არ მაქვს განცდა, რომ [მამუკა მდინარაძე აშშ-ში] დიდი მისიით იყო - რა მიზნით იყო არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ამ მიზნით ვიზიტის გამჟღავნება „ქართულ ოცნებას“ არ აწყობდა და ყველანაირად შეეცადა, დაეფარა, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის ვიზიტს გამოეხმაურა.
დათუნაშვილი ფიქრობს, რომ ვიზიტი „პირდაპირ ეხება ჩვენი დასავლელი პარტნიორების ივანიშვილის რეჟიმთან რაღაც ფორმით ურთიერთობის ნორმალიზებას“.
„არ მინდა სპეკულაციაში შევიდე, ვერ გეტყვით [მამუკა მდინარაძე] ივანიშვილის მსტოვარია თუ ლილუაშვილის, არ მაინტერესებს ეგ ნაწილი. მნიშვნელოვანია, მთელ ამ ამბავში ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ამ ხალხს არ უნდოდა ამ ინფორმაციის გავრცელება. ამ ამბის ფაბულა არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობდა, დაემალა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვიზიტი შეერთებულ შტატებში. გაუსკდათ ეს ამბავი, გაუვრცელდათ და ახლა იძულებული იყვნენ, რომ გამოექვეყნებინათ. რა მიზნით იყო არ ვიცი, მაგრამ ამ მიზნით ვიზიტის გამჟღავნება რომ „ქართულ ოცნებას“ არ აწყობდა, არ სჭირდებოდა და ყველანაირად შეეცადა, რომ ეს დაეფარა, ვიცი. არ მაქვს განცდა, რომ დიდი მისიით იყო. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს პირდაპირ ეხება ჩვენი დასავლელი პარტნიორების ივანიშვილის რეჟიმთან რაღაც ფორმით [ურთიერთობის] ნორმალიზებას. არის თუ არა ეს საფრთხე რეალურად?! რა თქმა უნდა, ეს საფრთხე რეალურია. ეს საფრთხე რეალურია მაშინ, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაინახავენ, რომ ჩვენ აღარ ვიბრძვით. ამიტომ არის ეს ბრძოლა მნიშვნელოვანი, ამიტომ არ უნდა ივანიშვილს, რომ რუსთაველზე აქცია იყოს. ივანიშვილი იქ იმის სათქმელად კი არ მიდის, რომ საქართველო მაგარი ქვეყანაა. არა! „საქართველო არის ახლა „ბანძი“ ქვეყანა, რომელსაც ვმართავ მე, ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ ახლა ან დაგველაპარაკებით ან არა, მეტი შანსი არაა, რომ სხვა ვინმე მართავდეს“. რა თქმა უნდა, საერთაშორისო პოლიტიკა ძალიან პრაგმატული პროცესია და მერე დაელაპარაკებიან. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ბრძოლა არ შეწყდეს,“ - განაცხადა დათუნაშვილმა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ასევე, აზერბაიჯანსა და სომხეთში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ჩვენი რეგიონის, ამიერკავკასიის ისტორია საქართველოს გარეშე იწერება“.
მისი თქმით, „ახლა საქართველო რუსეთის ვასალი სახელმწიფოა“.
„ჩვენი რეგიონის ისტორია საქართველოს გარეშე, მრავალათასწლოვანი ისტორიის მანძილზე, არ დაწერილა. ახლა იწერება. ახლა საქართველო არის რუსეთის ჩეჩმა, ვასალი სახელმწიფო, ვასალური დიქტატურა, ისეთი ტიპის დიქტატურა, რომელიც ამას აყალიბებს. აქედან რაც გამოვა, არის ჩეჩნეთი - იაფფასიანი, ვასალური, ვითომ, სუვერენიტეტის მქონე უცნაური, კავი სახელმწიფო,“ - აღნიშნა დათუნაშვილმა.
რაც შეეხება ხორვატიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ლობისტები თვეების განმავლობაში ცდილობდნენ, ქვეყანაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი განხორციელებულიყო, თუმცა მაქსიმუმი, რაც მათ შეძლეს, ხორვატიის პრეზიდენტის ვიზიტია.
„ხორვატიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ნიშნავს მაქსიმალურ შესაძლებლობას. „ქართულ ოცნების“ ლობისტები რამდენიმე თვეა, ფაქტობრივად, ერთი წელია, ისტერიულად, კოლოსალური თანხების დახარჯვის საფუძველზე ცდილობენ, ხორვატიის პრეზიდენტის ვიზიტი კი არ იყოს აქ, არამედ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის. ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეუძლია ამ ლობიზმს - ხორვატიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი,“ - განაცხადა დათუნაშვილმა.
გარდა ამისა, მან გადაცემაში „საბოტაჟის საქმეზე“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გუშინ გამართული პროცესი შეაფასა და განაცხადა, რომ „ეს არის იაფფასიანი მასკარადი, ორღობის დიქტატურა“.
„საქართველოს აზიანებს, აღარიბებს, აპარტახებს და მომავალს აკარგვინებს ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი არის ხორცმეტი, წარმონაქმნი, ამ საზოგადოებაზე მიტმასნილი, რომელიც ანგრევს ქართულ სახელმწიფოებრიობას. სწორედ, რამეთუ ძირს უთხრის საფუძვლიანად და საშინელი ტემპით ამ ქვეყანას, სწორედ ისეთი პროცესებია, რომლის შემსწრეც გუშინ ჩვენ ვიყავით. ყველა, ვისაც შესწევს ძალა და უნარი და აქვს ელექტორალური მხარდაჭერა, რომ ჩაანაცვლოს ივანიშვილი, ეს პოლიტიკური ხორცმეტი, ყველა ერთ სკამზე დასვა. რა ვიცი, სტალინი ზინოვიევს, ტროცკის და სხვებს რომ სამშობლოს ღალატს აბრალებდა, ასეთი ტიპის აბსურდული, იაფფასიანი, ძალიან დაბალი დონის [პროცესს ვხედავთ]. ხომ შეიძლება რაღაცა კონსისტენცია ჰქონდეს ამ ყველაფერს, არავითარი კონსისტენცია არ აქვს. გუშინ მთელი დღე მიდიოდა ლაპარაკი, „ხალხო გაგვაგებინეთ, რა კავშირშია ის, რაც იქ გიწერიათ, დანაშაულთან“.
10-ტომიანი მასალაა, სადაც ვიღაც იდიოტი პოლიციელი იძახის, ბადრი ჯაფარიძის სახეზე უყურებდა, თვალებს როგორ აცეცებდა აქეთ-იქით და ეს მიიღო დავალებების მიცემად. მაგიტომ ვამბობ, რომ ეს არის იაფფასიანი მასკარადი. არავითარი ინტელექტუალური რესურსი, არავითარი მართლა ტოტალიტარული რეჟიმის რესურსი არ აქვთ, ეს არის ორღობის დიქტატურა. ეს არის ჩვეულებრივი დიქტატურის დამყარების ყველაზე უხეში, იაფფასიანი ფორმა,“ - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
ამასთან, დათუნაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტიის წევრები ბრძოლას გააგრძელებენ.
„არც მე და არც ერთ ჩემს თანამებრძოლს, პარტიის ხელმძღვანელს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, არავის გვაქვს უკან დასახევი გზა. ეს დამთავრებული ამბავია. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას მანამდე, სანამ ამის შესაძლებლობა გვექნება, სანამ ჯანი გვექნება, რომ ვიბრძოლოთ. ეს ჩვენ არ გაგვაჩერებს. ვიღაც შეიძლება გაჩერდეს, მაგრამ არ მგონია, რომ ეს მეთოდი გაჭრის,“ - განაცხადა დათუნაშვილმა.