თამბაქოს კონტროლის ალიანსი პრემიერ-მინისტრს სამთავრობო კომისიის სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს

თამბაქოს კონტროლის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების ალიანსი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამთავრობო კომისიის მოწვევის თხოვნით მიმართავს.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციით, მიმართვის საფუძველი გახდა 4 თებერვალს მთავრობის მეთაურის და „ფილიპ მორის ინტერნაციონალის“ აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონის პრეზიდენტ მარკო მარიოტისთან შეხვედრა, სადაც პრემიერმა შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და ინვესტიციების და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის კუთხით არსებულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ალიანსი მოითხოვს საზოგადოებას მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია Philip Morris-თან გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შესახებ, ამასთან, დაუყოვნებლივ შეიკრიბოს თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისია ახალი ეროვნული სტრატეგიისა და საკანონმდებლო ინიციატივების განსახილველად.

„სამოქალაქო სექტორი პრემიერ-მინისტრს, როგორც თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარეს (აღნიშნული კომისია 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა შექმნა და თვითონვე ხელმძღვანელობდა) მოუწოდებს, უახლოეს პერიოდში მოიწვიოს კომისიის სხდომა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

2017 წლის 17 მაისს მიღებული თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების დაწყებიდან გვაქვს პროგრესიც და უკუსვლაც. კერძოდ, 2017 წლის რეფორმის შედეგად, ზრდასრულ მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარება 33%-დან (2016 წ.) 24%-მდე (2025 წ.) იკლო. თუმცა ბოლო 5 წელში მოზარდებში (15-16 წ.) ელექტრონული სიგარეტის მოხმარება 14%-მდე გაიზარდა.

გაჩნდა ახალი საფრთხეები: ინდუსტრია აქტიურად ეწევა ახალი ლეტალური პროდუქტების (ვეიპები, გასახურებელი თამბაქო - ე.წ. აიქოსი) უკანონო მარკეტინგს. ალიანსი განსაკუთრებულად აღნიშნავს, რომ აღნიშნული პროდუქტები მავნებლობით ჩვეულებრივ სიგარეტს არ ჩამოუვარდება.

გაიზარდა თამბაქოს ინდუსტრიის გავლენები მთავრობაზე. „თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის საერთაშორისო ინდექსით“, საქართველო 2020 წლიდან ლიდერ პოზიციებზეა. კვლავაც დასამტკიცებელია ნორმატიული აქტი, რომელიც ინდუსტრიასა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ურთიერთობის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

იმ დროს, როდესაც თამბაქოს ინდუსტრია მილიონობით ლარს ხარჯავს უკანონო რეკლამაში და ახალი პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით სამედიცინო პერსონალის მოსყიდვასაც არ ერიდება, გასულ წელს საერთოდ არ ჩატარებულა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანია. მეტიც, თამბაქოს კონტროლის კუთხით გათვალისწინებული ისედაც მწირი დაფინანსება, წელს 33%-ით შემცირდა.

ამიტომაც ვითხოვთ:

  1. საზოგადოებას მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია Philip Morris-თან გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შესახებ. ის, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გახმაურდა, ვერ უზრუნველყოფს საერთაშორისო ვალდებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებულ გამჭვირვალობას.
  2. დაუყოვნებლივ შეიკრიბოს თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისია ახალი ეროვნული სტრატეგიისა და საკანონმდებლო ინიციატივების განსახილველად.
  3. 35-ზე მეტი ქვეყნის (მათ შორის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის) მსგავსად დაწესდეს შეზღუდვები თამბაქოს ახალი ტიპის პროდუქტების იმპორტსა და რეალიზაციაზე.
  4. ამოქმედდეს მექანიზმები, რითაც 2040 წლისთვის საქართველო გახდება თამბაქოსგან თავისუფალი ქვეყანა (მოხმარება 5%-ზე ნაკლები).

მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ მოსახლეობის ჯანმრთელობა თამბაქოს ინდუსტრიის ფინანსურ ინტერესებზე მაღლა დააყენოს, როგორც 2017 წელს მოხდა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმრავლესობასთან ერთად მხარი დაუჭირა თამბაქოს კონტროლის რეფორმებს და დაიცვა საზოგადოების ჯანმრთელობისა და სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესები, - თამბაქოს ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკისთვის ათმაგად დამაზარალებელია, რის გამოც 50-მა ქვეყანამ ინდუსტრიას უკვე დააკისრა მოსახლეობის სამკურნალოდ კომპენსაციების გადახდა.

ალიანსი მზად არის პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგინოს უკვე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელსაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს“, - აღნიშნულია „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს