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს, აქ იქნება მათი ენჯეოების მიერ აშენებული ენჯეო სამოთხე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ აქ მეფისნაცვლები, მეორე მდივნები უნდა ჩამოვიდნენ და ქვეყანა მათ მართონ. ეს კანონები, გამჭვირვალობის კანონიც, ეხება უცხოურ ჩარევას და არა იმ ჯგუფს, რომელიც მხოლოდ იარაღია. “, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამავე კონტექსტში შალვა პაპუაშვილს ჰკითხეს, არის თუ არა მათი მიზანი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დაკავება, რაზეც პაპუაშვილმა უპასუხა, რომ „არა, უბრალოდ ეს არის კარგი ვიზუალიზაცია იმისთვის, რომ ადამიანებმა თანამედროვე გამოწვევებიდან გაიაზრონ, რასთან გვაქვს საქმე“.

„ჩვენი საზრუნავი და პრობლემა ის უცხოური ჯგუფები არიან, რომლებიც ამ ყველაფერს უკვეთავენ საქართველოში. სტიპენდიებს უნიშნავენ და აფინანსებენ იმისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობას ძირი გამოუთხარონ. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა სისხლით იმისთვის არ მოგვიპოვებია, რომ ბერლინში თუ თბილისში ჯდომით და სტიპენდიის აღებით, გახარიას და ზურაბიშვილს ვგულისხმობ, აქ სახელმწიფოებრიობას ძირი უთხაროს. სამიზნე უცხოური ჩარევის აღკვეთაა, რომელიც ადგილზე ადამიანების გამოყენებით ხდება - ბევრის გამოყენებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილის თქმით, ზოგიერთი უცხოელი როცა ჩამოდის ამბობს, რომ „ხაჭაპური, ღვინო და ცეკვა კარგი გაქვთ, რაც შეეხება სახელმწიფოს - რასაც გეტყვით ის უნდა აკეთოთო“.

„პირველი მოსმენით ეს დებულება უკვე მიღებულია, რაც შეეხება კონსტიტუციური წესრიგის, ორგანოების არაღიარებას, მეორე მოსმენისთვის კონკრეტული ფორმულირება იქნება, თუ რა კონკრეტული ქმედება არის დასჯადი და რა სანქციები იქნება - სისხლისსამართლებრივია. ეს პირველი მოსმენით სისხლის სამართლის კოდექსშია. აქ საუბარი არ არის მიხეილ ყაველაშვილზე ან კონკრეტულ ადამიანზე, აქ საუბარია საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე, მის აღიარებასა და მისი კონსტიტუციური ორგანოების აღიარებაზე. ჩვენი ქვეყნის აღიარება ზოგიერთ უცხოელს ხაჭაპურის აღიარება ჰგონია. რომ ჩამოვა და იტყვის, რომ ხაჭაპური, სიმღერა და ცეკვა გაქვთ კარგიო, როგორც საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა და სახელმწიფოს არ გვიღიარებდნენ. ასეა ზოგიერთი უცხოელი: ხაჭაპური, ღვინო ცეკვა კარგი გაქვთ, რაც შეეხება სახელმწიფოს - რასაც გეტყვით ის უნდა აკეთოთო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, შესაძლოა, კანონით განისაზღვროს და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც საჯარო მოწოდებას გააკეთებს კონსტიტუციური ორგანოების არცნობის შესახებ. გორდულაძემ აღნიშნული განცხადებით, პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე, დეპუტატ ლევან მაჭავარიანს უპასუხა, რომელმაც სესიაზე დასვა კითხვა, ხომ არ უნდა იფიქროს პარლამენტმა რაიმე ტიპის სანქციებზე იმ პოლიტიკური ჯგუფების თუ აქტივისტების მიმართ, რომლებიც არ აღიარებენ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს, ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში, ამტკიცებენ, რომ ქვეყანა ოკუპანტი ძალის მიერ იმართება და სხვებსაც მოუწოდებენ ანალოგიური ქმედებებისკენ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა