ირაკლი კობახიძე პრემიერობის ორი წლის თავზე იმსახურებს IQ-ს ბრილიანტის ვარსკვლავს, თანაც ბაფთიანს, როგორც ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი. მან გაართვა თავი რთულ ამოცანას, ეფექტურად ჩაანაცვლა შედარებით უნიათო ღარიბაშვილი და მისი გუნდი - მოიპოვა „დამსახურებულად“ უპირატესი ვეზირის ადგილი ივანიშვილის კარზე, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა ირაკლი კობახიძის 2-წლიანი მუშაობა პრემიერ-მინისტრის რანგში.
როგორც ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, კობახიძემ ზუსტად იცის, რა შეცდომები არ უნდა დაუშვას, შეისწავლა რა ბიძინა ივანიშვილის ბუნება და ახლა ცდილობს კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს ივანიშვილს, რომ სწორედ ის არის მისი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი.
„კობახიძემ დაუმტკიცა ივანიშვილს, რომ ის არის ყველაზე ეფექტური მენეჯერი. მას შეუძლია ანგარიში არ გაუწიოს საზოგადოებრივ პროტესტს, შეუძლია გაათრიოს ნებისმიერი კანონი საზოგადოების წინააღმდეგ, კონსტიტუციის წინააღმდეგ, გაამართლოს ეს როგორც კონსტიტუციონალისტმა და მოიპოვა „დამსახურებულად“ უპირატესი ვეზირის ადგილი ივანიშვილის კარზე. რიჩარდ მესამის კლასიკური ვარიანტია - რა დროს რომანების კითხვაა, აგერ, ჩვენს თვალწინ ხდება ყველაფერი, ადამიანის საშინელი ბუნება როგორ ახდენს რეალიზაციას სახელმწიფოს, საზოგადოების, ადამიანის თავისუფლებისა და ჯანმრთელობის ხარჯზე (პატიმრებს ვგულისხმობ.). ამ ფონზე, კობახიძემ ნამდვილად დიდი შრომა გაწია. მინიმუმამდე დაიყვანა მისი კორუმპირებულობა, საზოგადოებაში არ არის აღქმა მის კორუმპირებულობაზე, არის უფრო კალაძეზე, ღარიბაშვილზე და ა.შ. მთლიანად ჩაიგდო ხელში ადგილობრივი ძალაუფლება, გარდა თბილისისა, მთლიანად აიღო უსაფრთხოების საკითხები, ძალოვანი სტრუქტურები და ახლა ასუფთავებს მინდორს, რათა კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს ივანიშვილს, რომ ის არის ერთადერთი გარანტორი მისი უსაფრთხოებისა. კობახიძეს კარგად ესმის, რა შეცდომები არ უნდა დაუშვას. მან კარგად შეისწავლა ივანიშვილის ბუნება, რათა ძალაუფლების ტკბობაში ხელი არ შეუშალოს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
გარდა აღნიშნული საკითხისა, ის ირაკლი რუხაძის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ბიზნესმენმა ამ შემთხვევაში პრაგმატული და საკუთარ თავზე ორიენტირებული გადაწყვეტილება მიიღო, „იმედის“ მართვას კი, ზაქარეიშვილის მოსაზრებით, ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტის დახმარებით გააგრძელებს.
„იმედი“ ტელევიზია არ არის, პროპაგანდისტული არხია, რომელსაც ძალიან დიდი ვალები აქვს. რუხაძე ბიზნესმენია, როგორც მისი ხელმძღვანელი, ვალდებული იყო, ანგარიში გაეწია „იმედის“ ფინანსური სიტუაციისთვის. არც ისეთი მსხვილი ბიზნესმენია, რომ ამდენი ადამიანი დაასაქმოს, თანაც აშკარად უფრო და უფრო ხვდება სანქციების შესაძლო დარტყმის ქვეშ. ამიტომ, მან მიიღო პრაგმატული, პერსონალური, თავის თავზე, ორიენტირებული გადაწყვეტილება და დააჯერა ივანიშვილი, რომ ვეღარ იქნება „იმედის“ მმართველი. ეტყობა, ეძებეს გამოსავალი, მაგრამ ვერ იპოვეს - როგორ უნდა იყოს მმართველი, დირექტორი და მისი მოადგილეები? „იმედი“ უნდა გადარჩეს, როგორც პროპაგანდისტული არხი. ამიტომ „იმედს“, რა თქმა უნდა, მიუერთებენ ისევ ბიუჯეტს, ისევ მოხდება ბიუჯეტიდან მათი ვალების გასტუმრება, უბრალოდ, ეს ადამიანები, არ არიან იმდენად მოწყვლადები, როგორც რუხაძე იყო, შესაბამისად, მათ დასაკარგი ნაკლები აქვთ, რუხაძეს უფრო მეტი ჰქონდა დასაკარგი, თუ ის სანქციების ქვეშ მოექცეოდა, „იმედის“ გამო მთელი ბიზნესი შეიძლება ჩამონგრეოდა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო აიღებს დონორის ფუნქციას, სახელმწიფო მართავს „იმედს“ და იქნება „პირველი არხის“ ვარიანტი. უბრალოდ, არ მესმის, რას უშვრებიან „რუსთავი-2“-ს, და ამ ტიპის სხვა კომპანიებს, რომლებიც ერთსა და იმავე საქმეს აკეთებენ. რომელიღაც უნდა დაიხუროს, ასე მგონია. ამ ფონზე, ალბათ, რომელიმე არხს გააუქმებენ, გაამსხვილებენ, მე მგონია, ეს არის დასაწყისი სერიოზული რეორგანიზაციისა იმ ტელევიზიებისა, რომლებიც მუშაობენ ხელისუფლებაზე“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება საქართველოს კურსს აშშ-ისთან ურთიერთობის კონტექსტში, ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკა - საქართველოს ურთიერთობების დათბობა მოხდება, თუმცა ამ შემთხვევაში ვაშინგტონი პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს გაზისა და ნავთობის გამტარის ფუნქციის შემსრულებლად გამოიყენებს, თუმცა, პოლიტოლოგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დათბობის პროცესი არანაირად არ უკავშირდება მიხეილ ყაველაშვილის გასაუბრებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან და ვიცე-პრეზიდენტთან.
„მოსალოდნელი არის თუ არა დათბობა ურთიერთობებში? მე მგონია, რომ ამერიკას დასაკარგი საქართველო არ ჰყავს, უხეშად რომ ვთქვათ. საქართველო მათ სჭირდებათ არა როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც არ არის და პულსი არ ესინჯება დემოკრატიაში, არამედ სჭირდება როგორც ავტორიტარული სახელმწიფო, რომელიც გაატარებს გაზს, ნავთობს, შუა დერეფანს, ამოქმედდება რაღაც გარკვეული ურთიერთობები, თუნდაც „ტრამპის გზის“ კონტექსტში. აქ ცალსახაა, რომ ამერიკელები უყურებენ ამ ყველაფერს პრაგმატულად.
რაც შეეხება ყაველაშვილის კომუნიკაციას მარკო რუბიოსთან და ჯეი დი ვენსთან, მთავარი მომენტი არის, რომ ჩვენ მარკო რუბიოს სიტყვები გვესმის ყაველაშვილისგან, მარკო რუბიოს არაფერი დაუწერია. მეტიც, ყაველაშვილმა ასევე გაავრცელა ჯი დეი ვენსთან შეხვედრაც, ორივე შემთხვევაში, რუბიოც და ჯი დეი ვენსიც ლაპარაკობენ ყაველაშვილის პირით. მათ კარგად იციან, რომ მათთან სურათის გადაღება მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრი ლიდერისთვის, არა მარტო პრეზიდენტებს ხვდებიან ასე, შეიძლება ბავშვებსაც ჩაეხუტონ და ა.შ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. პირდაპირ არ მიეჭრებოდა ყაველაშვილი, დარწმუნებული ვარ, რაღაც პროტოკოლის მომენტი იქნებოდა, ფეხზე დგანან, ხომ, არც კი სხედან, ეს ყველაზე უფრო არაფორმალური და ზედაპირული ურთიერთობაა, ჩამომჯდარი ლაპარაკი უფრო სერიოზულობას ქმნის, თუმცა ესეც უფრო ფორმალურია და მეტი არაფერი. ძალიან ფორმალური და ზერელეა, დაახლოებით, ისე როგორც ინაუგურაციაზე, ყაველაშვილი უყურებდა ტრამპს და ტრამპი უყურებდა სხვას და გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ტრამპი უყურებდა თურმე ყაველაშვილს და შეჰპირდა დარეკვას და დღემდე ელოდებიან ტრამპისგან ზარს. ეს არის აბსოლუტურად ბანალური, ტიპური, პროტოკოლური ფორმა. ჯი დეი ვენსმა, რადგან ახლა უკვე ერევანშია, შეიძლება უკვე იცის საქართველო სად არის, ვენსი იმავე კატეგორიის პოლიტიკოსია, როგორც ტრამპი, ანუ ის პოლიტიკოსი არ ყოფილა, არ მოდის სიღრმეებიდან და მან არ იცის რეალური პოლიტიკა, განსხვავებით რუბიოსგან. ის რომ მან მითხრა, რომ თითქოს ჩვენი ურთიერთობები ამერიკასთან იყო დაძაბული, ეს ყველაფერი ჩემი აზრით, ზღაპარია, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი არ გაავრცელებს ინფორმაციას. ყაველაშვილი გაყიდა სიტყვა „სუფთა ფურცელმა“, ეს არის ქართული ტერმინი და მას რუბიო არ გამოიყენებდა. ეს არის კობახიძის ტერმინი, რომელსაც მუდმივად იყენებს კობახიძე, „გადატვირთვა“, შეიძლება გამოეყენებინა რუბიოს, იმიტომ, რომ ამერიკელების მოგონილია ჯერ კიდევ ობამას დროს. ანუ ეს არის აშკარად ყაველაშვილის ინტერპრეტაცია“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.